საქართველოს 17-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გასამართ ოთხთა ტურნირში ხვალ, თბილისის დროით 14 საათიდან ჩაებმება.
ესაა გაისად, 22-იდან 30 მარტამდე საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გასამართი 18-წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. პორტუგალიაში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები, მომავალ წელს ექვსი ერის წარმომადგენელი ქვეყნების თანატოლ ნაკრებებს - ინგლისს, ირლანდიას, საფრანგეთს, უელსს, შოტლანდიასა და იტალიას, ევროპის ჩემპიონობას შეეცილებიან.
მსგავსი სისტემა ევროპული რაგბის მმართველებმა შარშან დანერგეს (ერთი წლით ადრე ექვსი ერის ორი უარესი გუნდი - შოტლანდია და იტალია დააქვეითეს და მეორე დონის ექვს გუნდთან ათამაშეს) და შედეგმაც არ დააყოვნა. მეოთხედფინალში ინგლისთან განცდილი მარცხის შემდეგ, გარკვეული ხნით 12 და 13 კაცით მობურთალმა უმცროსმა “ბორჯღალოსნებმა” მეტოქის იერიშების მოგერიების გარდა ლელოები იქით გაიტანა და 20:18 გაიმარჯვეს! დასკვნით დღეს “უმცროსი ქართველები” შოტლანდიასაც მედგრად ებრძოდნენ, მაგრამ გამოცდილება არ ეყოთ და 10:29 დამარცხდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მაშინ საქართველოს ნაკრებმა 8 გუნდში მე-6 ადგილი დაიკავა და უკან მოიტოვა იტალია, ტურნირის ორგანიზატორებმა ფორმატის შეცვლა არ ისურვეს და “ბორჯღალოსნები” იმავე ტურნირზე მოსახვედრად კვლავ შესარჩევ ეტაპზე იბრძოლებენ. პორტუგალიაში ქართველთა მეტოქეები გერმანია, ბელგია და პორტუგალია იქნებიან, ევროპის ჩემპიონატზე კი, ორი საუკეთესო ნაკრები გავა.
27 ოქტომბერს, თბილისის დროით 14 საათზე ქართველთა მეტოქე გერმანია იქნება, 30 ოქტომბერს, 21 საათზე საქართველოს ნაკრები ბელგიას ეთამაშება, ხოლო 2 ნოემბერს, თბილისის დროით 23 საათზე მასპინძელ პორტუგალიას დაუპირისპირდება. გამარჯვებული გუნდი 4 ქულას იღებს, ფრე 2-ად ფასობს, ხოლო 4 და მეტი ლელოს გატანა, ან 7 და ნაკლები ქულით მარცხი ერთი პრემიალური ქულაა, ასე, რომ ყველა შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლა იქნება.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები მზადებას აგვისტოდან შეუდგა. საქართველოს 19-წლამდელთა გუნდთან რამდენიმე მატჩის გარდა, მათ სამი ამხანაგური მატჩი სამხრეთ აფრიკული სასკოლო გუნდ “პიონერების“ წინააღმდეგაც გამართეს და და მიზნად ლისაბონის ტურნირის მოგება დაისახეს. დავით ჩავლეიშვილმა და მამუკა ტყეშელაშვილმა ლისაბონში 26 მორაგბე იახლეს, რომელთაგან ხუთმა შარშან ბობოლების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება მიიღო.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: ზაზა ხარებავა (კოლხი რაინდები), ბადრი ალხაზაშვილი (აკადემია), გუგა ხანთაძე (აია), გიორგი როყვაძე (ყოჩები), როლანდ კვაჭაძე (ლელო), თორნიკე ბუბუტეიშვილი (ლელო), დავით პაპავა (ჯიქები), გიორგი მღებრიშვილი (ხარები), თემურ თუთბერიძე (აია), რევაზ ჯინჭველაშვილი (აია), იოსებ კიკვაძე (აია), თემურ ირემაძე (აია), სანდრო ილურიძე (აკადემია), დევი დევსურაშვილი (ხულიგანა), ირაკლი სვანიძე (ხულიგანა), გიორგი თორაძე (აია), ბექა კაკაბაძე (ლოკომოტივი), დავით ფხაკაძე (ივერია), ბექა გიორგაძე (ხარები), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი), სოსო ტუკვაძე (ყოჩები), ბადრი ლიპარტელიანი (ივერია), დავით გულიტაშვილი (ხარები), დავით ლობჟანიძე (არმაზი), ბადრი დანგაძე (აია), გიორგი ხვისტანი (ყოჩები).
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია
მენეჯერი: ზურაბ ამონაშვილი
ექიმი: სერგო ბერიაშვილი, გიორგი მაისურაძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია