საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასკვნითი ტურის პირველ მატჩში, ქუთაისის “აიამ” თბილისის “ყოჩები” ავჭალის სტადიონზე 23:6 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და მესამე პოზიციაზე გამაგრდა.
ქუთაისელებმა მეტოქეს პრაქტიკულად ყველაფერში აჯობეს. “აია” უფრო კომბინირებულ რაგბს თამაშობდა და სწრაფი გადაცემების შედეგად თბილისელთა დაცვის ხაზი გადაწყობას ვერ ახერხებდა. სტუმრებს უფრო ადრეც შეეძლოთ მატჩის ბედის გადაწყვეტა და უფრო დიდი ანგარიშით მოგებაც ხელეწიფებოდათ, მაგრამ დასკვნით ფაზებში ცოდავდნენ და თითქმის მთელი საათი ნერვიულობა მოუწიათ.
“ყოჩები” პერიოდულად შერკინებაში მძლავრობდა, მაგრამ ბოლოსკენ გუნდს დაღლა დაეტყო, თავი იჩინა სათადარიგოთა სკამის ფაქტორმა და ბოლო გაბრძოლების ნაცვლად დასკვნით 20 წუთში ფარხმალი დაყარა. აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდი ლელოს გატანას ცდილობდა და რამდენჯერმე დასარტყმელი ჯარიმა აუტში გააგზავნა, მაგრამ ალბათ ეს უფრო კარგი დამრტყმელის არარსებობით იყო გამოწვეული. ისე “აია” ხშირად იყენებდა ფეხით ხაზის გაჭრის მცდელობას და ოდნავ რომ გამართლებოდა და სიზუსტეც მეტი რომ ყოფილიყო, ეს ერთხელ მაინც შედეგს მოიტანდა.
მატჩის გმირად უნდავოდ უნდა ვაღიაროთ ბექა ყურაშვილი, რომელმაც თავისი გუნდის სამივე ლელო გაიტანა და ჰეთ-თრიკი შეასრულა. კარგი იყო ქუთაისელი ლევან თხელიძეც, რომელმაც ორჯერ დიდებულად გაჭრა ხაზი და კარგად ჩაერთო თამაშში ლევან გოგია, რომელიც სწრაფად შლიდა თამაშს, ინიციატივას საკუთარ თავზე ხშირად იღებდა და ამით მნიშვნელოვან მეტრებს იგებდა.
შეხვედრა ქუთაისელთა იერიშებით დაიწყო, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ, პირველი სალელოვე შანსი კი, “ყოჩებს” მიეცათ, მაგრამ მათ მიზნამდე სანტიმეტრები დააკლდათ. ანგარიში 25-ე წუთზე გაიხსნა. ქუთაისელებმა 40 მეტრიდან ბურთი აუტში გადაიტანეს, 5 მეტრში ჯერ მოლით მიაწვნენ მცველებს, მერე რამდენიმე დარტყმა განახორციელეს და ხაზი გადაკვეთეს. ბესიკ ხამაშურიძემ გარდასახვით მონაგარს ორი ქულა შემატა. გიგი გაბუნიას 4 წუთში მიეცა ჯარიმით სხვაობის შემცირების საშუალება და მიზანმა უმტყუნა, მაგრამ “აიამ” საკუთარი 22-იდან ცუდად განაახლა თამაში, კვლავ დაჯარიმდა და ამჯერად მასპინძელთა დამრტყმელი ზუსტი იყო. “ყოჩების” დაცვა რომ არ გატყდა, ჯარიმის დარტყმა “აიამაც” იკადრა, მაგრამ ჯერ 26 მეტრიდან, გასატანი პოზიციიდან უმტყუნა მიზანმა, ხოლო მერე მარჯვენა კიდიდან, 22-ის ხაზიდან ააცილა ბურთი კარს.
დაიწყო მეორე ტაიმი უკვე გაგა სინაურიძემ ითავა ჯარიმის შესრულება და სტუმართა უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. გაბუნიამ 51-ე წუთზე ჯარიმითვე ის კვლავ 4 ქულამდე დაიყვანა, თუმცა, მანამდე ერთი ჯარიმა გაუფუჭდა. ამის შემდეგ ისედაც ქუთაისელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და თხელიძეს ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, მაგრამ მალევე “ყოჩებმა” თავის 22-ში დაკარგა ბურთი, დაცვაში ვეღარ გადაეწყო და ყურაშვილმა 57-ე წუთზე თავისი და გუნდის მეორე ლელო გაიტანა.
სინაურიძეს გარდასახვა გაუცუდდა, მაგრამ 64-ე წუთზე მისი ჯარიმა უკვე ზუსტი იყო. “აიას” პრემიალური ქულის ასაღებად მესამე ლელო ჭირდებოდა, მოინდომა და ყურაშვილმაც თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა - ის მოლს დროულად მოწყდა და ვეღარავინ შეაჩერა - 6:23. ტურის დანარჩენი მატჩები შაბათს “ავჭალისა” და “შევარდენის” სტადიონებზე გაიმართება, დაწყების დრო კი 14 და 16 საათია.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. IX რაუნდი
26 ოქტომბერი. პარასკევი
თბილისი. “ავჭალა”. 200 მაყურებელი
ყოჩები (თბილისი) - აია (ქუთაისი) 6:23 (3:7)
ყოჩები: 15. კვარაცხელია, 14. აბრამალიძე (ხარშილაძე 74), 13. გარუჩავა, 12. ქუშაშვილი, 11. ხელელიძე, 10. გაბუნია, 9. ჯაფარიძე (სიორიძე 78); 1. ესაკია (ჭიღლაძე 78), 2. ცუცქირიძე (მახარაშვილი 78), 3. შენგელია, 4. ბელაშვილი, 5. ტვილდიანი (კობაური 70), 6. წიკლაური, 7. ცაგარეიშვილი (გუგეშაშვილი 63), 8. მალაღურაძე.
2 ჯარიმა: გაბუნია
აია: 15. ხამაშურიძე, 14. აბრამიძე (ზიბზიბაძე 15; კუხიანიძე 74), 13. კვერნაძე, 12. ძნელაძე, 11. გოშაძე, 10. სინაურიძე, 9. როხვაძე (გოგია 59); 1. რატიაშვილი, 2. მატკავა, 3. ულუმბერაშვილი (წაქაძე 52), 4. ხელაძე (ჩიტეიშვილი 52), 5. შალამბერიძე, 6. დგებუაძე (ჯიმშიტაშვილი 70), 7. ყურაშვილი, 8. თხელიძე.
3 ლელო: ყურაშვილი
1 გარდასახვა: ხამაშურიძე
2 ჯარიმა: სინაურიძე
27 ოქტომბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”. 14:00
აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 14:00
ლელო (თბილისი) - ხარები (რუსთავი)
თბილისი. “შევარდენი”. 16:00
ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16:00
არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
1 | ლელო | 8 | 7 | 0 | 1 | 231-112 | 33 |
2 | არმია | 8 | 7 | 0 | 1 | 219-123 | 32 |
3 | აია | 9 | 6 | 1 | 2 | 251-131 | 30 |
4 | არმაზი | 8 | 5 | 0 | 3 | 161-141 | 21 |
5 | ჯიქები | 8 | 4 | 0 | 4 | 144-131 | 20 |
6 | ლოკომოტივი | 8 | 3 | 1 | 4 | 167-150 | 18 |
7 | ბათუმი | 7 | 3 | 0 | 4 | 114-146 | 14 |
8 | ხარები | 7 | 2 | 0 | 5 | 92-169 | 9 |
9 | ყოჩები | 9 | 1 | 0 | 8 | 142-234 | 7 |
10 | აკადემია | 8 | 1 | 0 | 7 | 55-249 | 5 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია