როგორც უკვე იცით, საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებები პორტუგალიაში იმყოფებიან და 27 ოქტომბერს თავიანთი პირველი მატჩებისთვის ემზადებიან.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორივე ნაკრები გასული წლის გამარჯვებულია, ორივე ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობა მათი თამაშებით იხსნება. ორივე ნაკრები პორტუგალიაში 23 ოქტომბერს გაემგზავრა, პირველ მატჩამდე დასვენებაც მოასწრეს და 4-4 ვარჯიშიც ჩაატარეს. პირველები 17-წლამდელები ითამაშებენ, რომლებიც ჩვენი დროით 14:00 საათზე გერმანელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
17-წლამდელთათვის პორტუგალიაში გასამართი ტურნირი წარმოადგენს გაისად 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს. პორტუგალიაში ორ უკეთეს ადგილზე გასული გუნდი მომავალ წელს ინგლისთან, საფრანგეთთან, უელსთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან ერთად, ითამაშებს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტდივიზიონში.
ნაკრების ხელმძღვანელობის განცხადებით, ბიჭები სრულ მზადყოფნაში არიან, რაც მთავარია, ტრავმირებულები არ არიან და გერმანიასთან სათამაშოდ საბრძოლო შემადგენლობით გავალთ.
“მიზანი ტურნირის მოგებაა. მიზნის მისაღწევად ყველანი, მოთამაშეებიც და სამწვრთნელო შტაბიც მაქსიმუმს გავაკეთებთ. საკმაოდ კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ, ასევე იყო თეორიული მეცადინეობები და სხვადასხვა სათამაშო სიტუაციების დეტალური განხილვა. რა თქმა უნდა მოსაგებად გავდივართ. სამივე მეტოქე ერთმანეთისგან გამოირჩევა. რაც შეეხება კონკრეტულად გერმანიის ნაკრებს, ახალგაზრდული ნაკრებების დონეზე გერმანელები ყოველწლიურად უმატებენ თამაშს და საკმაოდ კარგი და ანგარისშასაწევი გუნდია” - განაცხადა, ნაკრების მენეჯერმა ზურაბ ამონაშვილმა.
მატჩი ჩვენი დროით 14:00 დაიწყება. რის შემდეგაც იმავე სტადიონზე 19-წლამდელთა ტურნირი აიღებს სტარტს, სადაც ჩვენი 19-წლამდელები თავიანთ პირველ მატჩს გამართავენ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.
გერმანიასთან სათამაშოდ, 17-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა შემდეგი მორაგბეები დაასახელა: 1. ზაზა ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ.), 3. ბექა კაკაბაძე, 4. როლანდ კვაჭაძე, 5. გუგა ხანთაძე, 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი, 9. თემო თუთბერიძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 11. იოსებ კიკვაძე, 12. თემურ ირემაძე, 13. სანდრო ილურიძე, 14. დევი დევსურაშვილი, 15. ირაკლი სვანიძე.
სათადარიგოები: 16. გიორგი თორაძე, 17. დავით ფხაკაძე, 18. გიორგი როყვა, 19. ბექა გორგაძე, 20. დავით გულიტაშვილი, 21. სოსო ტუკვაძე, 22. ბადრი ლიპარტელიანი, 23. დავით ლობჟანიძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია
მენეჯერი: ზურა ამონაშვილი
ექიმი: სერგო ბერიაშვილი
ექიმი: გიორგი მაისურაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია