ამბები

11:22 | 27.10.2012 | ნანახია 1811 - ჯერ

პორტუგალიაში მხოლოდ პირველობისთვის

საქართველოს 19-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები უკვე რამდენიმე დღეა, პორტუგალიაშია და დღეიდან ევროპის ექვსგუნდა ჩემპიონატში ჩაებმება, რომელიც, თავის მხრივ, 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევ ეტაპს წარმოადგენს.
აქამდე შესარჩევ ეტაპზე რვა გუნდი პლეი ოფის სისტემით თამაშობდა და “ალაფაზე” ორი ფინალისტი მიემგზავრებოდა, წლეულს კი, ამოცანა გართულდა და ფორმატიც შეიცვალა. საქმე ისაა, რომ 12-გუნდა ელიტარული დივიზიონიდან იტალია გამოვარდა და ავტომატურად დაიკავა “ალაფის” შესარჩევზე ევროპისთვის გამოყოფილი ორი ადგილიდან ერთ-ერთი, რაც იმას ნიშნავს, რომ წლეულს “ალაფაზე” მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ნაკრები გავა.
რაც შეეხება ფორმატს, წლეულს ევროპის პირველობაზე და “ალაფის” შესარჩევ ეტაპზე ექვსი გუნდი ითამაშებს, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი. “ა” ჯგუფში საქართველოს ნაკრებთან ერთად, რუმინეთისა და ესპანეთის ნაკრებები ითამაშებენ, ხოლო “ბ” ჯგუფში მასპინძელი პორტუგალია, ბელგია და რუსეთი მოხვდნენ. ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ორ-ორ ბლიც-თამაშს გამართავენ და ტაიმის ხანგრძლივობა 20 წუთი იქნება, ანუ, ჯამში ერთი თამაში 40 წუთი გაგრძელდება. სამაგიეროდ, შემცირებულია მატჩებს შორის დასვენების დღეების ინტერვალი.
27 ოქტომბერს ქართველთა მეტოქე ესპანეთი იქნება, 29-ში ესპანეთი რუმინეთს ეთამაშება, ხოლო 31 ოქტომბერს საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების შეხვედრაა დანიშნული. მეორე ჯგუფში პირველ დღეს პორტუგალია რუსეთს ეპაექრება, მერე რუსეთის მეტოქე ბელგია იქნება, ხოლო 31-ში მასპინძლები ბელგიას ეთამაშებიან. ჯგუფში დაკავებული ადგილების მიხედვით, პირველადგილოსნები უკვე ორი 35-წუთიანი ტაიმით ჩემპიონს გამოავლენენ, მეორეადგილოსნები მესამე ადგილს გაითამაშებენ, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები ბოლოსწინა, მე-5 ადგილსთვის იბრძოლებენ.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება, ხოლო რუმინელებთან მატჩი 21 საათზეა დანიშნული (31 ოქტომბერს). იმედია, “ბორჯღალოსნები” ორივე თამაშს მოიგებენ და “ბ” ჯგუფის გამარჯვებულს 3 ნოემბერს ფინალში, თბილისის დროით 20 საათზე დაუპირისპირდებიან.
სამწვრთნელო შტაბმა ნაკრებში 26 მორაგბეს უხმო, რომელთაგან 5 ლეგიონერია, ხოლო დანარჩენი 21 საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს, პირველ და ჭაბუკთა “ა“ ლიგაში მოთამაშე ახალგაზრდები არიან.
მსოფლიო თასის “ალაფა” გაისად ჩილეში გაიმართება. მასპინძელთა და ელიტიდან გავარდნილი იტალიის გარდა, იქ სამხრეთ ამერიკიდან ურუგვაი ითამაშებს, აზიას ტრადიციულად იაპონია წარმოადგენს, აფრიკას - ნამიბია, ჩრდილოეთ ამერიკიდან კანადა ითამაშებს, ხოლო ოკეანეთიდან - ტონგა. მე-8 გუნდის ვინაობა პორტუგალიაში გაირკვევა და იმედია, ეს საქართველოს ნაკრები იქნება. შეგახსენებთ, 2012 წლის “ალაფა” აშშ-მა მოიგო და ელიტაში იტალიის ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს ნაკრები მე-4 ადგილს დასჯერდა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ ახობაძე (ორივე - “ალბი”, საფრანგეთი), გიორგი შარაშიძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), გიორგი მარგველანი (“ივერია”), დავით ხიდეშელი (“ლელო”), გიორგი სულუაშვილი (“სტრასბური”, საფრანგეთი), თორნიკე ჯიბლაძე (“არმაზი”), მინდია ელგუჯაური (“მასი”, საფრანგეთი), გიორგი მჭედლიშვილი (“ჯიქები”), გიორგი გეგია (“ლოკომოტივი”), თორნიკე გოგლიძე (“არმია”), ვახო ამირანაშვილი (“ივერია”), შალვა შაშიაშვილი (“აია”), ფარნავაზ გასვიანი (“ლოკომოტივი”), ონისე მოგელაშვილი (“ჯიქები”), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”), ირაკლი ლოლუა (“ლელო”), გიორგი აფციაური (“არმია”), რევაზ ბროძელი (“არმაზი”), გიორგი თუთბერიძე (“ბაგრატი”), ნიკოლოზ ამაშუკელი (“ჯიქები”), გიორგი ფრუიძე (“აია”), მურაზი გიორგაძე (“პატარძეული”), გიორგი კოდუა (“თიბისი”), ილია მელაძე (“აკადემია”), საბა ნიკოლავა (“არმია”).
მთავარი მწვრთნელი: იან სმითი
მწვრთნელი: ლადო კილასონია
მენეჯერი: გიორგი მაისურაძე
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104642