პორტუგალიაში მყოფმა საქართველოს 17 და 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებებმა პირველ სათამაშო დღეს გამარჯვებები მოიპოვეს.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდელები გაისად საფრანგეთში გასამართ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძვიან და პირველ დღეს გერმანია 50:13 გაანადგურეს, პრემიალური ქულაც ჩაიწერეს და გრენობლისკენ, სადაც 8-გუნდა ევროპის ჩემპიონატში ინგლისს, ირლანდიას, საფრანგეთს, უელსს, შოტლანდიას და იტალიას ქვედა დონის ორი საუკეთესო ნაკრები უნდა დაემატოს, პირველი ნაბიჯი გადადგეს. შესარჩევ ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის გარდა მასპინძელ პორტუგალიისა და ბელგიის ნაკრებები თამაშებენ.
იმავე პორტუგალიაში 19-წლამდელები გაისად ჩილეში გასამართი მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურისთვის იბრძვიან და პირველ მატჩში ესპანეთს 31:13 სძლიეს. ორ დღეში ესპანელები რუმინელებს ეთამაშებიან, 31 ოქტომბერს რუმინეთი საქართველოს მეტოქე იქნება და ამ სამგუნდა ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” ფინალში მეორე ჯგუფის პირველადგილოსან ჩილეს ერთი საგზურისთვის დაუპირისპირდებიან.
ახალგაზრდული ნაკრებების თამაშების შესახებ, დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვიანებით იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია