“შევარდენზე” მისულ ქართული რაგბის გულშემატკივრებს ნამდვილად არ უნანიათ. მათ ორი საინტერესო, უკიდურესად დაძაბული და დრამატული მატჩის იხილეს, სადაც გამარჯვებულის ბედის ვინაობა პრაქტიკულად ბოლო წამებზე გადაწყდა.
ქართულ კლუბებს და მათ მორაგბეებს, შესაძლოა, მაღალი სათამაშო ხარისხი და ოსტატობა ვერ მოვთხოვოთ, მაგრამ რაც მათ გააჩნიათ - ბრძოლის ჟინი, მონდომება და თავდადება, ნამდვილად მისაბაძია. ორივე მატჩში სცენარები ისე წარიმართა, ხელოვნურსაფარიანი მოედნის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა მოსაწყენად ვერ მოიცალა და დროც შეუმჩნევლად მიილია.
პირველად მოედანზე ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონი “ლოკომოტივი” და მიმდინარე გათამაშების აუტსაიდერი “აკადემია” გავიდნენ. როგორც ჩანს, თემურ ბენდიაშვილის შეგირდები ფიქრობდნენ, რომ თამაშს იოლად მოიგებდნენ და ამისათვის საკადრისადაც დაისაჯნენ. მათ აშკარად აკლდათ მონდომება, აი აკადემიელებმა კი კარგი თამაში აჩვენეს და სწორედ მონდომების ხარჯზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი გამარჯვება იზეიმეს.
პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და პერიოდულად უპირატესობას აკადემიელები ფლობდნენ, რომლებიც აქცენტს სწრაფ გარღვევებზე აკეთებდნენ. “ლოკომოტივი” მეტოქეს ფიზიკურად კი სჯობდა, მაგრამ ამით ვერ ხეირობდა, რადგან დაცვის გარდა შეცდომები შეტევაშიც ხშირად მოსდიოდა. აქ საუბარია არა მხოლოდ ტექნიკურ წუნზე, არამედ არასწორ გადაწყვეტილებებზეც, ბურთის დაკარგვისას კი, “აკადემიის” კონტრშეტევისას გადაწყობა დროულად ვერ ხერხდებოდა. ისე, ძალისმიერ თამაშშიც პერიოდულად “აკადემია” ყოჩაღობდა, რომელიც კარგად აყენებდა მოლს და “ლოკომოტივს”, რომელიც დაუწყობლად ცდილობდა მიძალების შეჩერებას, ამ კომპონენტშიც სჯობდა.
პირველ ტაიმში ერთადერთი ჯარიმა გავიდა და ის “აკადემიის” მორკინალ გიორგი წვერავას ანგარიშზეა, რომელმაც გაჭირვების ჟამს კარში დარტყმები თავის თავზე აიღო. მეორე ტაიმის დებიუტში “ლოკომოტივმა” ლელო გაიტანა, თავი დავით გასვიანმა გამოიჩინა და გაჩნდა ეჭვი, რომ “რკინიგზელები” მეტოქეს გატეხდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ლელოზე “აკადემიამ” ლელოთივე მალევე უპასუხა, ეს გურამ სუთიძემ შეუტია მარცხენა ფლანგზე მოლის შემდეგ და თავისიანები ერთი ქულით წინ გაიყვანა.
“აკადემიას” მალევე შეეძლო მეორე ლელოს გატანა, დავით მაკაროვმა თავის ნახევარზე გაჭრა ხაზი, როდესაც მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირა, მაგრამ მიმყოლებმა დააგვიანეს. “ლოკომოტივმა” საფრთხე რომ იგრძნო 22-იდან ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა და ვახტანგ კავთიძეს მიზანმა არ უმტყუნა, მაგრამ ხუთიოდე წუთში უკვე “აკადემიამ” გამოიყენა თავისი შანსი და წვერავამ მინიმალური უპირატესობა აღადგინა. მანვე 65-ე წუთზე დაახლოებით 27 მეტრიდანაც ზუსტად დაჰკრა და მართალია შემდეგი ჯარიმა გაუფუჭდა, მაგრამ დემორალიზებულმა “ლოკომოტივმა” შეცდომების დაშვება გააგრძელა და მალე ლელოთი დაისაჯა.
71-ე წუთი მიდიოდა როდესაც კავთიძეს უწყინარ სიტუაციაში, საკუთარ 22-ში ბურთი წინ გადაუვარდა, შერკინებიდან ის ჩხიკვაძემ გაიტანა, ღამბაშიძემ მარგიან გადააწოდა, რომელსაც ორი მცველი კი დაეჭიდა, მაგრამ ვერ წააქცია და ამ უკანასკნელმაც თანაგუნდელის დახმარებით ჩათვლის ხაზი გადაკვეთა. გარდასახვა არაზუსტი იყო და “ლოკომოტივმა” ბოლოსკენ თავგამოდებით გაიბრძოლა.
“აკადემია” ხშირად ჯარიმდებოდა და “რკინიგზელებს” ერთხელ მაინც კარში რომ დაერტყათ, სხვაობას 6 ქულამდე დაიყვანდნენ და მერე ლელოს გატანას და გარდასახვის გამოყენებას აზრი ექნებოდა, მაგრამ ეს არ გააკეთეს და ეგრევე ლელოს გატანა მოინდომეს. მეტოქე სულ ბოლოს გატყდა, როდესაც უკვე დამატებული წუთები მიდიოდა და მაშინაც ჩათვლის მოედანში შესულ კავთიძეს ბურთი წინ გადაუვარდა. შედეგად, “აკადემიამ” სენსაციური გამარჯვებით მნიშვნელოვანი 4 ქულა ჩაიწერა, ხოლო “ლოკომოტივმა” ერთი პრემიალური ქულაც ვერ მიითვალა და თუ ასე გააგრძელა ექვსეულში დარჩენა ძლიერ გაუჭირდება.
კიდევ უფრო დაძაბული, დრამატული და საინტერესო საყურებელი გამოდგა მეორე შეხვედრა. “ჯიქები” და “არმაზი” სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად არიან და ამ მატჩს უნდა გადაეწყვიტა ვინ დაასრულებდა პირველ წრეს მეოთხე პოზიციაზე და ვინ დაშორდებოდა “ლოკომოტივს”. თამაშისას მორაგბეები და მათი გულშემატკივრები ხშირად ემოციებს ვერ თოკავდნენ და რამდენჯერმე მოედანზე შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
პირველსავე წუთებზე “არმაზმა” სწრაფი იერიშით გაჭრა ხაზი და დავით კიკნაძემ ანგარიშის გახსნა არეკნით სცადა, მაგრამ დარტყმა გაუცუდდა. ამაზე “ჯიქებმა” მრავალფაზიანი შეტევით უპასუხა, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და ვლადიმერ კუპრეიშვილმა ანგარიში გახსნა. განახლდა თუ არა თამაში უკვე “არმაზმა” მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება და კიკნაძემ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მე-13 წუთზე რამაზ ხარაზიშვილმა 40 მეტრიდან კვლავ “ჯიქები” დააწინაურა.
შემდეგ ჯერზე “არმაზმა” ჯარიმა” კარში აღარ დაარტყა, ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში დერეფნიდან კარგი მოლი დააყენა და გიორგი სოსელიამ ლელო გაიტანა, ხოლო კიკნაძემ გარდასახვა გამოიყენა. 24-ე წუთზე კუპრეიშვილმა ჯარიმით სცადა უპირატესობის ჩამორჩენის მინიმუმამდე დაყვანა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. “არმაზი” ლელოს გატანაზე თამაშობდა და 33-ე წუთზე ლამაზი ლელოც გაიტანა. რაქიდან გამოსული ბურთი კიკნაძეს მიუვიდა, ირაკლი მაჩხანელის ჯვარზე შეყვანის იმიტირებით მცველები დააბნია, თავად გაჭრა ხაზი და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. გარდასახვა მანვე გამოიყენა და ტაიმი 17:6 დასრულდა.
დაიწყო მეორე ტაიმი და სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. რეფერის გვერდითმა მსაჯმა უკარნახა, ალეკო ზაბახიძემ რაქში მეტოქე დაწიხლაო და მანამდე “ჯიქების” სასარგებლოდ დანიშნული ჯარიმა “არმაზს” გადაეცა, ხოლო დამნაშავე სინბინით დაისაჯა. კაცნაკლულმა “ჯიქებმა” ფარხმალი არ დაყარეს და ათ წუთში 10 ქულა მოინაგრეს. მათ მეტოქის ნახევარზე დარჩენა მოახერხეს, დერეფნიდან ახლა მათ დააყენეს კარგი მოლი და გიორგი ოქრომელიძემ ლელო გაიტანა. კუპრეიშვილმა ზუსტ გარდასახვას 56-ე წუთზე ჯარიმაც მიაყოლა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა.
კუპრეიშვილს თავისიანების დაწინაურება 61-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ შორიდან ჯარიმა ააცილა, მალე უკვე “არმაზი”, კერძოდ მიხეილ ლეკბორაშვილი დაისაჯა რაქში მეტოქის დაწიხვლისთვის სინბინით და “ჯიქების” ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. მათ ლელოს გატანა ვერ შეძლეს, მაგრამ ეს “არმაზს” ჯარიმის ფასად დაუჯდა და კუპრეიშვილმაც “ჯიქები” დააწინაურა. არმაზელები მეტოქის ნახევარზე გადასვლას ვერ ახერხებდნენ, მეტოქე მედგრად იცავდა თავს და ამიტომ, ბოლო წუთზე კიკნაძემ ზედ ცენტრის ხაზიდან ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა. გადაწყვიტა და შეასრულა კიდეც, რითაც “არმაზს” 20:19 მოაგებინა და მას მე-4 ადგილი შეანარჩუნებინა.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. IX რაუნდი
26 ოქტომბერი. პარასკევი
თბილისი. “ავჭალა”. 200 მაყურებელი
ყოჩები (თბილისი) - აია (ქუთაისი) 6:23 (3:7)
27 ოქტომბერი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”. 150 მაყურებელი
აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 19:10 (3:0)
აკადემია: 15. დ. მაკაროვი, 14. გ. ჭუაძე, 13. ბ. წასიძე, 12. ო. მოლოდინაშვილი, 11. გ. სუთიძე, 10. გ. მარგიანი, 9. ჯ. ღამბაშიძე; 1. გ. ღამბაშიძე, 2. გ. წვერავა, 3. მ. მაჩიტაძე, 4. გ. ნებულიშვილი (ა. მაღლაკელიძე), 5. ი. ლუარსაბიშვილი, 6. ს. თოდაძე, 7. დ. გოგოლაძე, 8. ნ. ჩხიკვაძე.
2 ლელო: სუთიძე, მარგიანი
3 ჯარიმა: წვერავა
ლოკომოტივი: 15. ბ. წიკლაური, 14. ს. ქავთარაძე, 13. დ. ჭურღულია, 12. რ. ხუციშვილი (გ. კობერიძე), 11. გ. ბიწაძე, 10. ვ. კავთიძე, 9. ი. ღვინჯილია; 1. დ. გასვიანი, 2. ლ. გენებაშვილი (ს. ბეკოშვილი), 3. ლ. ზარიძე (ლ. მარსაგიშვილი; გ. თუდუშაური), 4. დ. ცუხიშვილი (ლ. თავბერიძე), 5. ლ. გუნიავა, 6. გ. ხოლუაშვილი, 7. ვ. ახვლედიანი, ზ. მაისურაძე.
1 ლელო: გასვიანი
1 გარდასახვა: კავთიძე
1 ჯარიმა: კავთიძე
თბილისი. “ავჭალა”.
ლელო (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 27:0
თბილისი. “შევარდენი”. 250 მაყურებელი
ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 19:20 (6:17)
ჯიქები: 15. გ. შერმაზანაშვილი (დ. კიკნაძე 28), 14. რ. ხარაზიშვილი, 13. ნ. ბერძული, 12. ვ. კუპრეიშვილი, 11. გ. ნოზაძე (დ. კალანდაძე 44), 10. დ. ფურცელაძე, 9. ა. ზაბახიძე; 1. ნ. ხატიაშვილი, 2. გ. ოქრომელიძე (ი. სვანიძე 53), 3. ლ. ყაულაშვილი (დ. ოქრიაშვილი 53), 4. ვ. გოგოლაძე, 5. ა. მიქაძე (ა. ტრაპაიძე 48; ა. გაგნიძე 70), 6. ბ. მამრიკიშვილი, 7. ვ. ტურაშვილი, 8. ლ. მირცხულავა
1 ლელო: ოქრომელიძე
1 გარდასახვა: კუპრეიშვილი
4 ჯარიმა: კუპრეიშვილი (3), ხარაზიშვილი
1 სინბინი: ზაბახიძე
არმაზი: 15. ბ. ჩხაიძე, 14. ა. ხუციშვილი, 13. ი. მაჩხანელი, 12. ვ. კაიფაჯიანი, 11. ნ. პინაიშვილი, 10. დ. კიკნაძე, 9. გ. მისრიაშვილი; 1. ა. ბეჟიაშვილი, 2. გ. სოსელია, 3. ზ. ესართია (ი. ბუკია 41), 4. ბ. ჯიშკარიანი, 5. გ. ჭელიძე (მ. ლეკბორაშვილი 48), 6. შ. კანდელაკი, 7. ო. მინაშვილი, 8. ვ. თიგიშვილი.
2 ლელო: სოსელია, კიკნაძე
2 გარდასახვა: კიკნაძე
2 ჯარიმა: კიკნაძე
1 სინბინი: ლეკბორაშვილი
თბილისი. “ავჭალა”.
არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 31:16
1 | ლელო | 9 | 8 | 0 | 1 | 258-112 | 38 |
2 | არმია | 9 | 8 | 1 | 2 | 251-131 | 37 |
3 | აია | 9 | 6 | 1 | 2 | 251-131 | 30 |
4 | არმაზი | 9 | 6 | 0 | 3 | 181-160 | 25 |
5 | ჯიქები | 9 | 4 | 0 | 5 | 163-151 | 21 |
6 | ლოკომოტივი | 9 | 3 | 1 | 5 | 177-169 | 18 |
7 | ბათუმი | 8 | 3 | 0 | 5 | 130-177 | 14 |
8 | ხარები | 8 | 2 | 0 | 6 | 92-196 | 9 |
9 | აკადემია | 9 | 2 | 0 | 7 | 74-259 | 9 |
10 | ყოჩები | 9 | 1 | 0 | 8 | 142-234 | 7 |
მომდევნო ტური. 3-4 ნოემბერი
ჯიქები - არმია; ბათუმი - აია; ყოჩები - ლოკომოტივი; აკადემია - ლელო; ხარები - არმაზი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია