ამბები

13:30 | 28.10.2012 | ნანახია 1773 - ჯერ

ესპანეთი გავლილია - რიგში რუმინეთია

საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პორტუგალიაში მიმდინარე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც ამავდროულად, გაისად ჩილეში გასამართი 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” შესარჩევი ეტაპიცაა, გამარჯვებით დაიწყო.
ქართველი ახალგაზრდები შარშანდელი ევროპირველობის გამარჯვებული არიან და ტურნირიც მათი თამაშით გაიხსნა. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ესპანეთი იყო და მწვრთნელების მოლოდინი იმ კუთხით გამართლდა, რომ მატჩის დასაწყისი არეული გამოდგა.
“ესპანეთის ნაკრებს ტანმაღალი მორაგბეები არ ჰყავს და უფრო ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ახალზელანდიელი მწვრთნელი ხელმძღვანელობს. ჩვენს გუნდში ყველაფერი კარგადაა და ფსიქოლოგიური წნეხი არ შეინიშნება.
ახალი სამწვრთნელო შტაბის მეთაურობით, ეს ასაკი პირველ საერთაშორისო მატჩს ატარებს. აქამდე, მხოლოდ ქართულ კლუბებთან ვთამაშობდით ამხანაგურ მატჩებს. სავარაუდოდ, შეცდომები იქნება და ვფიქრობ, თავიდან ყველაფერი ისე ვერ აეწყობა, როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი. რაგბი ამითაც არის კარგი თამაში, რომ მოედანზე წარმოქმნილი პრობლემები მოთამაშეებმა თავად უნდა მოაგვარონ. დანარჩენს თვითონ მატჩი გვიჩვენებს, რომელსაც მოუთმენლად ველით”, - ამბობდა მატჩის წინ ნაკრების მწვრთნელი, ლადო კილასონია.
და მართლაც, მატჩის დებიუტში ანგარიში საბა ნიკოლავამ ჯარიმით კი გახსნა და მალე, საქართველოს ნაკრებს სალელოვე შანსიც ჰქონდა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა, მაგრამ მერე გუნდმა დაცვაში შეცდომები დაუშვა, ხშირად ჯარიმდებოდა, ონისე მოგელაშვილი სინბინით დაისაჯა და მეტოქემ ჯერ ლელო გაიტანა, ხოლო შემდეგ არეკნით 8:3 დაწინაურდა.
მალევე, იან სმიტის შეგირდებმა თამაში დაალაგეს. შესვენებამდე, ვახტანგ ამირანაშვილმა და გიორგი ფრუიძემ ლამაზი ლელოები გაიტანეს, რასაც ნიკოლავას ორი ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და ტაიმი “უმცროსმა ბორჯღალოსნებმა” 17:8 მოიგეს.
მე-2 ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და ლამაზი კომბინაცია კიდეში გატანილი ლელოთი გიორგი კოდუამ დააგვირგვინა. ნიკოლავას გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო.
ესპანელებმა საპასუხო ლელოთი ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ თამაშის მიწურულს, მრავალფაზიანი კომბინაცია ნიკოლავამ ძელებსშუა გატანილი ლელოთი დაასრულა, გარდასახვაც თავად შეასრულა და “ბორჯღალოსნებს” 31:13 მოაგებინა.
“ალაფის” შესარჩევ ეტაპზე წლეულს 6 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც პირველ ეტაპზე, ორ, სამგუნდა ჯგუფში არიან განაწილებული.
საქართველოსა და ესპანეთთან რუმინეთი მოხვდა, რომელიც ესპანეთს 29 ოქტომბერს ეთამაშება, ხოლო საქართველოსა და რუმინეთის შეხვედრა 31 ოქტომბერს გაიმართება და მისი მოგებით საქართველოს ნაკრები ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
მე-2 ჯგუფში, მასპინძელი პორტუგალია, რუსეთი და ბელგია თამაშობენ.
პირველ მატჩში, პორტუგალია რუსეთს ეთამაშებოდა. გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს, მასპინძლებმა 3, ხოლო სტუმრებმა ერთი ჯარიმა გამოიყენეს და თამაშის პორტუგალიამ 14:8 მოიგო.
აქ, მომდევნო მატჩში, რუსეთი ბელგიას ეთამაშება, ხოლო ჯგუფური ეტაპის დასკვნით დღეს, პორტუგალია ბელგიას დაუპირისპირდება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჯგუფის გამარჯვებულები ფინალში “ალაფის” ერთადერთი საგზურისთვის იბრძოლებენ, მეორეადგილოსნები მე-3 ადგილის დაკავებას ეცდებიან, ხოლო ჯგუფის ნაბოლარები ბოლოსწინა მე-5 ადგილს გაითამაშებენ.
საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებთა მატჩი, 31 ოქტომბერს, თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება, ხოლო ფინალში გასვლის შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” მეორე ჯგუფის გამარჯვებულს, 3 ნოემბერს, 20.00 საათზე შეხვდებიან.
მთლიანობაში, ქართველი მორაგბეები პორტუგალიაში არსებული სიტუაციით კმაყოფილი არიან. ისინი ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე, ლისაბონის გარეუბანში, სასტუმრო “კაშკაიში” დაბინავდნენ. დამსვენებლები არ არიან და გუნდიც მშვიდ გარემოში ემზადება.
6 ნაკრები თანაბარ პირობებშია და ვარჯიშები ხელოვნურსაფარიან მოედნებზე იმართება, რომლებიც, კილასონიას თქმით, ხარისხით “შევარდენისა” და “ავჭალის” ხელოვნურსაფარიან მოედნებს ბევრად ჩამოუვარდება.

A ჯგუფი
საქართველო - ესპანეთი 31:13 (17:8)
საქართველო:
15. საბა ნიკოლავა (არმია) (გიორგი თუთბერიძე (ბაგრატი) 58), 14. გიორგი კოდუა (თიბისი), 13. გიორგი ფრუიძე (აია), 12. რევაზ ბროძელი (არმაზი), 11. მურაზი გიორგაძე (პატარძეული) (ილია მელაძე (აკადემია) 44), 10. გიორგი აფციაური (არმია), 9. ვაჟა ხუციშვილი (ხარები); 1. გიორგი თეთრაშვილი (“ალბი”, საფრანგეთი) (თორნიკე ჯიბლაძე (არმაზი) 54), 2. დავით ხიდეშელი (ლელო), 3. ვახტანგ ახობაძე (“ალბი”, საფრანგეთი) (გიორგი მარგველანი (ივერია) 54), 4. მინდია ელგუჯაური (“მასი”, საფრანგეთი) (ირაკლი ლოლუა (ლელო) 42), 5. გიორგი გეგია (ლოკომოტივი), 6. შალვა შაშიაშვილი (აია) (გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები) 53), 7. ონისე მოგელაშვილი (ჯიქები) (გიორგი სულუაშვილი (“სტრასბურგი”, საფრანგეთი) 60), 8. ვახტანგ ამირანაშვილი (ივერია).
არ უთამაშიათ: გიორგი შარაშიძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), თორნიკე გოგლიძე (არმია), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ამაშუკელი (ჯიქები).
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
მწვრთნელი: ლადო კილასონია
მენეჯერი: გიორგი მაისურაძე
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი

29 ოქტომბერი
რუმინეთი - ესპანეთი
31 ოქტომბერი
საქართველო - რუმინეთი
 

1  საქართველო 1 1 0 0 31-13 3
2 ესპანეთი 1 0 0 1 13-31 1
3  რუმინეთი 0 0 0 0 0-0 0



B ჯგუფი
პორტუგალია - რუსეთი 14:8
29 ოქტომბერი
ბელგია - რუსეთი
31 ოქტომბერი
პორტუგალია - ბელგია
 

1 პორტუგალია 1 1 0 0 14-8 3
2  რუსეთი 1 0 0 1 8-14 1
3  ბელგია 0 0 0 0 0-0 0



3 ნოემბერი. ფინალები
 

 

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.101367