ამბები

15:41 | 28.10.2012 | ნანახია 2633 - ჯერ

ელიტამდე ერთი ნაბიჯი რჩება

საქართველოს 17 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტარული დივიზიონის შესარჩევი ეტაპი გერმანიის განადგურებით დაიწყო.
“უმცროსმა ბორჯღალოსნებმა”, ერთის საპასუხოდ, მეტოქეს 8 ლელო გაუტანეს, 50:13 გამარჯვებით პრემიალური ქულაც აიღეს და თუ მე-2 ტურში ბელგიასაც დაამარცხებენ, ელიტ-ჯგუფში თამაში გარანტირებული ექნებათ.
შეგახსენებთ, ოთხგუნდა შესარჩევი ეტაპიდან გაისად საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ორი გადის.
პირველ დღეს, პორტუგალიამ ბელგიას 38:10 სძლია და თუ მე-2 ტურშიც ამ გუნდებმა იმარჯვეს ისინი დასკვნით დღეს მხოლოდ პირველ-მეორე ადგილისთვის იბრძოლებენ, ანუ გაარკვევენ, თუ რომელი ნაკრები როგორ განითესება ინგლისთან, ირლანდიასთან, უელსთან, საფრანგეთთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან სათამაშოდ.
ქართველმა მორაგბეებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს დიდი უპირატესობა, მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და ერთიმეორეზე უკეთესი ლელოები გაიტანეს.
ანგარიში მე-3 წუთზე იოსებ კიკვაძემ გახსნა, რაზეც გერმანელებმა ჯარიმით უპასუხეს. მე-2 ლელო, მე-12 წუთზე, ჟორა მღებრიშვილმა გაიტანა და რევაზ ჯინჭველაშვილმა გარდასახვაც გამოიყენა.
ორ წუთში კიკვაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო 21-ე წუთზე, თავისი მე-3 ლელო მიითვალა და გუნდმაც უკვე ამ დროისთვის ჩაიწერა პრემიალური ქულა (4 ლელოს გატანისთვის).
ჯინჭველაშვილის ორივე გარდასახვა ზუსტი იყო და შესვენებამდე მან კიდევ ერთხელ იხეირა, როდესაც ზაურ ხარებავას მიერ გატანილი ლელოს შემდეგ შეასრულა გარდასახვა.
ტაიმის ბოლოს გერმანელებმა მე-2 ჯარიმა გაიტანეს და ტაიმი 33:6 დასრულდა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში გერმანიამ ლელოც გაიტანა და ჩამორჩენა ოც ქულამდე დაიყვანა. ეს, ქართველმა ჭაბუკებმა მეტოქეს არ აპატიეს და მე-40 წუთზე დევი დევსურაშვილმა ლელო გაიტანა. 47-ე წუთზე ხარებავამ დუბლი შეასრულა და გარდასახვა ამჯერადაც ზუსტი იყო, ხოლო 66-ე წუთზე, ჰეთ-თრიკი უკვე ხარებავამ ჩაიწერა და საბოლოო ანგარიში - 50:13 დააფიქსირა.
სამწუხაროდ, გამარჯვებას დანაკლისის გარეშე არ ჩაუვლია. ტრავმა მიიღო 10-მა ნომერმა რევაზ ჯინჭველაშვილმა, მან კოჭი იტკინა და ბელგიასთან მისი თამაში სათუოა. ექიმები მის მწყობრში ჩასაყენებლად ძალებს არ იშურებენ და საბოლოო პასუხს ორ დღეში, უშუალოდ მატჩის წინ იტყვიან.
ნაკრების ხელმძღვანელობა, მომავალი მეტოქეების - ბელგიისა და მასპინძელი პორტუგალიის მატჩს დაესწრო, რის შემდეგაც ბიჭებს ვიდეოანალიზი აქვთ, სადაც ჩატარებულ მატჩს დეტალურად გაარჩევენ და დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იმუშავებენ. დღეს ნაკრები ისვენებს და მხოლოდ თეორიული მეცადინეობა ექნებათ.
17-წლამდელები მომდევნო მატჩს, 30 ოქტომბერს, თბილისის დროით, 21.00 საათზე ბელგიის წინააღმდეგ გამართავენ და მისი დამარცხებით პროგრამა-მინიმუმსაც შეასრულებენ.

18 წლამდე მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
პორტუგალია. ლისაბონი
I რაუნდი. 27 ოქტომბერი
საქართველო - გერმანია 50:13 (33:6)
საქართველო:
15. ირაკლი სვანიძე (21. სოსო ტუკვაძე 36), 14. დევი დევსურაშვილი, 13. სანდრო ილურიძე (22. ბადრი ლიპარტელიანი 50), 12. თემურ ირემაძე, 11. იოსებ კიკვაძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. თემო თუთბერიძე (20. დავით გულიტაშვილი 47); 1. ზაზა ხარებავა, 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ.), 3. ბექა კაკაბაძე (17. დავით ფხაკაძე 36), 4. როლანდ კვაჭაძე, 5. გუგა ხანთაძე (18. გიორგი როყვა 47), 6. დავით პაპავაძე (26. გიორგი ხვისტანი 53), 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი (25. ბადრი დანგაძე 47), 8. ჟორა მღებრიშვილი.
არ უთამაშიათ: 16. გიორგი თორაძე, 19. ბექა გორგაძე, 23. დავით ლობჟანიძე, 24. ვასილ ლობჟანიძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია
მენეჯერი: ზურა ამონაშვილი
ექიმი: სერგო ბერიაშვილი
ექიმი: გიორგი მაისურაძე

პორტუგალია - ბელგია 38:10
 

1  საქართველო 1 1 0 0 50-13 5
2  პორტუგალია 1 1 0 0 38-10 5
3   ბელგია 1 0 0 1 10-38 0
4 გერმანია 1 0 0 1 13-50 0



II რაუნდი. 30 ოქტომბერი
საქართველო - ბელგია
პორტუგალია - გერმანია

III რაუნდი. 2 ნოემბერი
ბელგია - გერმანია
საქართველო - პორტუგალია
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10079