რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის 2012 წლის გათამაშების გამარჯვებული რატი ურუშაძისა და ვალერი ცნობილაძის კრასნოიარსკის “ენისეი-სტმ”-ი გახდა.
ურუშაძე იმიტომ გამოვყავით, რომ ის წლების განმავლობაში იცავდა საქართველოს ეროვნული გუნდის ღირსებას და 41 ტესტ-მატჩში 5 ლელო გაიტანა. 37 წლის ვეტერანი, უკვე წლებია, “ენისეიში” თამაშობს და ზედიზედ მეორედ გახდა რუსეთის ჩემპიონი, თუმცა, ასაკის გამო, ბუნებრივია, მოედანზე ძველებურად დიდ დროს ვეღარ ატარებს და არც ფინალურ მატჩში მიუღია მონაწილეობა, თუმცა, ეს მის მიღწევას სულაც არ აკნინებს.
რაც შეეხება ვალერი ცნობილაძეს, ის ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, სარაგბო ოსტატობაც იქ დახვეწა, მერე კარიერა რუსეთის ჩემპიონატში განაგრძო და რადგან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა, მოგვიანებით, ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და მისი ეროვნული გუნდის წევრი გახდა.
ორმატჩიან ფინალში, “ენისეი”, კრასნოიარსკულ დერბიში, ვალერის ძმის, გრიგოლ ცნობილაძის “კრასნი იარს” ეთამაშებოდა.
გემახსოვრებათ, ერთი კვირის წინათ, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში გამართული მატჩი ფრედ - 12:12 დასრულდა და ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
შარშანდელმა ჩემპიონმა პირველივე წუთებიდან სერიოზულად მოკიდა საქმეს ხელი, მალევე დაწინაურდა და ჯამში 40:3 იმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ “ენისეის” მიმდინარე სეზონში არცერთი თამაში წაუგია და მხოლოდ ერთხელ, ერთი კვირის წინათ დასჯერდა ფრეს.
გადამწყვეტ მატჩში ქართველთაგან მხოლოდ ვალერი ცნობილაძემ ითამაშა, რომელიც შეუცვლელად გაისარჯა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია