ამბები

17:58 | 28.10.2012 | ნანახია 1183 - ჯერ

“ედინბურგი” ბასილაიას გარეშე აგებს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელის - დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგი”, “კელტების ლიგაზე” ზედიზედ მეოთხედ, ხოლო “ჰაინეკენის თასის” მატჩების ჩათვლით, ზედიზედ მეექვსედ დამარცხდა.
წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, სადაც “ჰაინეკენის თასზე” შოტლანდიურმა გრანდმა ქულაც ვერ აიღო და ინგლისურ “სარასინთან” და ირლანდიურ “მანსტერთან” მშრალად დამარცხდა (შესაბამისად, 0:45 და 0:33), “ედინბურგმა” უელსურ “სკარლეტთან” 28 ქულა მოაგროვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. არადა, გამარჯვება ძალიან ახლოს იყო.
სქოთები მატჩის დებიუტში ორჯერ იგებდნენ - ჯერ ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ, ხოლო მე-19 წუთზე ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში 10:7 გახდა, მაგრამ იქვე მე-2 ლელო მიიღეს და გარდასახვა კვლავაც ზუსტი იყო.
29-ე წუთამდე მასპინძლებმა 2 ჯარიმა გამოიყენეს და უკვე 16:14 დაწინაურდნენ, მაგრამ სამიოდე წუთში ისევ ლელო გაუშვეს და 36-ე წუთზე მორიგი ჯარიმით ანგარიში გაათანაბრეს. ტაიმის ბოლოს “სკარლეტმა” მე-4 ლელო გაიტანა, პრემიალური ქულა ნაადრევად ჩაიწერა და ზუსტი გარდასახვის შედეგად, ტაიმი 26:19 მოიგო.
მე-2 ტაიმში მასპინძლებმა 66-ე წუთამდე 3 უპასუხო ჯარიმა გაიტანეს და 28:26 დაწინაურდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, 78-ე წუთზე ჯარიმა თავადაც გაუშვეს და 3754 მაყურებლის გულდასაწყვეტად, 28:29 დამარცხდნენ.
ამრიგად, “ედინბურგს” მხოლოდ ერთი ქულა შეხვდა და ჯამში 13 ქულით, 12 გუნდში იტალიურ “ბენეტონთან” VIII-IX ადგილებს იყოფს.
მომდევნო ტურში, შოტლანდიელები უელსში მიემგზავრებიან და ამჯერად, “კელტების ლიგის” ლიდერ “ოლსტერს” ეთამაშებიან (2 ნოემბერს).
განვლილ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია და დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი დიმიტრი ბასილაია. მან “ჰაინეკენის თასის” მე-2 ტურში, ირლანდიურ “მანსტერთან” ჯახისას, მუხლის მყესები დაიზიანა და ოთხი-ხუთი კვირით დასვენება მოუწევს. ამრიგად, “კელტების ლიგის” 3 ტურის გარდა, ის “ბორჯღალოსანთა” უმნიშვნელოვანეს ტესტ-მატჩებსაც დააკლდება იაპონიასთან და ფიჯისთან და უკეთეს შემთხვევაში, მოედანს 8 დეკემბერს, კვლავ “ჰაინეკენის თასზე” ფრანგულ “რასინგ მეტროსთან” თუ დაუბრუნდება.

 

ზურა ქსოვრელი   
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080191