გასული სეზონის შედეგების მიხედვით, საფრანგეთის ელიტარული Top 14-იდან დაქვეითებულმა “ბრივმა” Pro D2-ის მიმდინარე გათამაშება არასტაბილურად დაიწყო, მაგრამ ბოლო დროს მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოასწორა - ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად დაწინაურდა.
IX ტურში “ბრივმა” “პოს” უმასპინძლა და 22:18 დაამარცხა. ამ მატჩში ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო ის იყო, რომ ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი, რომლის გამოცდილება და გარღვევები ეროვნულ გუნდს ნოემბრის უმნიშვნელოვანეს ტესტ-მატჩებში ძლიერ წაადგება. ის და გოდერძი შველიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ და თამაშში 63-ე წუთზე ჩაერთვნენ. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა დავით ხინჩაგიშვილმა. “ბრივი” დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და 72-ე წუთისთვის 22:6 იგებდა, მაგრამ დარჩენილ დროში ლელოს გაშვება მოახერხა და მხოლოდ 22:18 მოიგო, რითაც მეტოქეს პრემიალური ქულა გაატანა. “ბრივს” 28 ქულა აქვს, მე-3 საფეხურამდე აღზევდა და ლიდერ “უაიონას” 7, ხოლო მეორეადგილოსანს, ასევე თოპ 14-იდან გასულ სეზონში დაქვეითებულ “ლიონს” 2 ქულით ჩამორჩება.
გურამ კავთიძის “ლიონმა” “კოლომიე” 24:6 დაამარცხა და 30 ქულა დააგროვა. ქართველ პირველხაზელს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მისი თანაგუნდელები კი, 4 ჯარიმით მე-20 წუთისთვის 12:0 იგებდნენ და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში სტუმრებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ 68-ე და 71-ე წუთებზე “ლიონმა” ორი ლელო გაიტანა და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მშვიდად მიიყვანა.
ზემოთ ნახსენებ “უაიონთან” სტუმრად 20:36 დამარცხდა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი”. ქართველ ლეგიონერთაგან ამ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ ასეიშვილმა მიიღო, რომელმაც პირველიდან 68-ე წუთამდე ითამაშა. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს უდიდესი უპირატესობა და 23:3 დაწინაურდნენ. “ორიაკმა” მეორე ტაიმში თავი გამოიდო და სხვაობის შემცირებასთან ერთად ორი ლელოც გაიტანა, თავად ჯამში ოთხი გაუშვა და ლიდერს პრემიალური ქულა არ დაანება. ამ მარცხის გამო ქართული ტრიოს გუნდი მესამედან მე-5 ადგილამდე დაეშვა. მასსავით 25-25 ქულა აქვთ მეოთხეადგილოსან “ლა როშელს” და “ალბის”.
ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბიმ” “ოში” 13:12 დაამარცხა და მე-6 საფეხურამდე აღზევდა. მასპინძლებმა 13-ივე ქულა პირველ ტაიმში აიღეს და 13:6 დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში ორი ჯარიმა გაუშვეს და მინიმალური სხვაობით იმარჯვეს. ხუთი ქართველი ლეგიონერიდან განაცხადში მხოლოდ ორი იყო და კობერიძე თამაშში 50-ე, ხოლო მაისურაძე 59-ე წუთზე ჩაერთო. “ალბი” მე-6 ადგილზეა.
ქართულ დერბიში გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილი, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბმა” დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასი” სტუმრად დაამარცხა. თამაში საინტერესო და დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა მისი ბედი დასკვნით წუთებზე გადაწყვიტეს. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ორივე ქართველი იყო და აშვეთია მე-60 წუთზე შეცვალეს, ხოლო სუთიაშვილი - 56-ეზე, ოღონდ, 72-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანს 4 წუთით დაუბრუნეს.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელი დადუნაშვილი და მეორეხაზელი ნემსაძე. პირველი 49-ე წუთზე შეცვალეს, მეორე შეუცვლელად გაისარჯა, ოღონდ 35-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი სინბინში გაატარა. 59-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში მირცხულავა. “ტარბი” ადრეული ლელოთი დაწინაურდა, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 28-ე წუთზე კი, უკვე “მასი” დაწინაურდა. ნემსაძის სინბინს “მასის” სასარგებლოდ საჯარიმო ლელო მოყვა და გარდასახვაც ზუსტი იუო, მაგრამ შესვენებამდე სტუმრებმა ჩამორჩენის ჯარიმით 5 ქულამდე დაყვანა შეძლეს - 16:11.
კაცნაკლულმა “ტარბმა” მეორე ნახევრის დასაწყისში სხვაობა არეკნით 2 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ჯერ ლელო-გარდასახვა გაუშვა, ხოლო 66-ე წუთზე ჯარიმა მიიღო და 14:26 ჩამორჩა. 72-ე წუთზე სტუმრებმა ლელო გაიტანეს და გარდასახვა გამოიყენეს, ბოლოსაც მაგრად შეუტიეს და დამატებულ წუთებზე ლელოთი წონასწორობა აღადგინეს, ხოლო ზუსტი გარდასახვით 28:26 იმარჯვეს. ამ გამარჯვებამ “ტარბი” 24 ქულით მე-8 ადგილამდე დააწინაურა, ერთმა პრემიალურმა ქულამ კი, “მასის” ვერ უშველა და ეს გუნდი 10 ქულით კვლავაც ბოლო მე-16 ადგილზე რჩება.
“ლა როშელთან” სტუმრად 11:48 დამარცხდა ბექა შეყლაშვილის “ბეზიე”. ქართველმა პირველხაზელმა პირველიდან 74-ე წუთამდე ითამაშა. მასპინძლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და 7 ლელო გაიტანეს. “ბეზიე” 14 ქულით მე-13 ადგილზეა და ორი ქულით უსწრებს ტარიელ რატიანიძის “დაქსს”, რომელიც მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა “კარკასონთან” სტუმრად 30:37 წაგებულ მატჩში. ქართველი პირველხაზელი განაცხადში არ იყო, ხოლო მისი გუნდი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით სჯობნის ბოლოსწინა ადგილზე მყოფ “ექს-ან-პროვანსს”. Pro D2-ის მომდევნო ტური 3 ნოემბერსაა დანიშნული.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია