ამბები

12:29 | 31.10.2012 | ნანახია 3002 - ჯერ

17-წლამდელები ელიტას გაუტოლდნენ

საქართველოს მორაგბეთა კარგი თაობა რომ ეზრდება და სამომავლოდ გულშემატკივრებს დიდი წარმატებების იმედი რომ უნდა ჰქონდეთ, პორტუგალიაში კიდევ ერთხელ დადასტურდა. “უმცროსმა ბოჯღალოსნებმა” გერმანიის შერცხვენის შემდეგ, მის გზას ბელგიაც გაუყენეს და პორტუგალიასთან ერთად ნაადრევად დაიბევეს ელიტრაუნდის საგზური.
წლის დასაწყისში გამართულ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ელიტარულ გუნდებთან თამაშის უფლება სწორედ საქართველომ და პორტუგალიამ მოიპოვეს. მაშინ ქართველებმა დრამატულ მატჩში იტალიელთა დამარცხება მოახერხეს (ერთხანს ჩვენი ბიჭები 12-13 კაცის ამარა თამაშობდნენ და ლელო გაიტანეს), შოტლანდიასთან იგივეს გასამეორებლად კი, გამოცდილება დააკლდათ. გაისად საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ამ გამოცდილების ნაკლებობა აღარ იქნება. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, კომპლექსი მოხსნილი იქნება, თორემ ასაკობრივი ნაკრებები წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად რომ იცვლება, ეს ყველასთვის ცხადია.
მომავალი წარმატებების იმედს “ბორჯღალოსანთა” ამჟამინდელი თამაშის ხარისხი და შედეგიანობა იძლევა. პირველ ტურში გერმანელთა ჩათვლის მოედნის 8-ჯერ აღების და მათი 50:13 განადგურების შემდეგ, ქართველებმა ბელგიას უარესი დამართეს, ცხრა უპასუხო ლელო მიუძღვნეს და მეტოქე 55:6 გაანადგურეს. რადგან 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საგზურს ორი საუკეთესო გუნდი იღებს, გერმანიის 34:3 მძლეველი პორტუგალიასა და საქართველოს კი, ბოლო ტურის წინ ქულათა მაქსიმუმი აქვთ და მდევრები ვეღარ დაეწევიან, მათ ელიტაში თამაში (ინგლისთან, ირლანდიასთან, საფრანგეთთან, უელსთან, შოტლანდიასთან და იტალიასთან) ნაადრევად გაინაღდეს და ბოლო ტურში ურთიერთშეხვედრაში შესარჩევი ტურნირის მომგებსღა გაარკვევენ, რომელიც საფრანგეთში, გრენობლში მე-7 გუნდის სტატუსით განითესება.
უშუალოდ ბელგიასთან მატჩს რაც შეეხება, ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ის საქართველოს ნაკრების სრული კარნახით წარიმართა. რაც ყველაზე მეტად სასიხარულოა, ქართველებმა დალაგებული და გააზრებული თამაში აჩვენეს და შედეგიც ამის ხარჯზე მიიღეს. დავით ჩავლეიშვილის შეგირდებს ჯარიმის კარში დარტყმაზე არც უფიქრიათ და პირველი ლელო მე-5 წუთზე ზაურ ხარებავამ გაიტანა. 4 წუთში ლელო იოსებ კიკვაძემ მიითვალა, კიდევ 5 წუთში თავი თემო თუთბერიძემ გამოიჩინა, ხოლო მე-19 წუთზე ბადრი ალხაზაშვილმა ანგარიში 26:0 გახადა და საქართველოს ნაკრებს პრემიალური ქულა გაუნაღდა.
იოსებ ტუკვაძემ ოთხიდან სამი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. შესვენებამდე თუთბერიძემ დუბლი მიითვალა, რაზეც ბელგიელებმა ერთადერთი ჯარიმით უპასუხეს და ტაიმი 31:3 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, რაზეც ქართველებისგან ოთხი ლელო მიიღო. 42-ე წუთზე დევი დევსურაშვილმა უწია მიზანს და ტუკვაძემაც გარდასახვა გამოიყენა. მერე შეცვლების დრო დადგა და სიტუაცია ცოტა ჩაწყნარდა, ხოლო დასკვნით 15 წუთში კიდევ სამი ლელო გავიგა - ბელგიელთა ჩათვლის მოედანზე ბურთი ბადრი დანღაძემ, თემურ ირემაძემ და ბადრი ლიპარტელიანმა დაამიწეს. ტუკვაძემ ერთი გარდასახვა გამოიყენა.
მიუხედავად იმისა, რომ მიზანი მიღწეულია, საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთანაც მხოლოდ მოსაგებად ითამაშებს და სამწვრთნელო შტაბი მომავალი მეტოქის შესასწავლად მასპინძლებისა და გერმანიის თამაშს დაესწრო, ამიტომ ბელგიასთან მატჩზე კომენტარი 17-წლამდელთა ნაკრების მენეჯერმა ზურაბ ამონაშვილმა გააკეთა:
“ძალიან კარგი თამაში იყო. არ შეიძლება, არ აღინიშნოს მწვრთნელების მუშაობა, რომლებმაც ზუსტად შეისწავლეს ბელგიელთა ძლიერი და სუსტი მხარეები. მოხდა მოწინააღმდეგის თამაშის დეტალური განხილვა, მოთამაშეებს მიეცათ კონკრეტული დავალებები, რომელიც ბიჭებმა ზედმიწევნით შეასრულეს. დაბალანსებული იყო შერკინებისა და ხაზის თამაში, რაც ბელგიელებისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა.
ჩვენს მიერ გატანილი ლელოების უმეტესობა იყო კარგად გააზრებული და ზუსტად შესრულებული კომბინაციური და გუნდური თამაშის შედეგი. ბელგიელებმა რამდენიმეჯერ სცადეს სათამაშო სტილის შეცვლა, თუმცა ჩვენები დაცვაში უშეცდომოდ თამაშობდნენ და მოწინააღმდეგის ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. შერკინებაში მოპოვებული უპირატესობის შემდეგ, ბურთი სწრაფად გამოდიოდა ხაზზე, რაც ბელგიელებს აიძულებდა, უკან დაეხიათ და დაცვაში ნაპრალები დაეტოვებინათ, რასაც ბიჭები კარგად იყენებდნენ.
ტაიმის ბოლოს, როდესაც უკვე დიდი ანგარიშით ვიგებდით, ბიჭები ცოტათი მოეშვნენ და დაცვაში რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, თუმცა შესვენებაზე მწვრთნელებმა ზუსტი მითითებები მისცეს და თამაშიც კვლავ გამოსწორდა. შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა სამუშაო კვლავაც არის და ვეცდებით, პორტუგალიასთან მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ. დღეს ბიჭები დაისვენებენ, მხოლოდ ვიდეოანალიზი გვექნება, საღამოს ყველა ერთად ჩვენი 19-წლამდელების საგულშემატკივროდ წავალთ”.
ბოლო მატჩს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 2 ნოემბერს პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს და ის თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

18-წლამდელ მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი
პორტუგალია. ლისაბონი
I რაუნდი. 27 ოქტომბერი

საქართველო - გერმანია 50:13 (33:6)
პორტუგალია - ბელგია 38:10
II რაუნდი. 30 ოქტომბერი
საქართველო - ბელგია 55:6 (31:3)
საქართველო:
15. იოსებ კიკვაძე (23. დავით ლობჟანიძე 60), 14. დევი დევსურაშვილი, 13. სანდრო ილურიძე, 12. თემურ ირემაძე, 11. ბადრი ლიპარტელიანი, 10. იოსებ ტუკვაძე, 9. თემო თუთბერიძე (24. ვასილ ლობჟანიძე 49); 1. ზაურ ხარებავა (25. ბადრი დანღაძე 56), 2. ბადრი ალხაზაშვილი (კაპ) (16. გიორგი თორაძე 54), 3. ბექა კაკაბაძე (17. დავით ფხაკაძე 51), 4. როლანდ კვაჭაძე, 5. გუგა ხანთაძე (18. გიორგი როყვა 44), 6. დავით პაპავაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი (26. გიორგი ხვისტანი 54), 8. ჟორა მღებრიშვილი (19. ბექა გორგაძე 51).
არ უთამაშიათ: 20. დავით გულიტაშვილი, 21. რევაზ ჯინჭველაშვილი, 22. ირაკლი სვანიძე.
მთავარი მწვრთნელი: დავით ჩავლეიშვილი
მწვრთნელი: მამუკა ტყეშელაშვილი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ირაკლი ჭყონია
მენეჯერი: ზურა ამონაშვილი
ექიმი: სერგო ბერიაშვილი
ექიმი: გიორგი მაისურაძე

პორტუგალია - გერმანია 34:3
 

1 საქართველო 2 2 0 0 105-19 10
2 პორტუგალია 2 2 0 0 72-13 10
3 გერმანია 2 0 0 2 16-84 0
4 ბელგია 2 0 0 2 16-93 0


III რაუნდი. 2 ნოემბერი
ბელგია - გერმანია
საქართველო - პორტუგალია
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.137872