ამბები

15:42 | 31.10.2012 | ნანახია 3341 - ჯერ

მარტივი ამოცანა 19-წლამდელებისთვის და უთავბოლო ფირა

რაგბში და ზოგადად სპორტში მარტივად რომ არაფერი ხდება, ყველასთვის ცნობილია. მას შემდეგ, რაც ქართველთაგან განადგურებულმა ესპანეთმა ჩვენს მომავალ მეტოქე რუმინეთს აჯობა, “უმცროს ბორჯღალოსნებს” ფინალური მატჩის საგზურის მისაღებად მართლაც მარტივი ამოცანა დარჩათ გადასაჭრელი.
ახლა სულაც არაა აუცილებელი მეტოქის დამარცხება და რაც შეიძლება მეტი ქულის დაგროვება. უბრალოდ, რუმინეთმა დიდი სხვაობით არ უნდა გვაჯობოს და საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ერთი პრემიალური ქულის აღებით ფინალში თამაშის უფლებას მიიღებს. თუმცა, ეჭვიც არავის შეეპაროს, რომ ქართველი მორაგბეები ამ ყველაფერს არაფრად დაგიდევენ და მეტოქეს მთელი მონდომებით, ძალების სრული დახარჯვით ეკვეთებიან და დიდი ალბათობით, გამარჯვებითაც გაგვახარებენ.
აქ მომავალი მატჩიდან ცოტა გადავუხვიოთ და თქვენს ყურადღებას ევროპული რაგბის მმართველ ორგანიზაცია ფირას უთავბოლობაზე შევაჩერებთ. ჯერ კიდევ გუშინ, მის ოფიციალურ საიტზე განთავსებული იყო ცხრილი, სადაც პირველი ადგილი ორმატჩმოვლილ ესპანეთს 4 ქულით ეკავა, ხოლო ერთიდან ერთის მომგები საქართველო მეორე იყო. ეს იმიტომ, რომ თავდაპირველად ქულათა დარიცხვის სისტემა ასეთი (ძველებური) იყო - მოგება 3 ქულა, ფრე 2 ქულა და მარცხი 1 ქულა. არ მოქმედებდა 4 და მეტი ლელოს გატანისთვის და 7 და ნაკლები ქულით მარცხისთვის პრემიალური ქულების დარიცხვა.
დღეს დილით, როდესაც ორი რაუნდი უკვე გავლილია და წინ ჯგუფური ეტაპის დასკვნითი თამაშებიღა დარჩა, ცხრილი შეიცვალა, იქ გათვალისწინებულია პრემიალური ქულები და რადგან საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში ესპანეთს 4 ლელო გაუტანა, პრემიალური ქულაც უწერია და ერთიდან 1 მოგებით და 5 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო 4-ქულიანი ესპანეთი მეორეა. ფირა-ს უთავბოლობაზე ისიც მეტყველებს, რომ პირვანდელი ინფორმაციით, ჯგუფურ ეტაპზე გუნდებს ორი 20-წუთიანი ტაიმები უნდა ეთამაშათ, მაგრამ საბოლოოდ სრული (ამ ასაკისთვის), 35-წუთიანი ტაიმები ჩაატარეს.
ახლა მომავალ მატჩს დავუბრუნდეთ, რომელიც თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და დიდი ალბათობით, მისი დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრები 3 ნოემბერს გასამართ ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს. მოგვიანებით მეორე ჯგუფში მასპინძელი პორტუგალია ბელგიას ეთამაშება და თუ არ დამარცხდა, ფინალში “ბორჯღალოსანთა” მეტოქე სწორედ ის იქნება. შეგახსენებთ, წელს ევროპიდან გაისად ჩილეში გასამართი მსოფლიო თასის “ალაფაზე” მხოლოდ გამარჯვებული გავა, რადგან ევროპის ერთი ადგილი ელიტიდან დაქვეითებულმა იტალიამ უკვე დაიკავა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები: გიორგი თეთრაშვილი (“ალბი”, საფრანგეთი), ვახტანგ ახობაძე (“ალბი”, საფრანგეთი), გიორგი შარაშიძე (“კლერმონი”, საფრანგეთი), გიორგი მარგველანი (ივერია), დავით ხიდეშელი (ლელო), გიორგი სულუაშვილი (“სტრასბურგი”, საფრანგეთი), თორნიკე ჯიბლაძე (არმაზი), მინდია ელგუჯაური (“მასი”, საფრანგეთი), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქები), გიორგი გეგია (ლოკომოტივი), თორნიკე გოგლიძე (არმია), ვახო ამირანაშვილი (ივერია), შალვა შაშიაშვილი (აია), ფარნავაზ გასვიანი (ლოკომოტივი), ონისე მოგელაშვილი (ჯიქები), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), ირაკლი ლოლუა (ლელო), გიორგი აფციაური (არმია), რევაზ ბროძელი (არმაზი), გიორგი თუთბერიძე (ბაგრატი), ნიკოლოზ ამაშუკელი (ჯიქები), გიორგი ფრუიძე (აია), მურაზი გიორგაძე (პატარძეული), გიორგი კოდუა (თიბისი), ილია მელაძე (აკადემია), საბა ნიკოლავა (არმია).
მთავარი მწვრთნელი: იან სმითი
მწვრთნელი: ლადო კილასონია
მენეჯერი: გიორგი მაისურაძე
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” ევროპის შესარჩევი ტურნირი
A ჯგუფი
27 ოქტომბერი

საქართველო - ესპანეთი 31:13 (17:8)
 

29 ოქტომბერი
რუმინეთი - ესპანეთი 10:16
 

31 ოქტომბერი
საქართველო - რუმინეთი
 

1 საქართველო 1 1 0 0 31-13 5
2 ესპანეთი 2 1 0 1 29-41 4
3 რუმინეთი 1 0 0 1 10-16 1


B ჯგუფი
პორტუგალია - რუსეთი 14:8
 

29 ოქტომბერი
ბელგია - რუსეთი 24:24
 

31 ოქტომბერი
პორტუგალია - ბელგია
 

1 პორტუგალია 1 1 0 0 14-8 4
2 რუსეთი 2 0 1 1 32-38 3
3 ბელგია 1 0 1 0 24-24 2


3 ნოემბერი. ფინალები
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107187