საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრე დაახლოებით ერთი კვირის წინ დასრულდა და მეორე შესვენების გარეშე იწყება. აქამდე პირველობის თამაშები ორ დღეზე ნაწილდებოდა, X რაუნდის ხუთი შეხვედრა კი, სამ დღეზეა გაწელილი.
პარასკევს, 2 ნოემბრის საღამოს, 18 საათზე მეორე წრე დედაქალაქური დერბით, “აკადემიასა” და ლიდერ “ლელოს” დაპირისპირებით იწყება. პირველ წრეში ამ გუნდებმა “ავჭალაზე” ითამაშეს, ამჯერად კი, ერთურთს “შევარდენზე” გაეჯიბრებიან. შეგახსენებთ, ორი თვის წინ გამართულ შეხვედრაში “ლელო” სრულ უპირატესობას ფლობდა, მეტოქეს სამი უპასუხო ლელო გაუტანა, ის მშრალზე დაამარცხა (25:0) და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
მას შემდეგ “ლელო” მუდამ მოწინავეთა შორისაა და პირველ წრეში ჩატარებული 9 მატჩიდან 8-ში გამარჯვება იზეიმა, თანაც ხუთ შემთხვევაში პრემიალური ქულაც ჩაიწერა. “ლელომ” პრემიალური ქულა წაგებულ თამაშშიც აიღო და 38 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. “აკადემია” ცოტას იტანს და ბევრს უშვებს. პირველ წრეში მან შვიდი თამაში წააგო და მხოლოდ ერთხელ აიღო პრემიალური ქულა. მის ანგარიშზეა პირველი წრის სარეკორდო მარცხი (“აიასთან” 8:76), მაგრამ გუნდმა ორი თამაშის მოგება მაინც მოახერხა.
აკადემიელებმა პირველად უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “ყოჩები” 6:3 დასცეს, ხოლო ერთი კვირის წინ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდთან სენსაცია გამოაცხეს, “ლოკომოტივს” სრულიად დამსახურებულად 19:10 მოუგეს და რაღა თქმა უნდა, მეტის ამბიციაც გაუჩნდათ. ახლა ისინი ამ ამბიციის გამყარებას “ლელოსთან” ეცდებიან, რომელმაც პირველი წრის პირველი მატჩის მსგავსად, ერთი კვირის ბოლო მატჩიც მშრალად მოიგეს (“ხარებთან” 27:0). “აკადემიისგან” განსხვავებით “ლელოს” მიზანი არა მხოლოდ ამ მატჩის მოგება, არამედ პრემიალური ქულის აღება და ლიდერობის შენარჩუნება იქნება.
“ყოჩები” სატურნირო ცხრილის ფსკერზე სწორედ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის სენსაციური მარცხის შემდეგ დაეშვა. გაიმეორებს თუ არა “ლოკომოტივი” იმავე შეცდომას, რაც ერთი კვირის წინ დაუშვა, შაბათს 3 ნოემბერს, “ავჭალის” სტადიონზე გამოჩნდება. მაშინ “რკინიგზელთა” მარცხი უმთავრესად მეტოქის დაუფასებლობამ გამოიწვია. მართალია, “ყოჩებს” “აკადემიასთან” პირადი მატჩიც წაგებული აქვს, მაგრამ მთლიანობაში ეს გუნდი უფრო შედეგიან რაგბს თამაშობს, ლელოებიც გააქვს და ამის გამოა 3-ჯერ პრემიალური ქულის აღება რომ მოახერხა. გამარჯვებით “ყოჩებმა” მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს, როდესაც სამი კვირის წინ “ბათუმს” 34:32 სძლიეს.
“ლოკომოტივი” წელს არეულ თამაშს აჩვენებს. შედარებით ძლიერ მეტოქეებთან ამ გუნდს მობილიზება არ უჭირს და თუ აგებს პრემიალურ ქულას მაინც იღებს, აუტსაიდერებთან კი უხარისხო რაგბის აჩვენებს. შეძლებს თუ არა თემურ ბენდიაშვილი შეგირდების სათანადოდ განწყობას, 15 საათიდან გამოჩნდება. ისე, “ლოკომოტივი” საპლეიოფო მე-6 ადგილს ჯერ კი იკავებს, მაგრამ მდევარიც სულ ახლოსაა და თუ ძალიან არ მოინდომა, მერე შეიძლება გვიანი იყოს. პირველ წრეში “ლოკომოტივი” მეტოქეს საგრძნობი უპირატესობა ამარცხებდა, მაგრამ მერე მოეშვა, ორი ლელო გაუშვა, მოგვიანებით თავად მეოთხე კი გაიტანა, მაგრამ პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა - 28:12.
“ლოკომოტივთან” ყველაზე ახლოს “ბათუმი” იმყოფება, რომელსაც მასზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და 4 ქულით ჩამორჩება. ბათუმელები მეორე წრის სტარტზე “ანგისაზე” ქუთაისის “აიას” უმასპინძლებენ, რომელსაც პირველ წრეში მედგარი ბრძოლა გაუმართეს, ლელო-გარადასახვა ბოლოსღა გაუშვეს და 3:13 დამარცხდნენ, მაგრამ ამის შემდეგ “ბათუმი” დიდ ვერაფერ შედეგს აჩვენებს, “აია” კი, პირიქით.
ქუთაისელებს საწყისი ორი გამარჯვების შემდეგ ერთგვარი ჩავარდნა ჰქონდათ და სამი თამაშიდან ორი დათმეს, ხოლო ერთი ფრედ დაასრულეს. სამაგიეროდ, შემდეგ გუნდი ჩვეულად ლაღად ათამაშდა და ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო, თანაც ბოლო სამ შემთხვევაში პრემიალური ქულებიც ჩაიწერა და სარეკორდო გამარჯვებები იზეიმა. “ბათუმს” თამაშის დალაგება უჭირს, მაგრამ ეს გუნდი განსაკუთრებით კარგად საკუთარ “ანგისაზე” თამაშობს. სწორედ იქ მოიგო მან სამივე თამაში და ზღვისპირელებს ამჯერადაც საშინაო კედლების იმედი ექნებათ, მით უმეტეს, რომ “ლოკომოტივის” წარუმატებლობამ მათი ექვსეულში შესვლის შანსი გაუჩინა, მაგრამ გატეხავს თუ ვერა ზღვის ჰაერი “აიას”, ძნელი სათქმელია. თამაში იქაც 15 საათზე იწყება.
15 საათზე იწყება თამაში რუსთავშიც, სადაც ადგილობრივი “ხარები” თბილისის “არმაზს” დაუხვდება. რუსთაველები ნოემბრის თვეს იმედიანად უნდა ხვდებოდნენ, რადგან ოქტომბერში მათ ოთხი თამაში ჩაატარეს და ოთხივე წააგეს, არადა, ბათუმელების მსგავსად ექვსეულისთვის პრეტენზია მათაც გააჩნდათ. “არმაზის” ამბიცია უფრო დიდია. ამ გუნდმა სეზონის სტარტზე ლიდერებს შორის დაიმკვიდრა ადგილი და მართალია, ბოლო დროს ცოტა გაუჭირდა, მაგრამ ერთი კვირის წინ “ჯიქებთან” დაძაბული და დრამატული მატჩის 20:19 მოგებით (დავით კიკნაძემ ბოლო წუთზე ცენტრიდან გაიტანა ჯარიმა), მე-4 ადგილზე დაიმკვიდრა ადგილი და დიდი ალბათობით საჩემპიონო ექვსეულშიც მოხვდება.
“არმაზის” ოთხმატჩიანი მოგებათა სერია სექტემბრის დასაწყისში სწორედ “ხარების” 20:7 ძლევით დაიწყო. რუსთაველების პრობლემა ისაა, რომ მათი ძირითადი 9 ნომერი ვაჟა ხუციშვილი 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად პორტუგალიაში მსოფლიო თასის “ალაფის” საგზურისთვის იბრძვის და ეს დიდი დანაკლისია, “არმაზის” თამაში კი, დიდწილადაა დამოკიდებულ დავით კიკნაძეზე. როცა თბილისელთა ათიანი მოედანზეა, მეტოქემ არასდროს არ იცის შეტევა საიდან და რა კუთხით განვითარდება და 50 მეტრის რადიუსში ჯარიმის აღებაც პრაქტიკულად მეტოქისთვის 3 ქულის ბოძების ტოლფასია.
X რაუნდის ცენტრაული მატჩი განცალკევებით, კვირას 15 საათზე შედგება. “ავჭალაზე” დედაქალაქურ დერბიში “ილიაუნი ჯიქი” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “არმიას” ეთამაშება. ორივე გუნდი ექვსეულისთვის იბრძვის, ოღონდ, რაღა თქმა უნდა არმიელები ტიტულის შენარჩუნებაზეც ფიქრობენ, ხოლო დებიუტანტი “ჯიქები” ექვსეულის შემდეგ ოთხეულში შესვლითაც კმაყოფილი უნდა იყოს. პირველ წრეში “ჯიქებმა” არმიასთან მთელი 60 წუთი იბრძოლა, მაგრამ მერე გამოცდილებამ თავისი გაიტანა და “არმიამაც” 35:19 იმარჯვა.
“არმიამ” ერთადერთი მარცხი მეორე ტურში განიცადა და მას შემდეგ ზედიზედ შვიდი თამაში მოიგო. ის ლიდერ “ლელოს” ერთი ქულით ჩამორჩება, მეტოქის მატჩის შედეგი წინდაწინ ეცოდინება და ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მონდომებით ითამაშებს – ერთ შემთხვევაში გალიდერების, ხოლო მეორეში კონკურენტთან მინიმალური სხვაობის შენარჩუნების სურვილი ექნება. “ჯიქებს” მონდომება და ბრძოლისუნაქრიანობა არ დაეწუნებათ, მაგრამ აგერ უკვე ზედიზედ მესამე მატჩში დამარცხდნენ და ჯერჯერობით თუ მათ ექვსეულში მოხვედრას საფრთხე არ ემუქრება, თუ ასე გაგრძელდა ამ საშიშროების წინაშეც დადგებიან.
ნებისმიერ შემთხვევაში, კვირას “ავჭალაზე” მისული მაყურებელი საინტერესო ბრძოლის მომხრე გახდება, მერე კი, ეროვნულ ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული ლამის ერთთვიანი პაუზა გამოცხადდება.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. X რაუნდი
2 ნოემბერი. პარასკევი
თბილისი. “შევარდენი”. 18:00
აკადემია (თბილისი) - ლელო (თბილისი)
3 ნოემბერი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”. 15:00
ყოჩები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ბათუმი. “ანგისა”. 15:00
ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი)
რუსთავი. ტექნიკუმი. 15:00
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი)
4 ნოემბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 15:00
ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - არმია (თბილისი)
1 | ლელო | 9 | 8 | 0 | 1 | 258-112 | 38 |
2 | არმია | 9 | 8 | 0 | 1 | 250-139 | 37 |
3 | აია | 9 | 6 | 1 | 2 | 251-131 | 30 |
4 | არმაზი | 9 | 6 | 0 | 3 | 181-160 | 25 |
5 | ჯიქები | 9 | 4 | 0 | 5 | 163-151 | 21 |
6 | ლოკომოტივი | 9 | 3 | 1 | 5 | 177-169 | 18 |
7 | ბათუმი | 8 | 3 | 0 | 5 | 130-177 | 14 |
8 | ხარები | 8 | 2 | 0 | 6 | 92-196 | 9 |
9 | აკადემია | 9 | 2 | 0 | 7 | 74-259 | 9 |
10 | ყოჩები | 9 | 1 | 0 | 8 | 142-234 | 7 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია