საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარული დივიზიონის - Top 14-ის X ტური წარმატებული გამოდგა ქართველი ლეგიონერების კლუბებისთვის. სატურნირო ცხრილის თავში მყოფი ხუთი გუნდიდან ყველამ მოიგო და პოზიციები გაიმყარა, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულო კი ისაა, რომ წლევანდელ სეზონში მეორედ ითამაშეს ვასილ კაკოვინმა და ვიტო კოლელიშვილმა.
სულ მალე “ბორჯღალოსნებს” ორი მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩი ელით იაპონიისა და ფიჯის ნაკრებების წინააღმდეგ და ამდენად, ქართველი მორაგბეების ჯანმრთელად და საუკეთესო ფორმაში ყოფნა ორმაგად მნიშვნელოვანია. ფრანგულ გრანდ “ტულუზაში” “ბრივიდან” გადასულ ვასილ კაკოვინს, ტრავმამ ახალ გუნდში საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენის საშუალება ჯერ არ მისცა და სასიხარულოა, მისი მოედანზე დაბრუნება.
კაკოვინის და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზამ”, რომელიც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი და მოქმედი ჩემპიონია, “რასინგ მეტროს” უმასპინძლა, მას 32:13 აჯობა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. თამაშს 19 ათასი მაყურებელი დაესწრო და ტრავმირებულ ბრეგვაძეს მასში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო კაკოვინმა პირველიდან 47-ე წუთამდე ითამაშა. სტუმრებმა მასპინძლების ჯარიმას ლელო-გარდასახვით უპასუხეს და ერთი ხანობა დაწინაურდნენ, მაგრამ მერე ორი ლელო გაუშვეს, ერთი გარდასახვა ზუსტი იყო, შესვენებამდე “რასინგ მეტრომ” ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 15:10 დასრულდა.
“ტულუზამ” მეორე ტაიმში გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და კაკოვინის შეცვლამდე ჯარიმით, ლელოთი და გარდასახვით მონაგარს 10 ქულა შემატა. ამის შემდეგ მასპინძლებმა პრემიალური ქულის ასაღებად დაიწყეს ზრუნვა და 73-ე წუთზე მეოთხე ლელოც გაიტანეს, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს და მეხუთე ქულაც ჩაიწერეს. ახლა “ტულუზას” 34 ქულა აქვს და მე-3 ადგილს ინარჩუნებს.
ტრადიციულად, გასვლაზე მძიმე თამაშები აქვს “კლერმონს” და გამონაკლისი არც “აჟენთან” სტუმრობა იყო. დავით ზირაქაშვილი განაცხადში არ იყო, სამაგიეროდ, ამ სეზონში მეორედ მოხვდა 23 კაცში ვიტო კოლელიშვილი და თამაშში 66-ე წუთიდან ჩაერთო. შარშან მან მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, წელს კი, მოედანზე უკვე მეორედ გამოჩნდა. თამაშს 9500 მაყურებელი დაესწრო და მათ პირველ ტაიმში სტუმართა ერთადერთი ჯარიმა იხილეს.
“კლერმონმა” მეორე ნახევრის დასაწყისში ლელო გაიტანეს და 8:0 დაწინაურდნენ, მერე მასპინძლებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, რაზეც “კლერმონისგან” ორი ლელო მიიღეს და ანგარიში 18:6 გახდა, რადგან არცერთი გარდასახვა ზუსტი არ იყო. სამ უპასუხო ლელოზე სტუმრები პრემიას მიიღებდნენ, მაგრამ 66-ე წუთზე ლელო გაუშვეს. გარდასახვა ვერც “აჟენმა” გამოიყენა და დასკვნითმა წუთებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ ქულა არცერთ გუნდს აღარ აუღია და “კლერმონმა”, რომელიც 36 ქულით მეორე ადგილზეა 18:11 იმარჯვა.
41 ქულით პირველ ადგილს ინარჩუნებს დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონი”, რომელმაც ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” უმასპინძლა” და 24:19 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ქუბრიაშვილი იყო და ის თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო. თამაში დაძაბული გამოდგა და მასპინძლებს 4 ქულის მოპოვება დიდ ოფლისღვრად დაუჯდათ.
პირველ ტაიმში ჯონ უილკინსონის გატანილ ოთხ ჯარიმას პარიზელებმა ჯარიმით და არეკნით უპასუხეს - 12:6. მეორე ნახევრის დასაწყისში ინგლისელმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა, სტუმრებმა ერთით უპასუხეს და 69-ე წუთამდე საქმე მშვიდად მიდიოდა. მერე “სტად ფრანსემ” ჯარიმა გაიტანა, ორ წუთში შეხვედრის ერთადერთი ლელო და ზუსტი გარდასახვით 19:18 დაწინაურდა. დასკვნითმა წუთებმა მასპინძლების იერიშებში ჩაიარა და უილკინსონმა 74-ე და 77-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ”, აუტსაიდერი “მონ დე მარსანი” პრემიალური ქულით, 32:16 დაამარცხა. სტუმართა განაცხადში არ იყო მჭედლიძე, მასპინძელთა რიგებში არ უთამაშია ჟღენტს, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს გორგოძე, ხოლო ნარიაშვილი თამაშში 71-ე წუთიდან ჩაერთო და მატჩის მიწურულს სინბინი დაიმსახურა.
სტუმრებმა საწყის 20 წუთში მედგრად იბრძოლეს და ორ ჯარიმას ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს. შესვენებამდე მათ მესამე ჯარიმაც გაიტანეს, მაგრამ მანამდე და მერე ლელოები გაუშვეს, ერთი გარდასახვა ზუსტი იყო და ტაიმი 18:9 დასრულდა. მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში ნაგუსამ ორჯერ დაიჭირა მეტოქე კონტრშეტევაზე და “მონპელიე” 32:9 დაწინაურდა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე “მონ დე მარსანმა” ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ ამან მასპინძლებს არაფერი დააკლო და ის ახლა მე-4 ადგილს 32 ქულით იკავებს, ხოლო “მონ დე მარსანი” 2 ქულით ბოლო ადგილზეა.
ტრავმის შემდეგ “კასტრის” ძირითად შემადგენლობაში ადგილს იბრუნებს ანტონ ფეიქრიშვილი, რომელმაც წლევანდელ სეზონში უკვე მესამე მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისმა გუნდმა “პერპინიანს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მომხვდური 38:36 დაამარცხა, ხოლო ქართველმა პირველხაზელმა მოედანზე 45 წუთი გაატარა. ამ მატჩში გუნდებმა სამ-სამი ლელო გაიტანეს. მასპინძლებმა მეტოქის ჩათვლის მოედანში სამივეჯერ პირველ ტაიმში შეაღწიეს, ანუ, როდესაც ფეიქრიშვილი მოედანზე იყო და ტაიმი 23:16 მოიგეს.
მეორე ტაიმში “კასტრი” უკვე ჯარიმების და არეკნების იმედად იყო. “პერპინიანმა” 47-ე და 58-ე წუთებზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა (23:23 და 26:26), მაგრამ 67-ე წუთისთვის 26:35 ჩამორჩა, თანაც, ამ დროისთვის მოედანზე კაცნაკლული დარჩა და თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ხუთ წუთში მათ ლელო, გარდასახვა და არეკნი გაიტანეს და ერთი ქულით დაწინაურდნენ. “კასტრმა” გამარჯვება 79-ე წუთზე, რთული პოზიციიდან, დაახლოებით 45 მეტრიდან გატანილი ჯარიმით მოიპოვა და 28 ქულით მე-5 ადგილი შეინარჩუნა.
ამავე ტურის დანარჩენ მატჩებში “გრენობლმა” “ბიარიცი” 34:21 დაამარცხა, ხოლო “ბაიონმა” “ბორდოს” 22:11 აჯობა. Top 14-ის მომდევნო ტური 9-10 ნოემბერსაა დანიშნული, რის შემდეგაც დეკემბრამდე სანაკრებო მატჩებითვის განკუთვნილი პაუზა გამოცხადდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია