ამბები

18:31 | 3.11.2012 | ნანახია 3145 - ჯერ

“ალაფის” ერთი საგზურისთვის პორტუგალიისა და მსაჯის წინააღმდეგ

საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრებს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში დღეს საღამოს რთული და მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრა მოუწევს.
20 წლამდე მორაგბეთა გაისად ჩილეში გასამართი მსოფლიოს თასის “ალაფაზე”, ევროპიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის და ფინალში “უმცროს ბორჯღალოსნებს” მასპინძელი პორტუგალიის უცილობლად დამარცხება მართებს. სირთულე ისაა, რომ ბოლო წლებში პორტუგალიელთა ახალგაზრდული გუნდები წარმატებულ რაგბის თამაშობენ, ერთი თამაშის უმაღლეს დონეზე ჩატარება, მით უმეტეს საკუთარ მოედანზე, ნებისმიერ გუნდს შეუძლია და ამასთან, 17-წლამდელებს იმავე პორტუგალიელებთან რეფერიმ ისეთი რამ დამართა, უკეთესს არც დღეს უნდა ველოდეთ. იმედია, უმცროსი მეგობრების მსგავსად, დასახულ ამოცანას და სირთულეებს თავს ჩვენი 19-წლამდელებიც გაართმევენ და გაისად ჩილეში გაემგზავრებიან.
წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ევროპიდან “ალაფის” საგზურს მხოლოდ გამარჯვებული იღებს, რადგან მსოფლიოს 12 ელიტარულ გუნდს წელს იტალია დაემშვიდობა და ავტომატურად დაიკავა “ალაფაზე” ევროპისთვის განკუთვნილი ორი ადგილიდან ერთი. შესაბამისად, შესარჩევი სისტემაც შეიცვალა და ექვსი მონაწილე გუნდი ორ სამგუნდა ჯგუფად გაიყო. საქართველოს ნაკრებმა თავის ჯგუფში ჯერ ესპანეთი დაამარცხა პრემიალური ქულით 31:13, ხოლო მერე რუმინეთს სძლია 20:11. მეორე ჯგუფში პორტუგალიამ რუსეთს 14:8 აჯობა, ხოლო ბელგიას ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით 21:18 მოუგო (თუმცა, ფინალში გასასვლელად ფრეც ყოფნიდა) და ფინალში საქართველოზე გავიდა.
ფინალური შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე ცენტრალურ სტადიონზე დაიწყება. მატჩის წინ ნაკრების მწვრთნელმა ლადო კილასონიამ გუნდის მზადყოფნაზე და ჩვენი ნაკრების შანსებზე ისაუბრა.
ლადო კილასონია (საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მწვრთნელი): “ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები არ არის, თუმცა, თადარიგში გვყავს ორი ახალბედა - თორნიკე გოგლიძე და გიორგი შარაშიძე. ორივე მოთამაშე ნაკრების მაისურს პირველად მოირგებს. გოგლიძემ და შარაშიძემ ტრავმირებული შაშიაშვილი და მარგველანი შეცვალეს. გუნდში საბრძოლო განწყობაა, ბიჭები ფინალური მატჩისთვის მზად არიან. გვქონდა მატჩების ვიდეო ანალიზი და კონკრეტული დავალებებიც მივეცით მოთამაშეებს. პორტუგალიას კარგი გუნდი ყავს, თუმცა სუსტი რგოლებიც აქვთ და სწორედ მათ გამოყენებას შევეცდებით.
ლისაბონში მეორე დღეა წვიმს, რაც აუცილებლად მატჩის მსვლელობაზეც იმოქმედებს. გუშინ ჩვენი 17-წლამდელების ფინალურ მატჩზე ვიყავით, ძალიან კარგად ითამაშეს, სწორად, გამართულად და რაც მთავარია, შედეგიანად. დღეს ჩვენი ჯერია და ვეცდებით ჩვენი თამაში ვითამაშოთ, დანარჩენი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან: 15. საბა ნიკოლავა, 14. ილია მელაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 12. რევაზ ბროძელი, 11. მურაზ გიორგაძე, 10. გიორგი აფციაური, 9. ვაჟა ხუციშვილი; 1. გიორგი თეთრაშვილი, 2. დავით ხიდეშელი (კაპ.), 3. ვახტანგ ახობაძე, 4. გიორგი მჭედლიშვილი, 5. გიორგი გეგია, 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ონისე მოგელაშვილი, 8. ვახტანგ ამირანაშვილი.
სათადარიგოები: 16. გიორგი სულუაშვილი; 17. თორნიკე ჯიბლაძე; 18. გიორგი შარაშძე; 19. თორნიკე გოგლიძე; 20. ირაკლი ლოლუა; 21. მინდია ელგუჯაური; 22. გიორგი თუთბერიძე; 23. გიორგი კოდუა.
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
მწვრთნელი: ლადო კილასონია
მენეჯერი: გიორგი მაისურაძე
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” ევროპის შესარჩევი ტურნირი
A ჯგუფი
27 ოქტომბერი

საქართველო - ესპანეთი 31:13 (17:8)
29 ოქტომბერი
რუმინეთი - ესპანეთი 10:16
31 ოქტომბერი
საქართველო - რუმინეთი 20:11 (13:6)

 

1 საქართველო 2 2 0 0 51-24 9
2 ესპანეთი 2 1 0 1 29-41 4
3 რუმინეთი 2 0 0 2 21-36 1


B ჯგუფი
პორტუგალია - რუსეთი 14:8
29 ოქტომბერი
ბელგია - რუსეთი 24:24
31 ოქტომბერი
პორტუგალია - ბელგია 21:18

 

1  პორტუგალია 2 2 0 0 35-26 8
2 ბელგია 2 0 1 1 42-45 3
3  რუსეთი 2 0 1 1 32-38 3


3 ნოემბერი. V ადგილისთვის
რუმინეთი - რუსეთი
III ადგილისთვის
ესპანეთი - ბელგია
ფინალი
საქართველო - პორტუგალია (20:00 თბ. დრ.)


ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.131315