ამბები

19:47 | 3.11.2012 | ნანახია 2490 - ჯერ

“ლოკომოტივი” “ყოჩებთან” გამოსწორდა

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა, თბილისის “ლოკომოტივმა” ერთი კვირის წინ დაშვებული შეცდომები გაითვალისწინა, აუტსაიდერ “ყოჩებთან” სათამაშოდ მობილიზებული გავიდა და 34:14 იმარჯვა.
ეს მოგება იოლად არ მოსულა, რადგან “ყოჩებმა” ტრადიციულად იბრძოლეს და ორი ლელოც გაიტანეს, მაგრამ უფრო მაღალი კლასის “ლოკომოტივთან” ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თემურ ბენდიაშვილის შეგირდებს გული ერთადერთი იმაზე თუ დაწყდებათ, რომ ორის წილ მხოლოდ ოთხი ლელო გაიტანეს, ანუ სამით მეტი ვერა და პრემიალური ქულა ვერ აიღეს. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეშიც ამ გუნდების შეხვედრაში ლელოებით 4:2 დაფიქსირდა და “რკინიგზელები” მაშინაც პრემიალური ქულის გარეშე დარჩნენ.
მატჩის დებიუტში “ლოკომოტივმა” ქულების მარტივი ხერხით დაგროვება განიზრახა და ვახტანგ კავთიძემ ორი ჯარიმა გაიტანა. ამაზე “ყოჩებმა” კარგი იერიშით უპასუხეს და მეტოქის 22-ში რამდენიმე დარტყმის შემდეგ, მალხაზ ქუშაშვილის ლელო შედგა, ხოლო გიგი გაბუნიამ გარდასახვით თავისიანები დააწინაურა. ეს ტაიმის შუაში მოხდა და სამიოდე წუთში “ყოჩების” უკანახაზელებმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვეს, ფეხით გადაკიდებული ვერ აიღეს, პირიქით, ის ჩათვლის მოედანს კიდევ უფრო მიუახლოვეს და ამით ბექა წიკლაურმა იხეირა, რომელმაც საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო კავთიძემ გარდასახვა გამოიყენა.
31-ე წუთზე “ლოკომოტივმა” კვლავ ფეხით ითამაშა. ბურთი მოედანზე ისე დაეცა, რომ გვერდითი ხაზი არ გადაკვეთა და ვერც ორმა “ყოჩმა” დაიჭირა. სანდრო ქავთარაძე დარტყმულს კარგად აყვა და რამდენიმე მეტრით წინ წაიწია, მეტოქემ დაცვის გადაწყობა ვერ მოახერხა და ლაშა თავბერიძემ მეორე ლელო გაიტანა. ტაიმის მიწურულს უკვე ზვიად მაისურაძემ გაჭრა ხაზი, პირველი მიძალება “ყოჩებმა” ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში შეაჩერა, რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ხაზზე გავიდა და გიორგი ბიწაძემ თავისი გუნდის მესამე ლელო მიითვალა. კავთიძის გარდასახვები კვლავ ზუსტი იყო და ტაიმი “ლოკომოტივმა” 27:7 მოიგო.
მეორე ტაიმი “ყოჩების” იერიშებით დაიწყო და მალე ლელოც გავიდა. რამდენიმე დარტყმის შემდეგ, თორნიკე ხულელიძე მცველებს შორის გაძვრა და ჩამორჩენა შეამცირა, ხოლო გაბუნიამ გარდასახვა გამოიყენა. აუტსაიდერმა იერიშები გააგრძელა და მალე “ლოკომოტივი” სინბინით დაისაჯა - გიორგი ხოლუაშვილმა ჯარიმის შემდეგ 10 მეტრით უკან არ დაიხია და ყვითელი ბარათი მიიღო. “ყოჩებმა” ჯარიმა კარში არ დაარტყეს და ლელოზე ითამაშეს, მაგრამ ამ გუნდს ძალიან უჭირდა დერეფნის მოგება და შანსიც დაიკარგა. აღსანიშნავია, რომ “ყოჩებს” არც დამრტყმელი ჰყავდა და ამიტომ, რამდენიმე ეპიზოდში ჯარიმიდან ბურთი კიდეზე ან ძალიან ცუდად გადავიდა, ანაც დარტყმის შემდეგ მოედანში დარჩა და ბუნებრივია, მეტოქის ნადავლი გახდა.
“ყოჩებს” ორჯერ მიეცა კონტრშეტევაზე მესამე ლელოს გატანის შესაძლებლობა, მაგრამ პირველ ჯერზე საკუთარი 22-იდან მეტოქისაში ჩატანილი ბურთი წინ დაუვარდა, ხოლო მეორედხულელიძემ კობერიძის გადაცემა კი ჩაჭრა, მაგრამ სისწრაფე აღარ ეყო და მზღვეველები დაეწივნენ. ბოლოსკენ “ლოკომოტივმა” შეუტია და 69-ე წუთზე მათი მიძალება ლაზარე მარსაგიშვილი ლელოთი დასრულდა და რეალიზაციაც ზუსტი იყო. დასკვნით ათ წუთში არეული თამაში გაჩღდა და ლელოს გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ მიზანს ვერავინ უწია და მატჩიც 34:14 დასრულდა.
გუშინ, ტურის პირველ მატჩში ლიდერმა “ლელომ” “აკადემიას” ზედმეტი ძალისხმევის გარეშე 34:13 აჯობა. ამასთან, გამარჯვებულმა პრემიალური ქულაც აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ლიდერობას არაფერი ემუქრება. დღეს გასამართი ერთი მატჩი რუსთავის “ხარებსა” და თბილისის “არმაზს” შორის დეკემბრისთვის გადაიდო, ხოლო ბათუმში ადგილობრივ გუნდს ქუთაისის “აია” ეწვია და 26:13 იმარჯვა, რითაც მე-3 ადგილზე კიდევ უფრო გამაგრდა. ხვალ ტურის ცენტრალური მატჩია და “ავჭალაში” 15 საათზე “ილიაუნი ჯიქი” ქვეყნის ჩემპიონ “არმიას” დაუპირისპირდება.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. X რაუნდი
2 ნოემბერი. პარასკევი
თბილისი. “შევარდენი”.

აკადემია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 13:34


3 ნოემბერი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”. 250 მაყურებელი
ყოჩები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 14:34 (7:27)
ყოჩები:
15. ლ. კვარაცხელია (ს. სიორიძე), 14. ბ. აბრამალიძე, 13. რ. გარუჩავა, 12. მ. ქუშაშვილი, 11. თ. ხულელიძე (ლ. კობაური), 10. გ. გაბუნია, 9. ვ. ჯაფარიძე (გ. ხელაძე); 1. ს. ესაკია (ჭ. ჭიღლაძე), 2. გ. ცუცქირიძე (გ. ცაგარეიშვილი), 3. ლ. შენგელია, 4. დ. ბელაშვილი, 5. გ. ტვილდიანი, 6. ბ. გუგეშაშვილი, 7. გ. წიკლაური (კ. მახარაშვილი), 8. ჯ. მალაღურაძე.
2 ლელო: ქუშაშვილი, ხულელიძე
2 გარდასახვა: გაბუნია
ლოკომოტივი: 15. ბ. წიკლაური, 14. გ. ბიწაძე, 13. დ. ჭურღულია, 12. რ. ხუციშვილი, 11. ს. ქავთარაძე, 10. ვ. კავთიძე (გ, კობერიძე), 9. ი. ღვინჯილია; 1. დ. გასვიანი, 2. ლ. გენებაშვილი, 3. ლ. გუნიავა (ლ. მარსაგიშვილი), 4. დ. ცუხიშვილი (გ. ღუდუშაური), 5. ლ. თავბერიძე, 6. გ. ხოლუაშვილი, 7. ვ. ახვლედიანი, 8. ზ. მაისურაძე.
4 ლელო: წიკლაური, თავბერიძე, ბიწაძე, მარსაგიშვილი
4 გარდასახვა: კავთიძე
2 ჯარიმა: კავთიძე
1 სინბინი: ხოლუაშვილი

ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი) 13:26
რუსთავი. ტექნიკუმი.
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი) (გადაიდო)

 

1 ლელო 10 9 0 1  292-125 43
2 არმია 9 8 0 1 250-139 37
3  აია 10 7 1 2 277-144 34
4 არმაზი 9 6 0 3 181-160 25
5 ლოკომოტივი 10 4 1 5  211-183 22
6 ჯიქები 9 4 0 5 163-151 21
7 ბათუმი 9 3 0 6 143-193 14
8 ხარები 8 2 0 6 92-196 9
9  აკადემია 10 2 0 8 87-293 9
10 ყოჩები 10 1 0 9 156-268 7


4 ნოემბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 15:00

ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - არმია (თბილისი)

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.217503