ამბები

12:53 | 4.11.2012 | ნანახია 2540 - ჯერ

ფინალი და “ალაფა” პორტუგალიას დავუთმეთ

საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელთა გუნდთან 10:23 დამარცხდა, მე-2 ადგილი დაიკავა და გაისად 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფაზე” ჩილეში ვერ გაემგზავრება.
არადა, ზედიზედ ორი წელიწადია ქართველი ახალგაზრდები “ალაფაზე” თამაშობენ და მართალია, ფინალში გასვლა და მით უმეტეს ტურნირის მოგება ერთხელაც ვერ მოახერხეს, მაგრამ სხვადასხვა კონტინენტის, სხვადასხვა სტილის მიმდევარი ნაკრებების წინააღმდეგ თამაში უდიდესი გამოცდილება იყო. ახლა ისე გამოდის, რომ ამ ასაკის მორაგბეებს ერთი წლის განმავლობაში საერთაშორისო თამაშები აღარ ექნებათ და ეს მათი განვითარებისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება.
მაინცდამაინც წლეულს, ივნისში, მსოფლიო თასის 12 ელიტარული გუნდიდან იტალია გამოვარდა, ევროპისთვის “ალაფაზე” განკუთვნილი ერთი ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ “უმცროს ბორჯღალოსნებს” მხოლოდ ტურნირის მოგება მართებდათ. მიზნის შესრულება იოლი არასდროსაა, მაგრამ ამ ბიჭების იმედი ყველას გვქონდა. გუნდში მრავლად არიან ის მორაგბეები, რომლებმაც ამა წლის დასაწყისში 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე იტალიას 12 კაცის ამარა გაუძლეს, 13-მა ლელო გაუტანეს და საბოლოოდ, გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ...
ამ შემთხვევაში, ყველაზე ადვილი გზაა ყველაფერი მსაჯს დააბრალო, რომელიც, რაღა თქმა უნდა, მასპინძლების მხარეს დაიჭერდა და რომელმაც ფინალში 20 წუთით კაცნაკლული დაგვტოვა, მაგრამ მთლად ასეც არ უნდა იყოს საქმე. ჯერ ერთი, 10 წუთით პორტუგალიაც კაცნაკლული თამაშობდა, მეორე - ერთი დღით ადრე, მასპინძელთა გუნდს ქართველთა 17-წლამდელები ეთამაშებოდნენ და იმავე მსაჯის დახმარების მიუხედავად, 33:17 დაამარცხეს, ანუ, უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რეფერიც ვერაფერს გახდა და მესამე, იქნებ მთლად უსამართლოც არ იყო ქართველი მორაგბეების “გაყვითლება”?
ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა პირველ ორ მატჩში, ესპანეთთან და რუმინეთთანაც მიიღო თითო-თითო ყვითელი ბარათი. ზემოთ ვთქვით, ეს ის გუნდია, რომელმაც წლეულს 18-წლამდელთა ევროპულ პირველობაზე ელიტარული გუნდების წინააღმდეგ ითამაშაო და იქ, მათ ყვითელი ბარათებით რეკორდი მოხსნეს. მაშინ ითქვა, უმეტესად სინბინს დამსახურებულად ვიღებდითო და აქცენტი მსაჯის მიკერძოებულობაზე მეტად, მოთამაშეთა გაუაზრებელ ქმედებებზე კეთდებოდა. ჰოდა, რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ ახლაც მსგავსი არ ხდებოდა და ჯარიმები და სინბინები დამსახურებულად არ გვეძლეოდა?
მოკლედ, დისციპლინასთან დაკავშირებით რომ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, არა მხოლოდ ამ, არამედ ყველა დონის ნაკრებზე, ლაპარაკიც არ უნდა. სხვა მხრივ, ასეთ სიტუაციებში ხშირად აღმოვჩნდებით და ჩვენსავე უდისციპლინობას მოწინააღმდეგეები სათავისოდ გამოიყენებენ, მსაჯს კი, მუდამ ექნება იმის მიზეზი, მეტოქეს ცოტათი მიეშველოს და ისე დაგაჯარიმოს ან გაგასინბინოს, რომ ამის სამართლებლივი არგუმენტიც ექნება.
უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, მასპინძლებმა ჯარიმით გახსნეს ანგარიში, მე-12 წუთზე გიორგი აფციაური გაასინბინეს და ამით მეტოქემ კარგად ისარგებლა - მე-16 წუთზე ლელო-გარდასახვა გაიტანა და 10:0 დაწინაურდა.
“ბორჯღალოსნებმა”, საბა ნიკოლავას ჯარიმით, ჩამორჩენა მე-20 წუთზე ოდნავ შეამცირეს, მაგრამ ტაიმის ბოლომდე ეგრეც ვერ დალაგდნენ, ჯერ არეკნი მიიღეს, მერე ლელო-გარდასახვა და შესვენებაზე 17-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ - 3:20.
ეს დიდი უპირატესობა იყო, მაგრამ მე-2 ნახევარი ისე დაიწყო, მატჩის გადარჩენის იმედი გაჩნდა. თამაში 4 წუთის განახლებული იყო, როცა ვახტანგ ამირანაშვილმა ლელო გაიტანა და ნიკოლავამ გარდასახვა გამოიყენა, ხოლო სამიოდე წუთში სინბინი უკვე პორტუგალიელმა დაიმსახურა.
სამწუხაროდ, “ბორჯღალოსნებმა” ამით ვერ იხეირეს და 50-ე წუთზე, ფარნავაზ გასვიანმაც მიიღო ყვითელი ბარათი. ამჯერად, მეტობით ვერც პორტუგალიამ ისარგებლა, მაგრამ მათ მაინც კარგად დაიცვეს თავი, 62-ე წუთზე, ჯარიმით, უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და ქართველთა მცდელობის მიუხედავად, 23:10 იმარჯვეს.     

20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიო თასის “ალაფის” ევროპის შესარჩევი ტურნირი
A ჯგუფი
27 ოქტომბერი

საქართველო - ესპანეთი 31:13 (17:8)
29 ოქტომბერი
რუმინეთი - ესპანეთი 10:16
31 ოქტომბერი
საქართველო - რუმინეთი 20:11 (13:6)
 

1 საქართველო 2 2 0 0 51-24 9
2  ესპანეთი 2 1 0 1 29-41 4
3  რუმინეთი 2 0 0 2 21-36 1



B ჯგუფი
პორტუგალია - რუსეთი 14:8
29 ოქტომბერი
ბელგია - რუსეთი 24:24
31 ოქტომბერი
პორტუგალია - ბელგია 21:18
 

1   პორტუგალია   2 2 0 0 35-26 8
2  ბელგია 2 0 1 1 42-45 3
3  რუსეთი 2 0 1 1 32-38 3



3 ნოემბერი. V ადგილისთვის
რუმინეთი - რუსეთი 33:15
III ადგილისთვის
ესპანეთი - ბელგია 20:23
ფინალი
საქართველო - პორტუგალია 10:23 (3:20)
საქართველო:
15. საბა ნიკოლავა, 14. ილია მელაძე, 13. გიორგი ფრუიძე, 12. რევაზ ბროძელი (22. გიორგი თუთბერიძე 62), 11. მურაზ გიორგაძე (23. გიორგი კოდუა 19), 10. გიორგი აფციაური, 9. ვაჟა ხუციშვილი (21. მინდია ელგუჯაური 64); 1. გიორგი თეთრაშვილი (17. თორნიკე ჯიბლაძე 64), 2. დავით ხიდეშელი (კაპ.), 3. ვახტანგ ახობაძე (18. გიორგი შარაძე 48), 4. გიორგი მჭედლიშვილი, 5. გიორგი გეგია (19. თორნიკე გოგლიძე 48), 6. ფარნავაზ გასვიანი, 7. ონისე მოგელაშვილი, 8. ვახტანგ ამირანაშვილი.
სათადარიგოები: 16. გიორგი სულუაშვილი, 20. ირაკლი ლოლუა.
1 ლელო: ამირანაშვილი
1 გარდასახვა: ნიკოლავა
1 ჯარიმა: ნიკოლავა
2 სინბინი: აფციაური, გასვიანი
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
მწვრთნელი: ლადო კილასონია
მენეჯერი: გიორგი მაისურაძე
ექიმი: ზვიად მკერვალიშვილი


ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.092284