ამბები

19:24 | 4.11.2012 | ნანახია 2005 - ჯერ

“ჯიქები” ისევ ქულით დამარცხდა

თბილისის “ჯიქები” ზედიზედ მეორე თამაშია ერთი ქულით მარცხდება. ერთი კვირის წინათ, ამ გუნდმა “არმაზთან”, ბოლო წამზე გაშვებული ჯარიმით 19:20 წააგო, ახლა კი, მის შემადგენლობაში არ აღმოჩნდა ხეირიანი დამრტყმელი და “არმიასთან” გამართული დაძაბული და დრამატული მატჩი 9:10 დათმო. ეს, ამ გუნდისთვის ზედიზედ მე-4 მარცხია, რას სატურნირო ცხრილზეც შესაბამისად აისახა, “არმიამ” კი, მართალია, პრემიალური ქულა ვერ აიღო, მაგრამ ზედიზედ მე-8 მოგებით მე-2 საფეხური შეინარჩუნა.
მატჩის დებიუტი ისეთი იყო, ვერავინ იფიქრებდა თამაში ასეთი დაძაბული თუ გამოდგებოდა. მთელი ნახევარი საათის განმავლობაში, “ჯიქები” “არმიას” ნახევარზე არ გადასულა და ამ პერიოდში საქართველოს ჩემპიონმა ქულები რომ ვერ დააგროვა, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.
“არმია” დიდ უპირატესობას ფლობდა და გამუდმებით შეტევაში იყო. ის მეტოქეს ჯაბნიდა შერკინებაში, ხშირად იგებდა “ჯიქების” დერეფანს, ამ უკანასკნელს კი, ფეხით თამაშიც არ გამოსდიოდა.
წესით, ლელო 23-ე წუთზე უნდა გასულიყო, როდესაც 5-მეტრა შერკინებიდან გატანილი ბურთი გიორგი ჯიმშელაძეს მიუვიდა და მან სწრაფად მოძრავ ვანო გაბროშვილს აუგდო, რომელმაც ხაზი გაჭრა და ძელებსშუა შევიდა, თუმცა, ბოლო წამს ბურთი წინ გადაუვარდა.
მანამდე და მერეც, “არმიამ” ორჯერ მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება და თუკი პირველ შემთხვევაში ბახვა კობახიძემ 40 მეტრიდან ააცილა, მეორე ჯერზე, კარის გასწვრივ 21 მეტრიდან ასპროცენტიანი 3 ქულა გაანიავა.
“ჯიქები” მეტოქის ნახევარზე პირველად 32-ე წუთზე გადავიდა და ორჯერ გადაიტანა ჯარიმიდან ბურთი 5-მეტრა აუტში. პირველ შემთხვევაში, მოლით კარგადაც ითამაშეს და ჩათვლის მოედნამდე სანტიმეტრები დააკლდათ, მეორე ჯერზე კი, დერეფანში ბურთის მოგება ვერ მოახერხეს.
შემდგომში “არმიამ” შეუტია ხელდახელ და კარგადაც წაიწია წინ. ლელო არც ამჯერად გავიდა, სამაგიეროდ, კარის გასწვრივ 15 მეტრიდან კობახიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და მესამე ცდიდან ანგარიში გახსნა.
ბოლო წამებზე კვლავ “არმია” უტევდა, მაგრამ მეტოქის 22-ში დაჯარიმდა, დიმიტრი კალანდაძემ ბურთი სწრაფად გაათამაშა და 60 მეტრამდე ირბინა, “არმია” დაჯარიმდა და ვლადიმერ კუპრეიშვილმა წონასწორობა აღადგინა.
მოკლედ, პირველი ტაიმის შემდეგ “ჯიქები” კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, ამდენი შეცდომების და ამხელა ზეწოლის ფონზე მხოლოდ ერთი ჯარიმა რომ გაუშვა, “არმიაზე” კი, როგორც ჩანს, ამან ძალიან ცუდად იმოქმედა და მე-2 ნახევარში სცენარი შეიცვალა. ახლა უკვე “ჯიქებმა” შეუტია და ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, მაგრამ ამჯერად, კუპრეიშვილს გაუცუდდა დარტყმა. “არმიამ” სწრაფი კონტრშეტევით უპასუხა და ლელოც გავიდა, მაგრამ მანამდე ბურთით წინთამაში იყო.
ამასობაში მე-60 წუთი მოვიდა და “არმია” ისევ დაჯარიმდა. დარტყმა რამაზ ხარაზიშვილმა ითავა და დაახლოებით 43 მეტრიდან ბურთი ძელს გაარტყა. “არმია” აჭრილი იყო, ახლა უკვე თითქმის აღარაფერი გამოსდიოდა და ორიოდე წუთში კვლავ დაჯარიმდა - ხარაზიშვილის 36 მეტრიდან დარტყმული ზუსტი იყო და “ჯიქები” დაწინაურდა. 65-ე წუთზე, ხარაზიშვილმა 42 მეტრიდან ისევ ზუსტად დაარტყა და ანგარიში 9:3 გახდა, რამაც ისედაც დაბნეული არმიელები კიდევ უფრო არია. თუმცა, ამ გუნდს ბოლო წუთებში მობილიზება რომ შეუძლია, ყველასთვის ცნობილია და ამჯერადაც ასე მოხდა. 70-ე წუთზე, არმიელებმა ჯარიმა კარში არ დაარტყეს, 5-მეტრა დერეფანში ბურთი ლაშა აზალაძემ მოიგო, მერე მოლს მიხეილ არჩუაშვილი მოწყდა და შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა, ხოლო ლაშა ბაირამაშვილმა გარდასახვით საკუთარი გუნდი დააწინაურა - 10:9.
78-ე წუთზე, ბაირამაშვილს 35 მეტრიდან ჯარიმა გაუცუდდა და “ჯიქებმა” მოკლე დარტყმებით შეუტია - კარიდან მარჯვნივ, დაახლოებით 40 მეტრში, ჯარიმის შესრულების უფლებაც მოიპოვეს, მაგრამ ხარაზიშვილი მოედანზე აღარ იყო და კვლავ ხელდახელ სცადეს შეტევა, მერე ბურთი დაკარგეს და მატჩიც “არმიას” მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
ახლა საქართველოს ჩემპიონატში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული თითქმის ერთთვიანი შესვენება გამოცხადდება და მომდევნო ტური 1-2 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. X რაუნდი
2 ნოემბერი. პარასკევი
თბილისი. “შევარდენი”.

აკადემია (თბილისი) - ლელო (თბილისი) 13:34
3 ნოემბერი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”. 250 მაყურებელი

ყოჩები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 14:34 (7:27)
ბათუმი. “ანგისა”.
ბათუმი (ბათუმი) - აია (ქუთაისი) 13:26
რუსთავი. ტექნიკუმი.
ხარები (რუსთავი) - არმაზი (თბილისი) (გადაიდო)
4 ნოემბერი. კვირა
თბილისი. “ავჭალა”. 400 მაყურებელი

ილიაუნი ჯიქები (თბილისი) - არმია (თბილისი) 9:10 (3:3)
ჯიქები:
15. დ. კალანდაძე, 14. რ. ხარაზიშვილი (დ. კიკნაძე 70), 13. ნ. ბერძული, 12. ვ. კუპრეიშვილი, 11. გ. ნოზაძე (გ. შენგელია 41), 10. დ. ფურცელაძე, 9. ა. ზაბახიძე; 1. ნ. ხატიაშვილი (დ. ოქრიაშვილი 41), 2. გ. ოქრომელიძე (ი. სვანიძე 55), 3. ა. გაგნიძე (ლ. ყაულაშვილი 59), 4. ა. მიქაძე (ა. ტრაპაიძე 59), 5. ვ. გოგოლაძე, 6. ბ. მამრიკიშვილი, 7. ვ. ტურაშვილი, 8. ჯ. კიკვიძე.
3 ჯარიმა: კუპრეიშვილი, ხარაზიშვილი (2)
არმია: 15. ბ. კობახიძე (ლ. ნაირამაშვილი 41), 14. ვ. გაბროშვილი (ა. ტუჩაშვილი 51), 13. გ. ჯიმშელაძე, 12. ი. ჩხიკვაძე (გ. გაგიშვილი 57), 11. ლ. გოგოლაშვილი, 10. მ. ნინიძე, 9. ბ. სამხარაძე (რ. ჯინაშვილი 54); 1. გ. ზაქაშვილი (ი. ქორიძე 64), 2. ბ. მეკოკიშვილი, 3. დ. გურგენიძე (გ. ხოსიტაშვილი 41), 4. მ. არჩუაშვილი, 5. ი. სურგულაძე (ზ. ნავროზაშვილი 41), 6. მ. ცხადაძე, 7. ლ. აზალაძე, 8. ხ. ბუჯიაშვილი.
1 ლელო: არჩუაშვილი
1 გარდასახვა: ბაირამაშვილი
1 ჯარიმა: კობახიძე
 

1 ლელო 10 9 0 1 292-125   43
2 არმია 10 9 0 1 260-148   41
3 აია 10 7 1 2 277-144 34
4 არმაზი 9 6 0 3 181-160   25
5 ლოკომოტივი 10 4 1 5 211-183 22
6 ჯიქები 10 4 0 6 172-161 22
7 ბათუმი 9 3 0 6 143-193 14
8  ხარები 8 2 0 6 92-196 9
9 აკადემია 10 2 0 8 87-293 9
10 ყოჩები 10 1 0 9 156-268 7


 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085112