დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა” “კელტების ლიგაში” ზედიზედ მეხუთე, “ჰაინეკენის თასის” მატჩების ჩათვლით კი, ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა წააგო.
შოტლანდიური გრანდი VIII ტურში ირლანდიას ეწვია და ადგილობრივ “ოლსტერთან” მეორე ტაიმში გატყდა. შედეგიანი მატჩის პირველ ნახევარში შოტლანდიელებმა ორი ლელო გაიტანეს, თავად სამი მიიღეს, ხუთივე გარდასახვა ზუსტად გამოიყენეს, გუნდებმა თითო ჯარიმაც გაცვალეს და ტაიმი 17:24 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირეს, მაგრამ მერე კიდევ სამი ლელო მიიღეს და საბოლოოდ 20:45 განადგურდნენ.
ბასილაია ტრავმირებულია და ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მისმა გუნდმა კი, ამ სეზონში სულ ორი თამაში მოიგო და 13 ქულით 12 გუნდს შორის მე-9 ადგილზეა. ახლა “კელტების ლიგაში” სანაკრებო მატჩებით გამოწვეული შესვენებაა და “ედინბურგი” 23 ნოემბერს უელსის “ოსპრეიზს” დაუხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია