საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ სწაფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ში მეორე ლელო გაიტანა. 28 წლის მორაგბე ელიტური დივიზიონის კლუბში წელს გადავიდა და პირველივე დღიდან გუნდის ლიდერად იქცა.
გიორგი ჩხაიძის, დავით დადუნაშვილი, ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ნემსაძის “ტარბმა” ქართულ დერბიში ბექა შეყლაშვილის “ბეზიეს” უმასპინძლა და 53:13 გაანადგურა. ქართველმა ლელო უკანასკნელ წუთზე გაიტანა, როდესაც ლამაზი მოძრაობით სტუმართა დაცვის ხაზი გაიარა და კლუბის ოფიციალურ საიტზე დაიწერა - “ბოლო წუთზე ნემსაძემ აღფრთოვანებულ აუდიტორიას ლამაზი ლელო შესთავაზა და ეს იყო ალუბალი ტორტზე, რომელიც “ტარბმა” მანამდე მოამზადა”.
თამაშს, რომელიც მასპინძელთა სრული უპირატესობით ჩაიარა, 4400 მაყურებელი დაესწრო. ნემსაძემ მეორე ხაზში სურულად ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51 წუთი გაისარჯა დადუნაშვილი, მირცხულავა ბრძოლაში სწორედ 51-ე წუთზე ჩაერთი, ხოლო ჩხაიძე ტრავმირებულია. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო შეყლაშვილი და მან მოედანზე ერთი საათი გაატარა. “ტარბმა” პირველ ტაიმში სამი ლელო გაიტანა და 27:6 იგებდა, მეორეში კიდევ ოთხი ლელო მიითვალა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. “ტარბმა” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და 29 ქულით მე-5 ადგილზე აინაცვლა. სამაგიეროდ, 14 ქულა შერჩა “ბეზიეს”, რომელიც მე-14 ადგილამდე დაეშვა.
ქართული დერბი შედგა “დაქსისა” და “ბრივის” დაპირისპირებაშიც. მასპინძელი “დაქსის” სასტარტო შემადგენლობაში იყო ტარიელ რატიანიძე, რომელმაც 54 წუთი ითამაშა. სტუმართა რიგებში მიმდინარე სეზონში მეორედ გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში გოდერძი შველიძე, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ დავით ხინჩაგიშვილმა შეცვალა, ხოლო ირაკლი ნატრიაშვილი თამაშში ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად 22-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩი დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა პირველ ნახევარში ხუთი ჯარიმა გაიტანეს, რაზეც “ბრივმა” ორი ლელოთი, ორი გარდასახვით და ერთი ჯარიმით უპასუხა და 17:15 დაწინაურდა. მეორე ტაიმში “დაქსმა” კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა, რაზეც სტუმრებმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და 20:21 დამარცხდნენ. “ბრივმა” ერთი პრემიალური ქულა აიღო და 29 ქულით მე-7 ადგილამდე დაეშვა, ხოლო “დაქსმა” 16 ქულა დააგროვა და მე-12 საფეხურზე ავიდა.
ქართული დერბი არ შედგა ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკისა” და გურამ კავთიძის “ლიონის” დაპირისპირებაში. ეს იმიტომ, რომ სტუმართა განაცხადში არ იყო კავთიძე. სამაგიეროდ, მასპინძელთა შორის სრულად ითამაშა მეორეხაზელმა დათუნაშვილმა, ასეიშვილი მოედანზე 51-ე, ხოლო ნაცარაშვილი 71-ე წუთზე გამოჩნდა.
დაძაბული მატჩის დებიუტში, “ლიონმა” სამი ჯარიმა გაიტანა და 22-ე წუთისთვის 9:0 დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ საწყის 40 წუთში სტუმრები ორჯერ დაისაჯნენ სინბინით. მასპინძლებმა ჯარიმები 32-ე და 40-ე წუთებზე გაიტანეს და ტაიმი 6:9 დათმეს. მეორე ტაიმის დებიუტში ჯერ კიდევ კაცნაკლულმა სტუმრებმა ლელო-გარდასახვით უპირატესობა 10 ქულამდე გაზარდეს, 56-ეზე ლელო უკვე “ორიაკმა” გაიტანა და გარდასახვა გამოიყენა, ხოლო 63-ე და 68-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით 19:16 დაწინაურდა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ახლა “ორიაკი” 29 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო “ლიონმა” პრემიალური ქულა ჩაიწერა, 31 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნა, თუმცა, ლიდერ “უაიონას”, რომელმაც “ნარბონს” 40:13 პრემიალური ქულით სძლია, უკვე 9 ქულით ჩამორჩება.
“კარკასონთან” სტუმრად 21:22 დამარცხდა და მხოლოდ ერთ ქულას დასჯერდა ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი”. თოდუამ გარემარბად სრულად ითამაშა, შერკინების პირველ ხაზში კობერიძე 49-ე წუთამდე გაისარჯა, ხოლო მეორე ხაზში მაისურაძემ პირველიდან 62-ე წუთამდე ითამაშა. მატჩის დებიუტში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, 26-ე წუთზე კი, “ალბი” ლელოთი დაწინაურდა. შესვენებამდე მასპინძლებმა კიდევ ორი ჯარიმა გამოიყენეს და ტაიმი 9:8 მოიგეს.
მეორე ნახევრის დასაწყისში გატანილ კიდევ ორ ჯარიმას, “კარკასონმა” 58-ეზე ლელო-გარდასახვა შემატა და ანგარიში 22:8 გახდა. დასკვნითი 15 წუთი სტუმრებისა იყო, რომლებმაც 65-ე წუთზე ჯარიმა გაიტანეს, ხუთ წუთში ლელო მიითვალეს და გარდასახვა გამოიყენეს, ხოლო კიდევ ხუთ წუთში ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ მერე ქულა ვეღარ აიღეს და მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ. “ალბის” 26 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
“პოსთან” სტუმრად პრემიალური ქულაც ვერ აიღო დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასიმ”. ორივე ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველხაზელმა აშვეთიამ 51-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო მეორე ხაზში მოთამაშე სუთიაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებმა მეტოქე პირწმინდად დაჩაგრეს და 63-ე წუთზე 37:3 უგებდნენ. “მასიმ” ბოლოს ერთი ლელო კონტრშეტევაზე კი გაიტანა, მაგრამ ამით საქმეს ვერ უშველა და 8:37 დამარცხდა. “მასი” 10 ქულით ბოლო ადგილზეა. ახლა Pro D2-ში ორკვირიანი შესვენებაა - თამაშები 17-18 ნოემბერს განახლდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია