ნაშუადღევს დოჰა-თბილისის რეისით საქართველოში ლეგენდარული ახალ ზელანდიელი მორაგბე ტანა უმაგა ჩამოვიდა, რომელიც ნაკრების თავკაცს მილტონ ჰეიგს 17 და 24 ნოემებრს იაპონიასთან და ფიჯისთან გასამართ ტესტმატჩებში გუნდის მზადებაში დაეხმარება. უმაგა ჰეიგთან ერთად ნოემბრის ტესტების დროს იმუშავებს, თუმცა, შესაძლებელია, მასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდეს. თბილისში ჩამოსულ სტუმარს ნაკრების თავკაცი მილტონ ჰეიგი და ნაკრების მენეჯერი ლაშა ხურციძე დახვდნენ.
უკვე ცნობილია, რომ თუ რაგბის კავშირი და ტანა უმაგა შეთანხმდებიან, მაშინ ზელანდიელი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მსოფლიოს თასის დროსაც იქნება. უმაგა ერთადერთი წარმოშობით სამოელი მორაგბეა რომელიც ლეგენდარული “ოლ ბლექსის” კაპიტანი ყოფილა. მისი წინამძღოლობით ახალი ზელანდიის ნაკრებმა 21 მატჩიდან 19 მოიგო. ტანას ნაკრებში 74 კეპი აქვს მოხვეჭილი, ხოლო სამხრეთულ ზე-14-ში 111 მატჩი აქვს ჩატარებული.
კარიერის დასრულების შემდეგ, უმაგა ჯერ – ფრანგული “ტულონის”, ხოლო შემდეგ ზელანდიური “ჩიფსის” მწვრთნელი გახლდათ. ამჟამად, იგი სათავეში უდგას “ქაუნთის მანუკაუს”, რომელმაც წლეულს ჩემპიონატი მოიგო და პრემიერშიფში ანუ საუკეთესო შვიდ გუნდში გადავიდა. 2000 წელს უმაგა ახალი ზელანდიის წლის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს, 2005 წელს კი ნომინირებული იყო ირბ-ს წლის საუკეთესო მორაგბის ნომინაციაზე.
ტანა უმაგა: “საქართველოში რაგბის კავშირის მოწვევით ჩამოვედი. კარგად ვიცნობ თქვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელს მილტონ ჰეიგს, რომელთან ერთადაც მიმუშავია. ვიცნობ, რამდენიმე ქართველ მორაგბეს – გია ლაბაძეს, დავით ზირაქაშვილს, დავით ქუბრიაშვილს. ზოგადად საქართველოს ნაკრებზეც მაქვს ინფორმაცია, ნანახი მაქვს მსოფლიოს თასზე ჩატარებული მატჩებიც.
ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ნაკრების ნოემბრის ტესტ-მატჩებში დახმარებაა. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობა შედეგს გამოიღებს და ეს თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება. შევეცდები ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველ მორაგბეებს გავუზიარო”.
მილტონ ჰეიგი: “მალე ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის და ისეთი მორაგბის და მწვრთნელის გამოცდილება, როგორიც ტანა უმაგაა, უდავოდ გამოგვადგება. გვინდა მას ვაჩვენოთ ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო – უგემრიელესი კერძები. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მას ძალიან მოეწონება. ასევე, იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ მოლაპარაკებას და ტანა უმაგა 2015 წელს მსოფლიოს თასის დროს ჩვენ სამწვრთნელო შტაბში იქნება”.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია