ლეგენდარული სამოელი მორაგბე ტანა უმაგა, რომელსაც ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდის მაისურით 74 მატჩში 36 ლელო აქვს გატანილი უკვე საქართველოშია. ამ ეტაპზე დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის “ბორჯღალოსნებს” 17 ნოემბერს იაპონიის, ხოლო 24 ნოემბერს ფიჯის ნაკრებებთან გასამართ შეხვედრებში დაეხმარება, მერე კი, ყველაფერი ქართველთა მარიფათზე იქნება დამოკიდებული.
ფრანგული “ტულონის” და ზელანდიური “ჩიფსის” ყოფილი მწვრთნელი, რომელიც ამჟამად “ქაუნთის მანუკაუს” ავარჯიშებს, საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცის, მილტონ ჰეიგის მეგობარია და საქართველოშიც მისი მოწვევით ჩამოვიდა. ჰეიგის თქმით, უმაგა საქართველოს და ქართულ სტუმართმოყვარეობას ეზიარება, აქაურ კერძებს დააგემოვნებს და ეგებ ისეც მოხდეს, რომ 2015 წლის მსოფლიო თასისთვის “ბორჯღალოსანთა” სამწვრთნელო შტაბშიც მოხვდეს.
შეგახსენებთ, მილტონ ჰეიგმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დანიშვნისას განაცხადა, რომ საქართველოში ტანა უმაგას მოწვევას შეეცდებოდა და დანაპირება შეასრულა. ძველ მეგობართან შეხვედრამ თავად უმაგაც გაახარა, რომელსაც ჰეიგთან ერთად აეროპორტში საქართველოს რაგბის კავშირის მენეჯერი ლაშა ხურციძე დახვდა. სტუმარი დღეს დაისვენებს და მუშაობის დაწყებასთან ერთად, სავარაუდოდ, ქართველ ჟურნალისტებსაც შეხვდება, სადაც მომავალზე ვრცლად ისაუბრებს.
ტანა უმაგა: “შანსი გამიჩნდა, რომ მილტონ ჰეიგის მხარდამხარ კიდევ ერთხელ ვიმუშაო. თავის დროზე მასთან ერთად “მანუკაუში” ვმუშაობდი და ახლა მთხოვა, რომ ჩამოვსულიყავი და საქართველოს ნაკრების გაწვრთნაში დავხმარებოდი. იმედი მაქვს, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში თქვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდს დახმარებას გავუწევ და გადავცემ იმ გამოცდილებას, რაც ამ წლების განმავლობაში დავაგროვე. ამ ეტაპზე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ჰეიგს და საქართველოს ნაკრებს ნოემბერში გასამართი ორი ტესტ-მატჩისთვის დავეხმარები და ვიმედოვნებ, ჩემს წვლილს შევიტან გუნდის წარმატებაში.
ქართველ მორაგბეებთან პირადი ბაცნობობა მაკავშირებს. “ტულონში” თამაშის დროს გია ლაბაძე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მოგვიანებით კი, დავით ქუბრიაშვილთან ვმუშაობდი. ქართველებს ძლიერი მორაგბეები გყავთ. განსაკუთრებით თავდამსხმელებს გამოვარჩევდი. მაინტერესებს თქვენი უკანა ხაზის თამაში, რომელთანაც მე უნდა ვიმუშაო. რაც ვიცი, იმას ბიჭებს აუცილებლად ვასწავლი და რა გამოვა ამას დრო გვიჩვენებს. დიდი ხნით არ მიწევს საქართველოში ყოფნა და ძნელია ამ პერიოდში სერიოზული ცვლილებების დაგეგმვა, მაგრამ მცირე დეტალების შეცვლა შესაძლებელია და ამას აუცილებლად გავაკეთებ”.
მილტონ ჰეიგი: “მალე ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის და ისეთი მორაგბისა და მწვრთნელის გამოცდილება, როგორიც ტანა უმაგაა უდავოდ გამოგვადგება. გვინდა მას ვაჩვენოთ ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო - უგემრიელესი კერძები. დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი მას ძალიან მოეწონება. ტანა უმაგა ჩემი ოჯახის მეგობარია და ბავშვების ნახვაც ძალიან გაუხარდება. ასევე, იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ მოლაპარაკებას და ტანა უმაგა 2015 წელს მსოფლიოს თასის დროს ჩვენ სამწვრთნელო შტაბში იქნება, თუმცა, ამ ეტაპზე მხოლოდ ორი თამაშისთვის დაგვეხმარება. ის დაკავებულია ადამიანია და ამ ეტაპზე მეტის საშუალება უბრალოდ არა გვაქვს.
ქრის გიბსის შემცვლელად ისეთ კანდიდატს ვეძებთ, რომელიც ხანგრძლივი პერიოდით დარჩება ჩვენთან და ჯერჯერობით ასეთი მწვრთნელი შერჩეული არ გვყავს. ამ ეტაპზე მე ორი ქართველი ასისტენტი დამეხმარება. მეც მაქვს ცალკეულ რგოლებთან მუშაობის გამოცდილება და ვფიქრობ, პრობლემა არ იქნება”.
ზურა ქსოვრელი
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია