საფრანგეთის მორაგბეთა ელიტარულ დივიზიონ Top 14-ის მე-15 ტურში, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა” ლიდერების მარცხით ისარგებლა, თავისი შეხვედრა მოიგო დასატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა.
დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსე” სტუმრად ეთამაშა “ლიონს”, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი წვრთნის და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ლიონელებმა გასულ ტურში “კლერმონს” სძლიეს და პირველი პოზიცია დაათმობინეს, ახლა პარიზელები არ დაინდეს და კლერმონელებს ერთგვარად ვალი დაუბრუნეს. უნდა ითქვას, რომ მასპინძლებს რეფერიც წაეხმარა და საბოლოო შედეგი ამის შედეგად დადგა.
პარიზელები მორნი სტეინის ჯარიმითა და არეკნით დაწინაურდნენ, 30-ე წუთზე ლელო მიიღეს, ხოლო 2 წუთში სტეინი რეფერიმ წითელი ბარათით გააძევა და დარჩენილი დრო კაცნაკლული დატოვა. “სტად ფრანსეს” სასტარტო შემადგენლობაში იყო ქუბრიაშვილი და მეტოქის ბურჯი მაგრად დაჩაგრა, მაგრამ რეფერიმ მასპინძელთა მორაგბისთვის ყვითელი ბარათი ვერ გაიმეტა. “ლიონმა” 50-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანა და გარდასახვა გამოიყენა, სტუმრებმა ჯარიმით ჩამორჩენა 61-ე წუთზე შეამცირეს (9:12) და 8 წუთში პლისონს გასატანი პოზიციიდან კიდევ რომ ეხეირა, “სტად ფრანსე” მარცხს გადაურჩებოდა. ქუბრიაშვილმა 61 წუთი ითამაშა, ჟვანია ისვენებდა, მათი გუნდი კი, 45 ქულით მეორე ადგილზეა და დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება ლიდერ “კლერმონს”.
პირველი ადგილის დაბრუნების შანსი ჰქონდა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის “ტულონს”, მაგრამ მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიესთან” სტუმრად 12:16 დამარცხდა, მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა და 43 ქულით მე-3 საფეხურამდე დაეშვა. სამაგიეროდ, “მონპელიე” 35 ქულით მე-7 ადგილამდე დაწინაურდა და პლეი ოფის ზონას 1 ქულა აშორებს.
ნარიაშვილი მონპელიეს სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს. თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 6 ნომერზე სრულად ითამაშა გორგოძემ და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ხოლო ჩილაჩავა თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. საწყის 15 წუთში “მონპელიეს” მიერ გატანილ ორ ჯარიმას 10 წუთში ტულონელებმა ორი ზუსტი დარტყმით უპასუხეს და ერთხელ სწორედ გორგოძეზე დაჯარიმდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში მასპინძლები ლელოს ჯარიმის ხარჯზე გადაურჩნენ და 6:9 ჩამორჩნენ, მაგრამ 53-ეზე მათი მოლი ლელოთი დასრულდა და მას ზუსტი გარდასახვა მოყვა. მერე “მონპელიემ” ჯარიმა გაიტანა, 72-ე წუთზე ჯარიმა თავად გაუშვა და 16:12 იმარჯვა.
დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრომ” უშუალო კონკურენტი, ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” 12:9 დაამარცხა და 41 ქულით მე-4 ადგილზეა. სტუმრებმა 1 პრემიალური ქულა აიღეს და 36 ქულით მე-6 ადგილამდე დაეშვნენ. ქართველი ბურჯები განაცხადში არ იყვნენ.
ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელი” “კასტრთან” 15:30 დამარცხდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს, 65-ე წუთზე თამაშში დაბრუნდა და 3 წუთში სინბინით დაისაჯა. მასპინძლებმა საწყის 20 წუთში დიდი უპირატესობა მოიპოვეს (18:0), 32-ე წუთზე 25:3 დაწინაურდნენ, ტაიმი კი 25:8 დასრულდა. 62-ე წუთზე “კასტრმა” მეოთხე ლელო გაიტანა და პრემიალური ქულის აღებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 72-ე წუთზე კაცნაკლული სტუმრებისგან მეორე ლელო მიიღო და მხოლოდ 4 ქულას დასჯერდა. “ლა როშელს” ამით არაფერი მომატებია და 25 ქულით ბოლო ადგილზე დაეშვა.
კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და ანტონ ფეიქრიშვილის “ბრივმა” გიორგი ჟღენტის “ბაიონი” 25:9 დაამარცხა. მატჩში მხოლოდ ორმა ქართველმა ბურჯმა მიიღო მონაწილეობა, სასტარტო შემადგენლობაში შველიძე იყო და ის 49-ე წუთზე ასიეშვილმა შეცვალა. თამაში დაძაბული გამოდგა და 65 წუთის შემდეგ ანგარიში მხოლოდ 12:9 იყო, მერე “ბრივმა” ლელო გაიტანა, გარდასახვას ორი ჯარიმაც მიაყოლა და 31 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო”ბაიონი” 28 ქულით ბოლოსწინა მე-13 პოზიციაზეა.
ტურის ბოლო მატჩში “კლერმონმა” ვასილ კაკოვინის “ტულუზი” 24:6 დაამარცხა. კოლელიშვილი ტრავმირებულია, ზირაქაშვილი და კაკოვინი კი, სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პირველ ტაიმში ერთმანეთის პირისპირ იდგნენ. კაკოვინი შესვენებისას შეცვალეს, ხოლო ზირაქაშვილმა 68 წუთი ითამაშა. “კლერმონს” 4-მა ქუალმ პირველ ადგილზე დაბრუნების შესაძლებლობა მისცა, ხოლო “ტულუზი” 33 ქულით მე-8 ადგილზეა. Top 14-ის მომდევნო ტურის თამაშები 9-10 იანვარს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია