ამბები

14:03 | 10.11.2012 | ნანახია 2510 - ჯერ

ნოემბრის ტესტ-მატჩები უელსში დაიწყო

გუშინ საღამოს, უელსის ქალაქ კოლუინ ბეიში, “პარკ ეირიასზე” წლევანდელი ნოემბრის ტესტ-მატჩები გაიხსნა. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის შემოდგომა წინამორბედებისგან განსხვავებული იქნება და უპრეცედენტოდ ბევრი, 35 მატჩი გაიმართება.
პირველი თამაშენი უელსში კი შედგა, მაგრამ მასში “დრაკონებს” მონაწილეობა არ მიუღიათ. პირველად მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ნაკრებები გავიდნენ, რომლებიც 2011 წლის მსოფლიო თასზე ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ ამერიკელებმა 15:9 იმარჯვეს. მატჩამდე “დათვები” რევანშით კი იმუქრებოდნენ, მაგრამ “არწივებმა” მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და სრულიად დამსახურებულად 40:26 გაანადგურეს.
ანგარიში ჯარიმით რუსეთმა გახსნა, რაზეც აშშ-მა მალევე ლელო-გარდასახვით უპასუხა. ასე გაგრძელდა შესვენებამდე და პირველი ნახევარი 21:9 დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ამერიკელებმა კიდევ უფრო თავისუფლად გადალახეს რუსთა დაცვა და უპირატესობა გაზარდეს, ხოლო ბოლოში მოეშვნენ და “დათვებისგან” სამი ლელო მიიღეს (ექვსის საპასუხოდ), რითაც ანგარიში ოდნავ შელამაზდა. რუსეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ქართველი ძმები ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეები, რომლებიც 49-ე წუთზე შეცვალეს. 17 ნოემბერს აშშ ტონგას ეთამაშება, ხოლო რუსეთი კანადას დაუპირისპირდება.
მეორე მატჩში, იმავე სტადიონზე სამოამ კანადისგან ქვა ქვაზე არ დატოვა. წყნარი ოკეანის წარმომადგენლებმა ხუთი ლელო გაიტანეს, აქედან ოთხი რობერტ ლილომეიევას ანგარიშზეა. ჩრდილოამერიკელებმა ბოლოსღა შეძლეს ორი საპასუხო ლელოს გატანა, რითაც საკუთარი რეპუტაცია ოდნავ გამოასწორეს და 12:42 დამარცხდნენ. სამოელები 17 ნოემბერს უელსის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
მანამდე, დღეს და ხვალ, არაერთი დიდი თამაში გაიმართება. ჩვენთვის, ალბათ, ყველაზე საინტერესო მაინც რუმინეთისა და იაპონიის ნაკრებების დაპირისპირებაა, რადგან ერთ კვირაში იაპონია საქართველოს უნდა ეწვიოს. “ბორჯღალოსანთა” მომავალი მეტოქე ფიჯი, რომელიც თბილისში 24 ნოემბერს ითამაშებს, დღეს ინგლისს დაუპირისპირდება. დღესვე უელსი არგენტინას მასპინძლობს, იტალია - ტონგას, ირლანდია - სამხრეთ აფრიკას, საფრანგეთი - ავსტრალიას, ხოლო ხვალ შოტლანდია ახალ ზელანდიას დაუხვდება, ურუგვაი კი, პორტუგალიას უმასპინძლებს.

ზურა ქსოვრელი

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.146856