საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქე - იაპონია, შაბათს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდა და 34:23 დაამარცხა.
იაპონელები პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას, ბურთს სწრაფად შლიდნენ, ხელდახელ თითქმის უშეცდომოდ თამაშობდნენ და თავისუფალ სივრცეებს იყენებდნენ. აზიის საუკეთესო გუნდი ფეხითაც კარგად თამაშობდა. ფულბეკი აიუმუ გორომარუ ტაქტიკურ დარტყმებს კარგად ასრულებდა და მნიშვნელოვან მანძილს იგებდა, კარგი იყო მისი კარში დარტყმების უმეტესობაც.
რუმინელები მეტოქეს შერკინებასა და რაქში ჯობდნენ. სწორედ რაქში გარჯა იყო სტუმართა ერთ-ერთი სუსტი მხარე და მისი გამოყენება ერთ კვირაში “ბორჯღალოსნებს” მართებთ, ისევე, როგორც შერკინების უპირატესობისა. რუმინელებმა სწორედ შერკინებასა და რაქში მოპოვებული უპირატესობით დააგროვეს ქულები, თორემ ღია თამაშში მეტოქეს უკან თითქმის ვერ ახევინებდნენ და იაპონელთა 22-შიც ძალიან ცოტა დრო გაატარეს. უფრო მეტიც, მათ ცენტრალური ხაზის გადალახვაც კი უჭირდათ და როდესაც ამას ფეხით თამაშით ახერხებდნენ, საპასუხოდ ისეთ დარტყმას იღებდნენ, რომ კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ვარდებოდნენ.
რუმინეთის ნაკრების შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ჰუკერი ოთარ ტურაშვილი იყო, რომელიც შერკინებაშიც კარგად იდგა, დერეფანში ბურთსაც კარგად აგდებდა (მხოლოდ ერთხელ დაუშვა შეცდომა) და ღია თამაშშიც აქტიურად უტევდა, რის შედეგადაც რამდენიმე მეტრს მუდამ იგებდა და მის შეჩერებას ორი-სამი მეტოქე სჭირდებოდა, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც მერე ბურთთან შელევა უჭირდა და ჩახურვისთვის ჯარიმდებოდა.
მატჩის დებიუტში რუმინელებმა შეუტიეს, იაპონია კარის გასწვრივ 25 მეტრში დაჯარიმდა და მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს. მალე 9 ნომერი ფუმიაკი ტანაკას ყელში ბოჭვისთვის უკვე მასპინძლები დაჯარიმდნენ და გორომარუმ 45 მეტრიდან წონასწორობა აღადგინა, ხოლო მე-10 წუთისთვის კვლავ შორი მანძილიდან სტუმრები დააწინაურა.
მე-18 წუთზე, იაპონია კვლავ რაქში დაჯარიმდა და 40 მეტრიდან ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ მერე იაპონიამ სწრაფად გაშალა ბურთი, ხელდახელ შეტევით რუმინელთა 22-ში შეაღწია, სადაც მასპინძლები დაჯარიმდნენ და გორომარუმ იაპონია კვლავ წინ გაიყვანა.
25-ე წუთზე, აზიელები ერთხელაც დაჯარიმდნენ რაქში, მაგრამ რუმინელს დარტყმა გაუფუჭდა, თუმცა, 34-ე წუთზე შესრულებული ჯარიმა ზუსტი იყო და ანგარიში ისევ გათანაბრდა, არადა, მასპინძლები სტუმართა 22-თან მიახლოვებასაც კი ვერ ახერხებდნენ.
იაპონელებმა, ხელით თამაშის უპირატესობა რომ იგრძნეს, შეტევა გაშალეს და ფლანგზე ხაზი გაჭრეს, მიძალება ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შეჩერდა, სტუმრებმა ბურთი გაათამაშეს და სალელოვედ შეუტიეს, ლელო არ შედგა, მაგრამ რუმინეთი ისევ დაჯარიმდა და მოედანზე კაცნაკლული დარჩა, ხოლო იაპონია 3 ქულით კიდევ ერთხელ დაწინაურდა.
ბოლოს, იაპონელებმა 22 მეტრიდან ჯარიმა კარში აღარ დაარტეს, შეტევა ზედ ჩათვლის ხაზთან შეჩერდა, მაგრამ აზიელებმა ბურთი სწრაფად გაშალეს მარცხენა ფლანგზე, ჰარუმისი ტატეკავამ გრძელი გადაცემით ზედ გვერდით ხაზთან ტაკაში კიკუტანი მონახა და მანაც ალამთან შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა. გორომარუს გარდასახვა გაუცუდდა და ტაიმი 17:9 დასრულდა.
მე-2 ტაიმი კვლავ იაპონელთა შეტევებით დაიწყო, რომლებმაც მასპინძლები საკუთარ 22-ში გამოკეტეს, მაგრამ რუმინელებმა გაძლეს. 47-ე წუთზე, ტურაშვილი ჩახურვისთვის რომ დაჯარიმდა, იაპონელებმა 3 ქულის აღება გადაწყვიტეს, მაგრამ მარცხნივ, 38 მეტრიდან დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.
სტუმრებმა იერიშები განაგრძეს და უმეტესად რუმინელთა 22-ში მიდიოდა ჭიდაობა. მასპინძლები ახლა უკვე ცენტრალური ხაზის გადაკვეთასაც ვერ ახერხებდნენ, მაგრამ 58-ე წუთზე, როდესაც რუმინეთის შერკინებამ მეტოქისა კიდევ ერთხელ დაიბრიყვა, მიჰაი მაკოვეიმ კონტრშეტევაზე გვერდით ხაზთან მედელინ ლემნარუ დაგეშა და მანაც ჩათვლის მოედნამდე დაახლოებით 55 მეტრი ირბინა.
ამას, ზუსტი გარდასახვა მოჰყვა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა, რამაც მასპინძლებს მოგების იმედი გაუჩინა. მათ ინერციით კიდევ ერთხელ შეუტიეს სალელოვედ, თუმცა, 22-ში ბურთი წინ დაუვარდათ, მერე მეტოქეს ფეხით თამაშში აყვნენ და საკუთარი ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში იაპონიის დერეფანი მიიღეს. თამაში ისევ მასპინძელთა 22-ში გაგრძელდა, სადაც იაპონელებმა რამდენჯერმე ააგორეს მოლი, რუმინელებმა ის რამდენჯერმე ჩააქციეს და საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, რასაც, რაღა თქმა უნდა, ზუსტი გარდასახვა მოჰყვა.
რამდენიმე წუთში უკვე რუმინეთმა მიიღო იაპონელთა ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში შერკინება, მეტოქე დიდი უპირატესობით დაჩაგრა და ლელო-გარდასახვით სხვაობა კვლავ ერთ ქულამდე დავიდა - 23:24.
მატჩის ბოლო წუთები კვლავ იაპონელთა შეტევებით წარიმართა. სწრაფმა იერიშმა რუმინელთა დაცვა მოარღვია, ჰიროტოკი ონოზავამ დერეფანი ნახა და მე-3 ლელო გაიტანა. ზუსტი გარდასახვის შემდეგ, უპირატესობა 8 ქულამდე გაიზარდა და სწორედ ამიტომ, რუმინელებმა ჯარიმით სცადეს ჩამორჩენის შემცირება, რათა ბოლო წუთებზე ლელოზე თამაშს აზრი ჰქონოდა, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა. სამაგიეროდ, გორომარუს ბოლო დარტყმა იყო ზუსტი და იაპონიამ 34:23 იმარჯვა.
ახლა, იაპონია გეზს საქართველოსკენ აიღებს და 17 ნოემბერს “მიხეილ მესხზე” საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.
რუმინეთი - იაპონია 23:34 (9:17)
რუმინეთი. ბუქარესტი. “ტრიუმფალური თაღი”
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. მადალინ ლემნარუ, 13. იონელ კაზანი, 12. კსაბა გალი, 11. იონუც ბოტეზატუ, 10. ანდრეი ფილიპი, 9. ფლორინ სურუჯუ; 1. პეტრუ ტამბა, 2. ოთარ ტურაშვილი, 3. ჰორაციუ პუნგეა, 4. მარიუს სირბე, 5. ვალენტინ ურსაჩე, 6. ვასილე რუსი, 7. ვიორელ ლუკასი, 8. მიჰაი მაკოვეი.
სათადარიგოები: 16. ანდრეაი რადოი, 17. ვლად ბადალიკესკუ, 18. ალინ კოსტა, 19. ალექსანდრუ მატა, 20. გრიგორას დიაკონესკუ, 21. იონუც ფლორეა, 22. კონსტანტინ გეარა, 23. რომულუს ბოარი.
იაპონია: 15. აუმუ გორომარუ, 14. ტოშიაკი ჰიროსე, 13. ტომოჰირო სენბა, 12. ჰარუმიჩი ტატეკავა, 11. ჰიროტოკი ონოზავა, 10. კოსეი ონო, 9. ფუმიაკი ტანაკა; 1. იუსუკე ნაგაე, 2. შოთა ჰორი, 3. ჰიროში იამაშიტა, 4. ჰიტოში ონო, 5. ლუკ ტომპსონი, 6. ჰენდრიკ ტუი, 7. მიხაელ ლეიტჩი, 8. ტაკაში კიკუტანი.
სათადარიგოები: 16. ჰარიკუ ოტა, 17. ტაკუმა ასაჰარა, 18. კენსუკე ჰატაკეიამა, 19. კოლინიასი ჰოლანი, 20. მიხაელ ბროადჰურსტი, 21. აცუში ჰაივასა, 22. იუ ტამურა, 23. გო არუგა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია