საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქე - ფიჯი, რომელიც “ბორჯღალოსნების” წინაშე “მიხეილ მესხზე” 24 ნოემბერს წარსდგება, შემოდგომის სერიის პირველ ტესტ-მატჩში, ლონდონში, “თვიქნემზე” მასპინძელ ინგლისს ეთამაშა და 12:54 შერცხვა.
არადა, წყნარი ოკეანის კუნძულელებს ისეთი დასაწყისი ჰქონდათ, სადებიუტო 20 წუთის შემდეგ, მსგავს შედეგს ვერავინ წარმოიდგენდა. 16-17 წუთის განმავლობაში, სათამაშო დროის 81-მა პროცენტმა ინგლისელთა ნახევარზე ჩაიარა. ამ პერიოდში, მასპინძლები სინბინით დაისაჯნენ და მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ, ფიჯიმ კი, გარკვეული დრო ე.წ. წითელ ზონაში, ჩათვლის მოედნის სიახლოვეს გაატარა, მაგრამ ლელო ვერ გაიტანა.
რატომ არ გავიდა ლელო? იმიტომ, რომ მათ წინაშე უმაღლესი კლასის გუნდი - ინგლისის ნაკრები იდგა. სხვა მეტოქე, თუმდაც იგივე შოტლანდია, ან იტალია, დიდი ალბათობით, ამ წნეხს ვერ გაუძლებდა. და კიდევ, ფიჯის ნაკრები, ცოტა არ იყოს, არეულად უტევდა, თანმიმდევრული გადაწყვეტილებების ნაცვლად, ოკეანელები ბურთს უმისამართოდ ისროდნენ უკან, იმის იმედად, რომ ის თანაგუნდელს ხელში ჩაუვარდებოდა და დაცვის ზღუდეც მორიგი ძლიერი დარტყმის შემდეგ გაიკვეთებოდა, მაგრამ ევროპელები დაცვაში მწყობრად თამაშობდნენ და ასე არ მოხდა.
ამავე პერიოდში, ფიჯიმ ორჯერ მიიღო ჯარიმით ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა, მაგრამ მეტუისელა ტალებულამ ორივე დარტყმა გააცუდა.
შემდგომში, კაცნაკლულმა ინგლისმა იქით მოიპოვა ჯარიმის შესრულების უფლება, ანგარიში თავად გახსნა, დალაგდა და 7 ლელოც გაიტანა.
ფიჯელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 2 საპასუხო ლელო მათაც მიითვალეს, მაგრამ ეს დიდი ანგარიშით მარცხისგან თავის დასაღწევად საკმარისი არ აღმოჩნდა.
პირველი აფეთქების შემდეგ, რომელიც ინგლისმა ჯარიმით ჩააცხრო, მასპინძლებმა თავისი თამაში დაალაგეს და 82 ათასი მაყურებლის გასახარად, ნაირ-ნაირი ლელოები გაიტანეს.
პირველ ტაიმში ინგლისელებმა 3 ლელო დადეს, მე-2 ნახევრის პირველივე წუთებიდან კი, უპირატესობა გაზარდეს. ისინი 35:0-ს იგებდნენ, როდესაც ნიკოლა მატავალუ კონტრშეტევაზე გაიქცა, დაახლოებით 60 მეტრი დაფარა და საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ ერთი შეხედვით იოლი გარდასახვა გამოუყენებელი დარჩა.
ფიჯის მე-2 ლელო ბოლო წუთებზე გავიდა და ის სეკო კალუს ანგარიშზეა, რომელმაც ბურთი რაქიდან აიტაცა და ინგლისელთა დალელოვებით ძლიერ გაიხარა, ჯოშ მატავესიმ კი, გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
მთლიანობაში, ფიჯის ნაკრებმა ძალიან არეულად ითამაშა. მის მოთამაშეებს ხშირად უვარდებოდათ ბურთი და უფრო მეტად უაზრო გადაცემებს აკეთებდნენ. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფიჯის დამარცხება იოლი იქნება.
ძალიან მნიშვნელოვანია ფიჯელებთან ბურთზე კონტროლის დამყარება და მისი გაფრთხილება, რადგან ფიჯი ძალზედ სახიფათოა კონტრშეტევებისას. სწორედ კონტრშეტევისას გაიტანა თავისი პირველი ლელო, როდესაც ინგლისმა ბურთი დაკარგა.
ამასთან, ბურთის უაზროდ მოსროლისას, მეტოქესაც შეუძლია გადაცემის ჩაჭრა და კონტრშეტევის თავად გამოყენება, მაგრამ დიდი სიფრთხილეა საჭირო, რადგან თუ მცველი ისე ავარდა, რომ ბურთს ვერ მიწვდა, მაშინ ფიჯი დაცვაში გაჩენილ ნაპრალს აუცილებლად გამოიყენებს და მეტოქეც დაისჯება.
ინგლისის შერკინებამ მეტოქისა პირწმინდად დაჩაგრა და ამ კომპონენტში უდიდესი უპირატესობაც მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შერკინების სიძლიერის გათვალისწინებით, ამ კომპონენტის გამოყენება “ბორჯღალოსნებსაც” სათანადოდ შეუძლიათ, მაგრამ ინდივიდუალური თვალსაზრისით, მარტო მორკნალები კი არა, ფიჯელთა ყველა მორაგბე ფიზიკურად ძალიან ძლიერია და ნამდვილი ათლეტია. ისინი ვერ ახერხებდნენ ინგლისელების შეჩერებას მხოლოდ იმიტომ, რომ შემტევი ბოჭვის შემდეგ ტრიალს აკეთებდა და მცველს უსხლტებოდა, ან ინგლისელი ფეხებით მუშაობას არ წყვეტდა, არ წვებოდა და რამდენიმე მეტრის მოგებას მაინც ახერხებდა. ასე თამაში გამოცდილ გუნდებსა და მორაგბეებს შეუძლიათ და იმედია, საქართველოს ნაკრებსაც გამოუვა.
ინგლისი - ფიჯი 54:12
ფიჯი: 15. სიმელი კონიფერედი, 14. სამუ ვარა, 13. ვერენიკი გონევა, 12. სირელი ნაქელევუკი, 11. ვატისონი ვოტუ, 10. მეტუისელა ტალებულა, 9. ნიკოლა მატავალუ; 1. რატუ მაკუტუ, 2. ვილიამ ვეიკოსო, 3. დეაკოც მანუ, 4. ლეონე ნაკავარა, 5. აპისოლამი რატუნიუარავა, 6. აპი ნაიკატანი, 7. მალაკი რავულო, 8. აკაპუსი ქერა.
სათადარიგოები: 16. სერემაია ნაურეურე, 17. სეტაფანო სამოკა, 18. მანასა საულო, 19. სეკონაია კალოუ, 20. ილიესა რატუვა, 21. კელემედი ბოლა, 22. ჯოშ მატავესი, 23. რავაი ფატიაკი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია