6 ერი

11:57 | 27.02.2016 | ნანახია 1023 - ჯერ

უელსმა საფრანგეთი ჩამოიტოვა

უელსმა საფრანგეთს ექვსი ერის მესამე ტურში კარდიფში 19:10 სძლია და სატურნირო ცხრილში ჩამოიტოვა. მატჩის პირველი ლელო ფრანგთა შეცდომების სერიას მოყვა და ჯორჯ ნორთის დამიწება ცოტა კურიოზულადაც გამოიყურებოდა, მაგრამ ეს იყო ლოგიკური შედეგი იმ სათამაშო უპირატესობისა, რასაც მასპინძლები ფლობდნენ.

ამის შემდეგ ფრანგებმა მოინდომეს, მაგრამ „დრაკონებმა“ მათი უფანტაზიო შეტევები მოიგერიეს და ექვსი ერის დაუფლების შანსი შეინარჩუნეს.

უელსმა კარგად შეკრული, მიზანდასახული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და მართალია საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მაგრამ ამ ეტაპზე გამარჯვებისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა. გამოჩნდა ისიც, რომ გი ნოვესს ჯერაც ბევრი აქვს სამუშაო იმისათვის, რათა ფრანგები თუნდაც ევროპის მასშტაბით ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ.

პირველი ტაიმი მოსაწყენი გამოდგენა. შერკინებები უსაშველოდ იწელებოდა, სალელოვე შანსი მასპინძლებს უფრო ჰქონდათ, ვიდრე სტუმრებს, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს და დენ ბიგარის ორ ჯარიმას ჟიულ პლისონმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა - 6:3. მეორე ტაიმის დებიუტში ბიგარმა ერთი ჯარიმაც გაიტანა, მერე ფრანგებმა მოედნის ცენტრთან კონტაქტისას დაკარგეს ბურთი, ჯონათან დევისმა ის ფეხით ჩაკიდა, პლისონმა ოვალს ლელოდან 5 მეტრში ფეხი ააცილა და ნორთიც კიდევ ორი მცველის მცდელობის მიუხედავად ლელოში შეხტა.

გარდასახვა ზუსტი იყო და უელსი 16:3 დაწინაურდა, რის შემდეგაც ინიციატივას ფრანგები დაეუფლნენ და მასპინძლების 22-ში დამკვიდრდნენ, მაგრამ უელსმა თავი დაიცვა. მერე ბიგარმა თავისი მეოთხე ჯარიმა გაიტანა, ტრინ-დუკის გამოჩენამ ფრანგების შეტევებს მეტი ფანტაზია შემატა და ალბათ, შოტლანდიასთან მატჩს ის დაიწყებს. გუშინ კი, გიიომ გირადომ ფრანგთა ერთადერთი საპასუხო ლელო გაიტანა, ტრინ დუკმა გარდასახა და უელსმა 19:10 იმარჯვა.

დღევანდელ მატჩებში იტალიამ და შოტლანდიამ „ხის კოვზის“ კანდიდატი უნდა გამოავლინონ, ხოლო ინგლისი ირლანდიასთან დაუმარცხებელი სვლის გაგრძელებას ეცდება.

უელსი - საფრანგეთი 19:10

27 თებერვალი

იტალია - შოტლანდია

ინგლისი - ირლანდია

1.

უელსი

3

2

1

0

62:49

5

2.

ინგლისი

2

2

0

0

55:18

4

3.

საფრანგეთი

3

2

0

1

43:49

4

4.

ირლანდია

2

0

1

1

25:26

1

5.

შოტლანდია

2

0

0

2

32:42

0

6.

იტალია

2

0

0

2

30:63

0

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077055