წამყვანი სარაგბო ნაკრებების მონაწილეობით ევროპის სტადიონებზე გამართულმა ტესტ-მატჩებმა სამხრეთ ნახევასფეროს წარმომადგენლების უპირატესობით ჩაიარა. ერთადერთი ევროპული გუნდი, რომელმაც სამხრეთელი სტუმარი დამარცხებული გაისტუმრა, საფრანგეთის ნაკრებია, რომელმაც ავსტრალია 33:6 დაიბრიყვა.
ნოემბრის ტესტ-მატჩები დიდი მნიშვნელობისაა, რადგან დეკემბერში 2015 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა უნდა გაიმართოს და სწორედ ნოემბრის ტესტების შედეგად გადანაწილდება კალათებში ის 12 ნაკრები, რომლებმაც ინგლისის მსოფლიო თასზე თამაში უკვე დაიბევეს.
ფრანგებს ავსტრალიასთან ძველი ანგარიში ჰქონდათ გასასწორებელი. მათ “კემგურუები” 2005 წლის შემდეგ დამარცხებული არ ყავდათ და ბოლო ხუთი თამაში სულაც წააგეს. სულ ბოლოს ამ ნაკრებების ჯახი ორი წლის წინ პარიზში გაიმართა და მაშინ ავსტრალიელებმა მასპინძლები 59:16 შეარცხვინეს, რისთვისაც ფრანგებს რევანში სწყუროდათ და ეს რევანში იდევ პარიზში, “სტად დე ფრანსზე” შედგა.
მასპინძლებმა მომხვდურს შერკინებაში აშკარად აჯობეს და პირველი ტაიმის ერთადერთი ლელო მათმა შერკინების შემკვრელმა ლუი პიკამოლმა გაიტანა, რომელმაც 5-მეტრა შერკინების შემდეგ იხეირა. ამას ფრედერიკ მიშალაკმა ზუსტი გარდასახვა, ორი ჯარიმა და ტაიმის მიწურულს გატანილი არეკნი დაურთო, რაზეც ავსტრალიამ ჰარისის ორად ორი ჯარიმით უპასუხა და პირველი ტაიმი 16:6 დასრულდა. მეორე ტაიმის შუაწელს მიშალაკმა უესლი ფოფანა მეორე ლელოსთვის დაგეზა, 63-ე წუთზე კი, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგთა შერკინების მთელი პირველი ხაზი შეცვლილი იყო, ავსტრალია მას ვერ დაუდგა და საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, ხოლო მორგან პარამ ჯარიმით საბოლოო წერტილი დასვა - 33:6.
გამარჯვებასთან ახლოს იყო ირლანდიის ნაკრებიც, რომელმაც პირველი ტაიმი სამხრეთ აფრიკას 9-ქულიანი უპირატესობით მოუგო, მაგრამ მეორე ნახევარში 13 უპასუხო ქულა მიიღო. ახლა ირლანდიელებს უკანასკნელ 9 თამაშში მხოლოდ 2 მოგება აქვთ, მათ წააგეს ზედიზედ ბოლო ხუთი თამაში, რაც ამ ნაკრების ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. ირლანდიელებს ტრავმების გამო რამდენიმე წამყვანი მორაგბე აკდათ, მაგრამ არც აფრიკა თამაშობდა საუკეთესო შემადგენლობით და ეს გამამართლებელ საბუთად არ გამოდგება.
არადა, მასპინძლებმა თამაში კარგად დაიწყეს და ყველა ჯერზე, როდესაც მოედნის ცენტრი გადალახეს, ქულა აიღეს. სამხრეთ აფრიკის ნაკრები უდისციპლინობის გამო ისჯებოდა, ხოლო ჯონათან სექსტონი ჯარიმებს ზუსტად ურტყამდა და გუნდს კომფორტული უპირატესობაც მოუტანა. ირლანდიელის ოთხ ჯარიმას პირველ ტაიმში სამხრეთ აფრიკამ პატრისკ ლემბის ერთადერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა - 12:3. დაიწყო მეორე ნახევარი და აფრიკელთა ცხრა ნომერმა რუან პიენარმა ლელო გაიტანა, რასაც ლემბის ზუსტი გარდასახვა მოყვა, 51-ე წუთზე კი, მან უკვე ჯარიმით სტუმრები დააწინაურა. მაყურებელს ხასიათი კიდევ უფრო 69-ე წუთზე წაუხდა, როდესაც ლემბიმ მორიგი ჯარიმით მინიმალური უპირატესობა 4 ქულამდე გაზრდა და ამის შემდეგ ანგარიში აღარც შეცვლილა - 16:12 აფრიკელთა სასარგებლოდ.
არგენტინის ნაკრებს “ოთხ ერში” გაწევრება ძლიერ რომ წაადგა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა. სამხრეთამერიკელები უელსს ეწვივნენ და 2001 წლის შემდეგ, ამ მიწაზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს. ამაში დამნაშავე უელსმა მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ეძიოს, რადგან უამრავი შეცდომა დაუშვა. მატჩის დებიუტში სტუმრები დომინირენდნენ და ფელიპე კონტეპომიმ ჯარიმით ანგარიში გახსნა. ლი ჰალფპენიმ ჯარიმითვე მალე უპასუხა, მაგრამ მე-9 წუთზე ნიკოლას სანჩესმა არეკნით ისევ სტუმრები დააწინაურა. მალე არგენტინას კონტეპომი დაუშავდა და შესაცვლელი გახდა, ჭრილობაზე მარილად კი, ჰალფპენიმ ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა.
თამაში “პუმების” დომინირებით გაგრძელდა და ისინი ლელოს გატანასთანაც ახლოს იყვნენ, მაგრამ მიზანს ვერ უწიეს. მერე უელსს დაემტვრა შუამარბი - ჯეიმს რობერტსი თავით გონსალო ტიესს შეეჯახა და მასპინძლებსაც მოუწიათ 12 ნომრის შეცვლა. მიუხედავად ამისა, 3 წუთში მასპინძლები ჰალფპენის მორიგი ჯარიმით 9:6 დაწინაურდნენ და ტაიმიც ასე დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში სანჩესს ორი არეკნი გაუცუდდა, რაზეც ჰალფპენიმ ზუსტი ჯარიმით უპასუხა და მასპინძელთა უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა.
სანჩესმა მესამე ცდაზე არეკნი მაინც გაიტანა და 51-ე წუთზე ჩამორჩენა შეამცირა, სამიოდე წუთში კი, ხუან მარტინ ფერნანდესმა უელსელთა დაცვა გაარღვია და ხუან იმოფმა ლელომდე 20 მეტრი ირბინა. ოთხიოდე წუთში ხუან მარტინ ერნანდესის გარღვევა ლელოთი უკვე გონსალო კამაჩომ დაასრულა, სანჩესმა ორივე გარდასახვა გამოიყენა, მანვე 71-ე წუთზე ჯარიმაც ზუსტად შეასრულა და არგენტინამ 26:12 იმარჯვა.
დაგეგმილი გამარჯვებით დაიწყო ნოემბრის ევროტური ახალმა ზელანდიამ, რომელმაც გადახალისებული შემადგენლობის მიუხედავად, შოტლანდია 51:22 გაანადგურა. ამ თამაშში პერიოდულად ჩანდა, თუ რატომაა ზელანდიელთა შეტევა ყველასთვის სამაგალითო, მაგრამ იყო მომენტები, როდესაც შოტლანდიელებმაც სიმამაცე გამოავლინეს, თუმცა, ეს “ოლ ბლექსთან” საკმარისი არ აღმოჩნდა. დენ კარტერმა ანგარიში ადრეული ჯარიმით გახსნა, მერე მასპინძლებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს და ტიმ ვიზერმა ლელო გაიტანა, ხოლო ლეიდლოუმ გარდასახვა გამოიყენა - 7:3.
წინა ეპიზოდში გადაცემა კარტერს ჩაუჭრეს და მან შეცდომა მალევე გამოასწორა - მასპინძელთა დაცვის ხაზში გაძვრა და იზრაელ დეგს საპასუხო ლელო გაატანინა, ხოლო თავად გარდასახვა ზუსტად გამოიყენა. მასპინძლებმა ლეიდლოუს ჯარიმით წონასწორობა 24-ე წუთზე აღადგინეს, მაგრამ მერე სტუმრებმა თამაშის რიტმი იპოვეს და ჯერ კარტერმა გაიტანა, ხოლო მერე, 29-ედან 36-ე წუთამდე, ჯულიან სავეამ, კორი ჯეინმა და ენდრიუ ჰორმა სამი ლელო გაიტანეს, რასაც კარტერის სამი ზუსტი გარდასახვა მოყვა - 10:34.
სქოთებმა პირველი ტაიმის მიწურულს კროსის ლელოთი უპასუხეს და ლეიდლოუმ გარდასახვა ზუსტად შეასრულა, ხოლო 51-ე წუთზე ვიზერის ლელოს შემდეგ ანგარიში 22:34 გახდა, მაგრამ ზელანდიელებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რატომ არიან მსოფლიოს ჩემპიონები. მათ მობილიზება მოახერხეს და ჯერ კარტერმა ჯარიმით იხეირა, ხოლო სავეამ და ბენ სმიტმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და კარტერის ორი გარდასახვის შემდეგ ზელანდიელებმა თამაში 51:22 მოიგეს.
ზემოთაღწერილი ოთხეულის გარდა, ევროპასა და მსოფლიოში კიდევ რამდენიმე ტესტ-მატჩი გაიმართა. იტალიამ ტონგას უმასპინძლა და დიდი ძალისხმევის ხარჯზე 28:23 იმარჯვა. კუნძულელები პირველ ტაიმში რამდენჯერმე იგებდნენ, მაგრამ ტაიმი ბოლო წუთზე გაშვებული ლელო-გარდასახვით 16:18 დათმეს. 63-ე წუთისთვის იტალიელები უკვე 28:16 იგებდნენ, თუმცა, ტონგამ ოთხ წუთში საპასუხო ლელო-გარდასახვის გატანა შეძლო და ბოლო წუთებმაც დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ იაპონიამ რუმინეთი ბუქარესტში 34:23 დაამარცხა, ხოლო ფიჯიმ საწყის 20 წუთში ინგლისთან მოპოვებული უდიდესი ტერიტორიული უპირატესობა ვერ გამოიყენა და საბოლოოდ 12:54 განადგურდა. პორტუგალია თავად ეწვია სამხრეთ ნახევარსფეროს და მონტევიდეოში ურუგვაის ნაკრებს 32:25 აჯობა, ხოლო ნამიბიამ მეორე აფრიკულ გუნდ ზიმბაბვეს 37:33 მოუგო.
13 ნოემბერს ახალი ზელანდიის “მაორები” ინგლისურ კლუბ “ლესტერს” დაუპირისპირდებიან, ტონგა “ნიუკასლს” ეთამაშა, ხოლო საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ფიჯი - “გლოსტერს”. მომდევნო დღეს ესპანეთის ეროვნული ნაკრები ზიმბაბვეს მასპინძლობს, 16 ნოემბრიდან კი, წამყვანი სარაგბო ნაკრებების მატჩები განახლდება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია