იაპონიის მორაგბეთა ნაკრები საქართველოში ჩამოსვლამდე ბუქარესტში შეჩერდა და რუმინეთის ნაკრები 34:23 დაამარცხა, რითაც 0,96 სარეიტინგო ქულა მიიღო და მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში მე-15 ადგილზე აღზევდა. მან საქართველოს ნაკრები ჩააჩოჩა, რომელსაც 17 ნოემბერს “მიხეილ მესხზე” დაუპირისპირდება და იმედია, ერთი კვირის შემდეგ აზიელები კვლავ “ბორჯღალოსნების” ქვევით იქნებიან.
ნოემბრის ტესტ-მატჩებმა და ევროპის ერთა თასის ქვედა დივიზიონის მატჩებმა სარეიტინგო ცვლილებები მრავლად გამოიწვიეს. ახლა ის დროა, როდესაც რეიტინგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ოღონდ, მხოლოდ იმ 12 ნაკრებისთვის, რომელთაც 2015 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე განაღდებული აქვთ. ინგლისში სამი წლის შემდეგ გასამართი მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა 3 დეკემბერს გაიმართება და იქ ზემოთ ნახსენები 12 გუნდი კალათებში სწორედ იმ ადგილების მიხედვით გადანაწილდება, რომელიც რეიტინგში ამ დროისთვის ექნება დაკავებული.
ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა საფრანგეთის ნაკრებმა განიცადა, რომელმაც ავსტრალია 33:6 დაამარცხა და მეოთხე საფეხურამდე აღზევდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფრანგები პირველ კალათში იქნებიან და მსოფლიო თასზე მინიმუმ მეოთხედფინალამდე ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ აფრიკასთან და ავსტრალიასთან ჯახს თავიდან აიცილებენ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ეს სამხრეთული გრანდები ნოემბრის ტესტ-მატჩების შემდეგ მოწინავეთა ოთხეულში დარჩებიან.
საფრანგეთის წინსვლად ხელი ინგლისმაც შეუწყო, რომელმაც ფიჯი 54:12 კი გაანადგურა, მაგრამ რადგან ამ გუნდს მთელი 10 საფეხურით და 12,49 სარეიტინგო ქულით უსწრებდა, მონაგარს ვერაფერი შემატა. შესაბამისად, მას საფრანგეთმა გადაასწრო, რომელმაც ავსტრალიელთა ძლევით 1,55 ქულა მიიღო. მეორედან მესამე ადგილამდე დაქვეითდა ავსტრალია, რომელიც ფრანგებს უკვე სულ ცოტათიღა უსწრებს. ეს კიდევ არაფერი, მაგრამ მომავალ შაბათს ავსტრალია იმ ინგლისს ეთამაშება, რომელიც მე-5 ადგილზეა და რომელსაც უკვე 2-ზე ნაკლები ქულით უსწრებს და შესაძლოა, ტურნეს შემდეგ სულაც ოთხეულს მიღმა აღმოჩნდეს.
მეორე ადგილზე სამხრეთ აფრიკა დაწინაურდა, რომელმაც მეორე ტაიმში ირლანდიასთან 13 უპასუხო ქულა აიღო და 16:12 იმარჯვა, რითაც რეიტინგს 0,81 ქულა შემატა. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ზელანდიამ შოტლანდიამ შოტლანდია 51:22 გაანადგურა, ეს “ოლ ბლექსის” სარეიტინგო ქულებს არ შეხებია, ისევე, როგორც შოტლანდიისა, მაგრამ ზელანდიელები რეიტინგს მაინც დიდი უპირატესობით ლიდერობენ, ხოლო შოტლანდია მე-9 ადგილს ინარჩუნებს.
სამაგიეროდ, უელსის 26:12 დამარცხებით რეიტინგში არგენტინა დაწინაურდა და მან მე-7 საფეხურზე აინაცვლა, ხოლო ირლანდია მე-8 ადგილამდე დაეშვა. სამოამ კანადის, იტალიამ ტონგას, ხოლო აშშ-მ რუსეთის დამარცხებით სარეიტინგო ქულები კი მიიღეს, მაგრამ რეიტინგში არ დაწინაურებულან. სამაგიეროდ, ერთბაშად სამი ადგილით წინ წაიწია პორტუგალიამ, რომელმაც სტუმრად ურუგვაის 32:25 აჯობა. მარცხის გამო ადგილები არ დაუკარგავთ ტონგას და კანადას, აი რუსეთი კი, მე-20 საფეხურამდე დაეშვა. ნამიბიამ ურუგვაის დამარცხებით ისარგებლა, თავად ზიმბაბვეს 37:33 აჯობა და აფრიკული გუნდი სამხრეთამერიკულისაზე წინ აღმოჩნდა.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 12 ნოემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 92,91
2 (3). სამხრეთ აფრიკა 85,50
3 (2). ავსტრალია 84,82
4 (5). საფრანგეთი 84,58
5 (4). ინგლისი 83,09
6 (6). უელსი 80,60
7 (8). არგენტინა 80,29
8 (7). ირლანდია 79,04
9 (9). შოტლანდია 77,97
10 (10). სამოა 77,14
11 (11). იტალია 76,61
12 (12). ტონგა 74,22
13 (13). კანადა 71,39
14 (14). ფიჯი 70,60
15 (16). იაპონია 68,89
16 (15). საქართველო 67,95
17 (17). აშშ 67,15
18 (18). რუმინეთი 63,58
19 (20). ესპანეთი 61,63
20 (19). რუსეთი 61,51
21 (22). ნამიბია 59,49
22 (21). ურუგვაი 59,37
23 (23). ბელგია 59,17
24 (27). პორტუგალია 58,33
25 (24). ჩილე 58,32
26 (25). პოლონეთი 56,91
27 (26). კორეა 56,72
28 (28). ჰონკონგი 55,49
29 (29). ზიმბაბვე 54,45
30 (30). გერმანია 54,09
31 (31). უკრაინა 53,61
32 (32). მაროკო 52,35
33 (33). ბრაზილია 52,18
34 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია