ცოტა ხნის წინ, საქართველოს 17 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, გაისად მარტში საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გასამართი ევროპის ელიტდივიზიონის შესარჩევი ეტაპი მოიგო.
ქართველმა ახალგაზრდებმა იქ გერმანიის ნაკრები 50:13 დაამარცხეს, მერე ბელგიას 55:5 სძლიეს, დასკვნით მატჩში კი, მასპინძელ პორტუგალიას მსაჯიანად 33:17 აჯობეს და პირველი ადგილი დაიკავეს. ევროპირველობის საგზური საქართველოსთან ერთად პორტუგალიამაც მიიღო და ეს გუნდები ინგლისის, უელსის, საფრანგეთის, ირლანდიის, შოტლანდიისა და იტალიის ნაკრებებთან ითამაშებენ. მწვრთნელები განვლილი ტურნირით კმაყოფილები დარჩნენ, განსაკუთრებით კი, ისინი უკანა ხაზის კარგმა თამაშმა გაახარა.
გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “კმაყოფილი ვარ მწვრთნელების მუშაობით და ბიჭების გარჯით. ისინი რთულ პირობებში იყვნენ, განსაკუთრებით პორტუგალიასთან მატჩში, მაგრამ დასახული ამოცანა მაინც პირნათლად შეასრულეს. მართალია, ელიტდივიზიონში მეორე ადგილითაც გავდიოდით, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ამ შესარჩევი ტურნირის მოგება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაგბში სერიოზული თაობა მოდის”.
დავით ჩავლეიშვილი (17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი): “პორტუგალიაში სამი თამაში ჩავატარეთ და ყველა მოვიგეთ. გერმანიის ნაკრებს არ ვიცნობდით, მაგრამ მათი პროგრესის გათვალისწინებით, განვსაზღვრეთ, რომ ძლიერ გუნდთან მოგვიწევდა თამაში და პირველივე წუთებიდან მოედანზე სრული მობილიზებით გავედით. ხუთიოდე წუთში ანგარიში გავხსენით და უპირატესობა ხელიდან აღარც გაგვიშვია. როგორც ყოველთვის პირველი თამაშისას, გუნდი ცოტა დაულაგებელი ჩანდა, მაგრამ აქ ბიჭების ინდივიდუალურმა ოსტატობამ იჩინა თავი.
მერე ბელგიელებს შევხვდით, რომელთაც ფრანგი მორაგბეები ჰყავთ დამატებული და შარშანდელი გამოცდილებით ვიცოდით, რომ იოლი მეტოქე არ იყო. თავიდან წინააღმდეგობა გაგვიწიეს, მაგრამ მერე კლასმა მაინც თავისი გაიტანა. მესამე მატჩში, ტურნირის ორგანიზატორებმა მაქსიმუმი გაიღეს, რომ გამარჯვება მასპინძელ პორტუგალიას დარჩენოდა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით და მსაჯს არ მივეცით იმის საშუალება, რომ ხშირად დავეჯარიმებინეთ. თამაშმა წვიმაში ჩაიარა და კარგად გამოჩნდა ჩვენი უკანა ხაზის სიძლიერე. ამ გუნდში არიან ისეთი ბიჭები, რომლებიც მალე დიდ ნაკრებებსაც გამოადგებიან.
გვსურს, რომ ეროვნული ნაკრების სტილში ვითამაშოთ, მაგრამ ჩვენი მთავარი კოზირი მაინც ძლიერი შერკინებაა. იქიდან გამოსული ბურთი კარგად იშლებოდა და ამის შედეგია, ლელოების 80 პროცენტი უკანახაზელებმა რომ გაიტანეს. ამ გუნდში კარგადაა შეთამაშებული შერკინება და უკანა ხაზი. ტურნირის მზადების წინ თბილისში აფრიკელები იყვნენ ჩამოსული და მათთან გამართული სამი თამაში ძლიერ წაგვადგა. ვცდილობთ, რომ ამხანაგური შეხვედრები ძლიერ ნაკრებებთან გავმართოთ, მაგრამ ფრანგებისგან უკვე უარი მივიღეთ, ახლა ინგლისელების პასუხს ველით, თორემ პორტუგალიასთან ნებისმიერ დროს ვითამაშებთ.
ჩვენ არჩევანი გაგვეზარდა. ახლა სანაკრებო სიას უკვე დაახლოებით 300 მორაგბიდან ვადგენთ (ბოლო ეტაპზე) და ეს შედეგზეც აისახა. იმედი გვაქვს, რომ ელიტდივიზიონში შარშანდელზე უკეთესი შედეგი გვექნება, რადგან ახლა ჩვენს ნაკრებს წინა წლებთან შედარებით საუკეთესო უკანა ხაზი ყავს. ჯერ არ ვიცით, ჩვენ 17-წლამდელთა ნაკრებში დავრჩებით, რომ ამ ბიჭებს გავყვებით, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა”.
შეგახსენებთ, რომ გასულ მარტში, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ინგლისთან განადგურდა, მაგრამ მერე იტალიას სძლია, თანაც ისე, რომ ერთი ხანობა 12 კაცის ამარა დარჩა მოედანზე და 13-მა ქართველმა 15 იტალიელს ლელო იქით გაუტანა, ბოლოს კი, შოტლანდიასთან წარმატების მისაღწევად სულ ცოტა დაგვაკლდა.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია