ამბები

20:55 | 13.11.2012 | ნანახია 2668 - ჯერ

ჩვეული ჟინით და ქომაგის თანადგომით

“მე მესმის იმ გულშემატკივარის, რომელიც რუსეთთან მატჩს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებიდან გამომდინარე, ეს, ალბათ, არ შეიცვლება, მაგრამ ვისაც რაგბი უყვარს, ის აუცილებლად უნდა მოვიდეს იაპონიასა და ფიჯის ნაკრებებთან გასამართი მატჩების სანახავად”, - თქვა ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფრანგული “კლერმონისა” და საქართველოს ნაკრების ბურჯმა, 2010 წლის საფრანგეთის ჩემპიონმა და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა (და არა მარტო საუკეთესო მორაგბემ) დავით ზირაქაშვილმა.
დიახ, 17 და 24 ნოემბერს, ქართული და ზოგადად რაგბის გულშემატკივარს მოსაწყენად არ ეცლება. პირველ ჯერზე, “მიხეილ მესხზე” “ბორჯღალოსანთა” მეტოქე იაპონია იქნება, რომელიც რუმინეთის 34:23 ძლევის შემდეგ, საქართველოს უკვე ეწვია და მომავალი მატჩისთვის ემზადება. თამაში 15 საათზე დაიწყება, ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია და ისინი უკვე იყიდება “მიხელ მესხისა” და “დინამო არენას” სალაროებში. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამჯერად ბილეთები დანომრილია და საქართველოს რაგბის კავშირის თხოვნაა, რომ გულშემატკივრებმა დროულად დაიჭირონ თადარიგი. ფიჯის ნაკრები იმავე “მიხეილ მესხზე” და ასევე 15 საათზე, საქართველოს ნაკრების წინაშე 24 ნოემბერს წარსდგება.
საქართველოს ნაკრებს ამ ორი უმნიშვნელოვანესი მატჩისათვის დააკლდებიან ტრავმირებული ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჩხაიძე და დიმიტრი ბასილაია. წინასწარ გამოცხადებულ შემადგენლობას გამოაკდნენ ანტონ ფეიქრიშვილი და ლაშა მალაღურაძე. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია მამუკა გორგოძეს, რომელიც მოწამლულია და უბრალოდ, ამ ვარჯიშს დააკლდა, თორემ აუცილებლად ითამაშებს. სამაგიეროდ, იაპონიასა და ფიჯის ნაკრებებთან სათამაშოდ, გუნდის მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, უკანა ხაზის მომზადებაში მისი მეგობარი, ზელანდიელი ლეგენდა ტანა უმაგა დაეხმარება.
სამშაბათს საღამოს გუნდმა თითქმის ორსაათიანი ვარჯიში გამართა. თავიდან, მწვრთნელებმა ბიჭები მოძრაობაში პასების გაკეთებაში ავარჯიშეს, რასაც ბურთთან ურთიერთობის ტექნიკის დახვეწის გარდა, გახურების ფუნქციაც ჰქონდა. მერე ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო. მილტონ ჰეიგმა, ილია მაისურაძემ და ილია ზედგინიძემ მორკინალები დერეფანში ავარჯიშეს, ხოლო უკანახაზელებთან ტანა უმაგამ იმუშავა. რადგან მისი მუშაობა უფრო საინტერესო იყო, ჩვენც ძირითადი ყურადღება მოედნის ამ ნაწილს დავუთმეთ.
ზელანდიელმა უკანახაზელები თავიდან მოკლე მონაკვეთზე ფინტის გაკეთებაში ავარჯიშა. დაახლოებით 5-6 მეტრის მანძილზე, ერთი ბურთიანი, ფინტით ცდილობდა ერთი უბურთოს მოტყუებას. მერე მორაგბეთა რაოდენობა გაიზარდა და უკვე ორი უტევდა სამს, ან პირიქით. ამას 22-მეტრიანი ხაზიდან რამდენიმე მორაგბის ერთ მცველზე გასვლა მოყვა, ხოლო ბოლოს, ბურთი იმიტირებული შერკინებიდან გადიოდა და სანამ ერთი ნაწილი უტევდა, მეორე თავს იცავდა, ხოლო მერე როლები შეიცვალა.
ვარჯიშის ბოლოს გუნდი გაერთიანდა და ერთობლივი ვარჯიში ჩატარდა. მოვარჯიშეთა რაოდენობა იმის საშუალებას იძლეოდა, რომ გუნდი ორმხრივ თამაშს დამსაგვსებოდა და მწვრთნელებმა შეტევასა და დაცვაში კომბინაციები დაამუშავეს. თითქმის ორსაათიანი წვრთნის შემდეგ, ბიჭებმა გაწელვები გააკეთეს და დაიშალნენ. მოედანზე მხოლოდ მერაბ კვირიკაშვილი დარჩა, რომელიც უკვე ხელოვნური განათების ფონზე, სხვადასხვა პოზიციებიდან ჯარიმების კარში დარტყმას ხვეწდა.
აღნიშნული თამაშებისთვის მოსამზადებლად, ნაკრების ხელმძღვანელობამ შემდეგი მორაგბეები გამოიძახა: დავით ხინჩაგიშვილი, დავით ზირაქაშვილი, დავით ქუბრიაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი, იური ნატრიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ლევან ჩილაჩავა, ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნემსაძე, ვახტანგ მაისურაძე, ვიქტორ კოლელიშვილი, შალვა სუთიაშვილი, მამუკა გორგოძე, ბექა ბიწაძე, გიორგი თხილაიშვილი, კოტე მიქაუტაძე, ირაკლი აბუსერიძე, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, მერაბ კვირიკაშვილი, ლაშა ხმალაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, თედო ზიბზიბაძე, რევაზ გიგაური, ირაკლი მაჩხანელი, ალექსანდრე თოდუა, ირაკლი ყიასაშვილი, გიორგი ფრუიძე, საბა ნიკოლავა, თამაზ მჭედლიძე.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ტანა უმაგა
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ექიმი: ერიკ დალასი
ექიმი: ბესო აბრამიშვილი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ტონი ბურჟერი

 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.092089