საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს, 17 და 24 ნოემბერს ორი უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩი ელის. 17-ში, 15 საათზე, “მიხეილ მესხზე” “ბორჯღალოსანთა” მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, ხოლო 24-ში იმავე სტადიონზე და ასევე 15 საათზე, ფიჯის ნაკრები დაგვიპირისპირდება.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა “მიხეილ მესხისა” და “დინამო არენას” სალაროებში უკვე დაიწყო და მათი ფასი 5 და 10 ლარია.
აღსანიშნავია, რომ ამ დონის მეტოქეები, თბილისში თითქმის არ ჩამოსულან და გულშემატკივართა მხარში დგომა, ჩვენს ბიჭებს ძალიან წაადგება.
თბილისში ჩამოსვლამდე, იაპონის ნაკრებმა რუმინეთი ბუქარესტში 34:23 დაამარცხა, ხოლო ფიჯი ინგლისთან საწყის 20 წუთში უდიდეს ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მერე ორი ლელოც გაიტანა, მაგრამ თავად შვიდი გაუშვა და 12:54 დამარცხდა. ფიჯელები დღეს ღამე ინგლისში კიდევ ერთ თამაშს ჩაატარებენ და “გლოსტერს” გაეჯიბრებიან.
საქართველოს ნაკრებმა, მომავალი მატჩებისთვის მზადების მიზნით, სამდღიანი შეკრება საფრანგეთში გაიარა და ვარჯიში საქართველოში განაგრძო. გუნდს ტრავმების გამო ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჩხაიძე და დიმიტრი ბასილაია დააკლდება. წინასწარი 32 კაციანი სიიდან, ანტონ ფეიქრიშვილი და ლაშა მალაღურაძე, ლევან ჩილაჩავამ და კოტე მიქაუტაძემ ჩაანაცვლა, სამშაბათის ვარჯიშში კი, მონაწილეობა არ მიუღია გუნდის ლიდერს, 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენ მამუკა გორგოძეს, რომელიც თავს შეუძლოდ გრძნობდა და მწვრთნელებმა დასვენების საშუალება მისცეს.
სამშაბათის ვარჯიშამდე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ, “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და ამ ორ მატჩში მისმა ასისტენტმა ტანა უმაგამ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მომავალი მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საქართველოში შეკრებამდე, სამდღიანი შეკრება საფრანგეთში გავმართეთ და ეს ძლიერ წაგვადგა ორგანიზაციული კუთხით. იქ, განვითარების ისეთ წერტილს მივაღიეთ, რაც ამ ეტაპზე არ გვექნებოდა და რა დონეზეც ახლა ვართ, იმ დონეზე ვერ ვიქნებოდით. სამწუხაროდ, ტრავმების გამო 4-5 ძირითადი შემადგენლობის მორაგბე დაგვაკლდება, მაგრამ მაინც კარგი შემადგენლობა გვყავს და მიზანი ამ ორი თამაშის მოგებაა. ეს, ყველა მორაგბეს კარგად აქვს გაცნობიერებული და ჩვენ, ნებისმიერ თამაშში, მხოლოდ მოსაგებად გავალთ.
ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანია, სათანადო ადგილი გვეკავოს რეიტინგში და საერთაშორისო საბჭოს დავანახოთ, რომ ამ დონის თამაშების ჩატარება შეგვიძლია. მომავალი მეტოქეები განსხვავებული სტილით თამაშობენ. ამ ეტაპზე, მხოლოდ იაპონიაზე ვფიქრობთ, რომელიც კარგად შევისწავლეთ და სრული წარმოდგენა გვაქვს მისი თამაშის სტილზე. ცოტა ხნის წინ, მათ რუმინეთი დაამარცხეს და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ერთ კონკრეტულ თამაშში, მათ რამდენჯერმე შეცვალეს თამაშის სტილი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, თუ ვინაა ამა თუ იმ გუნდის მთავარი მწვრთნელი და ამის მიხედვით გამოვიცნოთ ის, თუ რა სტილს შემოგვთავაზებს მეტოქე.
ვფიქრობ, ჩემი აქ მუშაობის პერიოდში, საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილის დიაპაზონი გაიზარდა და ის აღარ თამაშობს მხოლოდ შერკინებით. ჩვენი შეტევები უფრო მრავალფეროვანი გახდა და კონკრეტულ თამაშებში ამის ჩვენება, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მოვემზადებით ამ კონკრეტული თამაშისთვის. მწამს, რომ საქართველოს ნაკრებს უკვე კარგად შეუძლია პირველი ეშელონის გუნდების წინააღმდეგ თამაში. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ შოტლანდიის და იტალიის ნაკრებებს.
მთავარია, რომ გუნდი მოედანზე სრული მობილიზებით, კარგ ხასიათზე გავიდეს და მაშინ, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. რუმინეთთან იაპონიის თამაშს ვუყურე და რუმინელები დასკვნით 20 წუთში გატყდნენ. ეს, შესაძლოა, დაღლის, ფიტნეს პრობლემის ბრალი იყოს. იაპონელთა თამაშს წყნარი ოკეანის თასზე, ივნისშიც ვაკვირდებოდი და ამჯერად, სულ სხვაგვარი სტილით ითამაშეს. ახლა ისინი კიდიდან კიდემდე შლიდნენ ბურთს და ეს ძალიან კარგად გამოსდიოდათ.
რადგან მათ ეს სტილი დახვეწეს, ვფიქრობ, ჩვენთანაც ასე ითამაშებენ, თუმცა, ისიც ვიცით, რომ მათ, საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ მატჩის მსვლელობისას შეუძლიათ სტილის შეცვლა. ჩვენ ყველა კომპონენტს ვითვალისწინებთ, კარგად ვემზადებით და ვფიქრობ, მეტოქის დამარცხება შეგვიძლია”.
ტანა უმაგა (საქართველოს ნაკრების უკანა ხაზის მწვრთნელი): “სულ ორი დღეა, რაც ბიჭებთან ერთად ვმუშაობ, მაგრამ მათ უკვე მოახერხეს ჩემზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენა. ვცდილობ, ჩემი გამოცდილება გავუზიარო და რაც აქვთ, იმას კიდევ უფრო მეტი შევმატო. რაც მთავარია, ისინი კარგად მომყვებიან და ყველაფერს ისრუტავენ, რასაც ვეუბნები. საქართველოში მილტონ ჰეიგის მოწვევით ჩამოვედი. აქ გატარებული დროით უკვე კმაყოფილი ვარ, ყველა ძალიან კარგად მექცევა და მილტონს როცა დავჭირდები, მას გვერდში ყოველთვის დავუდგები. ჩემთვის, როგორც რაგბზე შეყვარებული ადამიანისთვის, რაგბის მწვრთნელისთვის, აქ ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჯერ უნდა დავაკვირდეთ რა შედეგი გვექნება ამ ორი თამაშის შემდეგ და სამომავლოდ ჩემს საქართველოს მწვრთნელად დარჩენა-არდარჩენაზე, მერე ვისაუბროთ”.
გიორგი ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “ამ დონის გუნდები საქართველოში აქამდე არ ჩამოსულან. თუ ობიექტურები ვიქნებით, ისინი ჩვენზე ძლიერები და უფრო გამოცდილები არიან. იაპონიის შიდა ჩემპიონატი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. გადახედეთ იმ მოთამაშეების გვარებს, რომლებიც იქ თამაშობენ და ყველაფერი ცხადი გახდება. მათ ნაკრებს ენდი ჯონსი ავარჯიშებს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია მთელს მსოფლიოში. ფიჯის ნაკრებზე ასახსნელიც არაფერია, აქ ყველაფერი ისედაც ცხადია.
მიუხედავად მეტოქეთა სიძლიერისა, საქართველოს ნაკრები მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა და მიზნის მიღწევაში მაყურებელთა თანადგომა ძლიერ დაგვეხმარება. ეს თამაშები 2015 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება. თუ ყველაფერი კარგად იქნება, მომავალში კიდევ უფრო კარგი გუნდებიც ჩამოვლენ, ან ჩვენ ვეწვევით მათ. მიუხედავად ტრავმირებული მორაგბეებისა, მაინც ძლიერი შემადგენლობა გვყავს და “ბორჯღალოსნები”, როგორც ყოველთვის, ღირსეულ თამაშს აჩვენებენ.
რაც შეეხება ტანა უმაგას, მასთან მომავალ თანამშრომლობაზე ამ მატჩების შემდეგ გვექნება საუბარი. მას კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან, თუმცა მაქსიმუმს გავიღებთ, რათა ის, 2015 წლის მსოფლიო თასისთვის, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იყოს”.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია