საფრანგეთის მორაგბეთა მესამე, ნახევრად პროფესიულ “ფედერალ 1”-ში, სამკვირიანი შესვენება გასულ უქმეებზე დასრულდა და თამაშები სანაკრებო ტესტ-მატჩების პარალელურად განახლდა. შესაბამისად, ქართველ ლეგიონერთა დიდი ნაწილი მომდევნო ტურებში კლუბებისთვის ვერ გაირჯება, ისევე, როგორც Top 14-იდან და Pro D2-იდან ეროვნულ გუნდში გამოძახებული მორაგბეები.
მიუხედავად ამისა, VII ტურს ქართველთა აქტიურობის გარეშე არ ჩაუვლია. ავთო კოპალიანი და ბექა ურჯუკაშვილი საკუთარ გუნდებს ლელოებით შეეწივნენ, ხოლო ლაშა მალაღურაძემ ორი ჯარიმა გაიტანა.
შეგახსენებთ, ფედერალ 1-ში 40 გუნდი თამაშობს, რომლებიც ოთხ 10-გუნდიან ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. ორწრიანი (XVIII ტური) რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ, თითოეული ჯგუფის ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი ოფში Pro D2-ის ორი საგზურისთვის აგრძელებს ბრძოლას, დანარჩენები კი, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან.
I ჯგუფიდან პლეი ოფში მოხვედრის საუკეთესო შანსი ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონს” აქვს, რომელმაც VII ტურში რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლიუსონს” უმასპინძლა და 30:19 დაამარცხა. გიგაური ნაკრებშია გამოძახებული და ამ თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. სტუმართა შორის სასტარტო შემადგენლობაში იყო ყუფარაძე, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მასპინძელთა შორის მოედანზე პირველივე წუთებიდან იყო პირველხაზელი კოპალიანი, რომელმაც 22-ე წუთზე ლელო გაიტანა. ეს ამ გუნდის მეორე ლელო იყო და ანგარიში 16:3 გახდა, ხოლო ზუსტი გარდასახვის შემდეგ სხვაობა კიდევ ორი ქულით გაიზარდა. კოპალიანი 56-ე წუთზე მელიქიძემ შეცვალა. “მაკონი” 23 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო “მონლიუსონს” მხოლოდ 7 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-9 საფეხურს იკავებს.
21 ქულით მე-4 ადგილზეა ზერო პეტრიაშვილის “ვიენი”, რომელმაც საკუთარ მოედანზე “ბობინის” 20:14 აჯობა. ქართველ ლეგიონერს ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. “ვიენს” 16 ქულით კვალში უდგას გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონი”, რომელმაც “დიჟონს” 18:12 სძლია. ქართველი პირველხაზელი თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც ანგარიში 9:6 იყო და გუნდს 4 ქულის მოპოვებაში დაეხმარა.
ამ ტურში მარცხი განიცადეს გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენმა” და გიორგი სულუაშვილის “სტრასბურმა”, რომელთაც პლეი ოფში მოხვედრის შანსი პრაქტიკულად აღარ შერჩათ. პირველი “ლილთან” სტუმრად ქართველების გარეშე 3:17 დამარცხდა და 11 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო მეორემ ჯგუფის ლიდერ “ბრესანთან” ვერაფერი გააწყო და 3:49 შერცხვა. სულუაშვილი თამაშში 64-ე წუთიდან ჩაერთო, მისი გუნდი კი, 1 ქულით ბოლო ადგილზეა.
II ჯგუფში ქართველ ლეგიონერთა ოთხივე გუნდი ჯერჯერობით ოთხეულს მიღმაა, მაგრამ იქ ისეთი დაძაბული სიტუაციაა, რეგულარული პირველობის ბოლოს, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ამ ეტაპზე ცხრილის ფსკერზე მყოფი გუნდიც ინარჩუნებს. 15-15 ქულა აქვთ და მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ დავით კაჭარავას “როდეზი” და ირაკლი ნინიძის “რომანი”. ისინი მეორე ადგილს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩებიან და ასევე სამი ქულით უსწრებენ ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს.
“რომანმა” “ბლანიაკს” უმასპინძლა და 20:13 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი 13:0 მოიგეს, მერე 20:3 დაწინაურდნენ, მაგრამ 68-ე წუთისთვის სხვაობა ერთ გარდასახულ ლელომდე დავიდა და დასკვნითმა წუთებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა, ამგარიში აღარ შეცვლილა. ნინიძე მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა. “როდეზი” “ლავორს” კაჭარავას (კაჭარავა ნაკრებშია გამოძახებული) გარეშე ეწვია და 16:18 მარცხისთვის მხოლოდ ერთი პრემიალური ქულა ჩაიწერა. ქართველის გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ გადამწყვეტი ჯარიმა საფინალო სასტვენამდე ორიოდე წუთით ადრე გაუშვა.
ორი ქულით იმარჯვა გიორგი კუთარაშვილის “შატორენარმა”, რომელიც “ვალანსს” მასპინძლობდა. ქართველი ბურჯი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 27-ე წუთზე მეტოქის ჰუკერს წაეჩხუბა და რეფერიმ ორივეს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. დაძაბული მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 9:9 დასრულდა, მერე “შატორენარი” 18:9 დაწინაურდა და ბოლოში ლელო-გარდასახვა გაუშვა, მაგრამ გამარჯვება მაინც მას დარჩა - 18:16. “შატორენარი” 14 ქულით მე-8 ადგილზეა.
მას ერთი ქულით და ერთი საფეხურით ჩამორჩება თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნა”, რომელიც “ლა-სენთან” ასევე 2 ქულით, ოღონდ 15:17 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. არადა, სტუმრები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ და ამაში საკუთარი წვლილის შეტანა ქართველ უკანახაზელსაც შეეძლო, რომელიც ბოლო დროს წარმატებულად კი თამაშობს, მაგრამ ჯერჯერობით ნაკრების ხელმძღვანელობის თვალთახედვის არეში ვერ ხვდება. გელანტია განაცხადში არ იყო, ურჯუკაშვილმა შუამარბად შეუცვლელად ითამაშა და 64-ე წუთზე საკუთარი გუნდის მეორე ლელოც გაიტანა, რითაც “ობნა” 13:11 დაწინაურდა. ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა, მაგრამ დარჩენილ დროში სტუმრებმა ორი ჯარიმა გაუშვეს და მარცხი განიცადეს. ურჯუკაშვილისთვის ეს ამ სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში მეორე ლელოა.
III ჯგუფში ოთხეულში მოსახვედრად ქართველ ლეგიონერთა ორი გუნდი იბრძვის. ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერმა” გაჩეჩილაძის “აჟეტმო” სტუმრად 28:9 დაამარცხა, 28 ქულით მეორე ადგილზეა და სამით ჩამორჩება ლიდერ “ტიროსს”. შერკინების მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშა გაჩეჩილაძემ, სტუმართა ქართველები კი, ამჯერად განაცხადში არ იყვნენ. “სენ-ნაზერმა” ამ მატჩში სამი უპასუხო ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
21 ქულით მე-3 ადგილზეა თედო ზიბზიბაძის “პერიგო”, რომელიც “ნიორს” ეწვია და 13:9 დაამარცხა. ზიბზიბაძე ეროვნულ გუნდშია გამოძებული. ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის “მარმანდმა” “სენ-ჟან-დანჟელს” უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, 11:12 დამარცხდა. მაღალდაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო 21 წლის პირველხაზელი ჩომახაშვილი, რომელიც გუნდს თბილისის “არმაზიდან” ახლახანს შეუერთდა, 57-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. “მარმანდს” 11 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა.
IV ჯგუფის ბინადრებს პლეი ოფში მოხვედრა ძლიერ გაუჭირდებათ. აქ მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “სენ-ჟუნიანმა” “კასტანეს” უმასპინძა და 16:34 დამარცხდა, რის შემდეგაც 10 ქულით “სენ-მედართან” ბოლო ადგილს ინაწილებს. კვირიკაშვილი ნაკრებთან ერთად იაპონელთა დასამარცხებლად ემზადება, მჭედლიშვილი კი, შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა.
აუტსაიდერ “სენ-მედარს” ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერმა” აჯობა - 21:10. ამაში თავისი წვლილი ქართველ ლეგიონერებსაც მიუძღვით. მალაღურაძემ მგეზავად სრულად ითამაშა და 32-ე და 42-ე წუთებზე ჯარიმებიც გაიტანა, რითაც ანგარიში ჯერ 10:3, ხოლო მერე 13:3 გახადა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56 წუთი ითამაშა მაისურაძემ. “ბანიერისთვის” ეს მხოლოდ მეორე მოგებაა, გუნდი 11 ქულით მე-8 ადგილზეა.
მიუხედავად ტესტ-მატჩებისა, ფედერალ 1-ის მომდევნო ტურის თამაშები 17-18 ნოემბერს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია