ამბები

14:36 | 14.11.2012 | ნანახია 4368 - ჯერ

დავით ზირაქაშვილი: “მაყურებელი საუკეთესო თამაშს იხილავს”

ყველამ კარგად ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს რაგბში და ზოგადად სპორტში გულშემატკივრის თანადგომას. სწორედ ქომაგთა დიდი დამსახურებაა ის, რომ “ბორჯღალოსნებს” 2004 წლის შემდეგ საქართველოში ოფიციალური თამაში არ წაუგიათ, ბოლოს კი, 2006 წელს “ბარბაროსებთან” დამარცხდნენ.
უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სწორედ ქომაგთა თანადგომის, შეძახილების დამსახურებაა ის გმირობა, რომელიც ჩვენმა ბიჭებმა 2010 წელს აშშ-ის ნაკრების წინააღმდეგ ჩაიდინეს და პრაქტიკულად წაგებული თამაში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შემოატრიალეს - ლექსო გუგავას ლელოთი წონასწორობა აღადგინეს და ზუსტი გარდასახვით 19:17 იმარჯვეს. მსგავსი კონკრეტული მაგალითები რომ არც იყოს, მათი მუდამ თავდადებული ბრძოლა ქართველ ხალხთა გასახარად, რუსთა ნებისმიერ წერტილში რბევა, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ 17 და 24 ნოემბერს ჩვენმა ბიჭებმა “მიხეილ მესხზე” სავსე ტრიბუნების წინაშე ითამაშონ და ვაჟკაცობის მაგალითი კიდევ ერთხელ გვიჩვენონ.
ვაკის სტადიონი 27227 მაყურებელს იტევს, ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია და ვფიქრობთ, მორაგბეთა თხოვნაც, რომ ტრიბუნები ბოლომდე შეივსოს, სავსებით შესრულებადია. ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრებმა, ბიჭებს სითბო და სიყვარული სწორედ ტრიბუნების შევსებით უნდა ვაჩვენოთ და ეჭვიც არავის გვეპარება, რომ ისინი მოედნიდან თავდაუზოგავი ბრძოლით გაგვახარებენ და მიუხედავად შედეგისა, საფინალო სასტვენის შემდეგ ყველა ქართველი შინისკენ ამაყი გაემართება.
სწორედ ეს ჩანს ქართველი მორაგბეების კომენტარებიდანაც, რომლებიც მათ გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ გააკეთეს.
ირაკლი აბუსერიძე: “მზადება შესანიშნავად მიდის. რთული თამაში გვექნება. იაპონიას ძალიან მაგარი გუნდი ყავს. მოხარული ვარ, ასეთი ძლიერი გუნდების წინააღმდეგ რომ მოგვიწევს თამაში, რადგან ჩვენი გუნდი კარგ გამოცდილებას მიიღებს, გაიზრდება და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა გულშემატკივარი გავახაროთ”.
დავით ზირაქაშვილი: “შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს ისტორიული თამაშები ელის. აქამდე, ძალიან ბევრიც რომ გვეთხოვა ასეთი ტესტების ჩატარება, ყველასგან უარს მივიღებდით. დღესდღეობით საქართველოს ნაკრებს უკვე სულ სხვა კუთხით განხილავენ - როგორც ღირსეულ მეტოქეს. რაც შეეხება ჩვენს პირველ მეტოქე იაპონიას, კარგად ვნახეთ მისი თამაში მსოფლიო თასზე. ძალიან სწრაფი გუნდია და აქვს შესაძლებლობა, ეთამაშოს ისეთ დიდ გუნდებს, როგორიც საფრანგეთია და მას დიდი წინააღმდეგობაც გაუწია. ვიცით, რომ იაპონიას შედარებით სუსტი შერკინება ყავს და სწორედ ამ წერტილზე გავამახვილებთ ყურადღებას. მზად უნდა ვიყოთ ბოლო 20 წუთისთვის, რადგან იაპონია ყველაზე საშიში სწორედ ამ პერიოდშია.
საქართველოსთვის და ქართული რაგბისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო რუსეთის წინააღმდეგ თამაში და ეს ასეც დარჩება. მახსოვს, სადღაც 10 წლის წინ ქართულ რაგბს არ ჰყავდა ისეთი ქომაგები, როგორიც ახლა ჰყავს. მოხარული ვარ, რომ აი ამ, ჩვეულებრივ ვარჯიშსაც კი, ამდენი ხალხი ესწრება. ჩვენი გულშემატკივრების გვეიმედება. ასეთ თამაშებში, ასეთი ნაკრებების წინააღმდეგ, მათი თანადგომა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმედია, შაბათსაც გაივსება სტადიონი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო თამაში, რომელიც კი ოდესმე ჩაგვიტარებია”.
დავით კაჭარავა: “მსოფლიო თასამდე ჯერ ძალიან შორია, მაგრამ წინ ორი უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. იაპონიაც და ფიჯიც მაღალი რანგის გუნდებს მიეკუთვნებიან და შაბათს გასამართ თამაშებზე ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვიჭრდება, რათა გამარჯვებულები დავრჩეთ. 2006 წელს, როდესაც იაპონიას სტუმრად ვეთამაშეთ, დავმარცხდით და ახლა ვეცდებით, რევანში ავიღოთ”.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104031