ამბები

17:02 | 14.11.2012 | ნანახია 2241 - ჯერ

ფიჯი “გლოსტერთან” შერკინებაში ჩავარდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქე ფიჯიმ, ინგლისის ნაკრებთან 12:54 განადგურების შემდეგ, ამხანაგური მატჩი ინგლისურ კლუბ “გლოსტერთან” გამართა და 8147 ბრიტანელი მაყურებლის წინაშე დრამატულ შეხვედრაში 29:31 დამარცხდა.
ეს თამაში რაღაცით ჰგავდა ფიჯისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრას. გასულ შაბათს ფიჯელებმა მეტოქეს მატჩის დებიუტში აჯობეს და მნიშვნელოვანი ტერიტორიული და სათამაში უპირატესობა მოიპოვეს (საწყის 20 წუთში თამაშის 81-მა პროცენტმა ინგლისელთა ნახევარზე ჩაიარა). ასე იყო ამჯერადაც, ფიჯელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ და 33-ე წუთისთვის 18:0 იგენდნენ, მაგრამ “გლოსტერმა” მეორე ტაიმი საუცხოოდ ჩაატარა და ბოლო წუთებში გატანილი ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო გარდასახვით 31:29 იმარჯვა.
“გლოსტერი” ინგლისის ჩემპიონატში მე-4 ადგილს იკავებს და ამხანაგურ მატჩში, ისევე, როგორც ინგლის-უელსის თასზე, მწვრთნელმა წამყვან მორაგბეებს დასვენების საშუალება მისცა და ფიჯელებს ახალგაზრდული გუნდით დაუპირისპირდა. მართალია ისინი პირველივე წუთებიდან მედგრად დადგნენ, მაგრამ ფიჯელებმა სწრაფი, 7-კაცას სტილის თამაში შესთავაზეს და მეტოქის ყველა შეცდომით ისარგებლეს. შესვენებამდე ინგლისელებმა ერთი საპასუხო ლელოს გატანა შეძლეს, გარდასახვა გამოიყენეს, ჯარიმაც გაიტანეს და ტაიმი 10:18 დათმეს.
მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებულ სტილში წარიმართა. “გლოსტერის” მორაგბეებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს, მეტოქის სწრაფ უკანახაზელებს კონტრშეტევების განხორციელების საშუალება არ მისცეს, შერკინებაში უდიდესი უპირატესობა გამოიყენეს და ორჯერ საჯარიმო ლელო მიითვალეს, რასაც დენ რობსონმა ფეხით კარგი დარტყმები დაურთო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
ფიჯელთა სურვილი იყო, რომ ამ თამაშს მაქსიმალურად ბევრი მაყურებელი დასწრებოდა და ასეც მოხდა, მაგრამ გულშემატკივრები შეძახილებით უფრო “გლოსტერის” მორაგბეებს ამხნევებდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 18 ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ სიტუაციის შემობრუნება დაიწყეს. თავის მხრივ კუნძულელებმა სწრაფი, გაშლილი რაგბი აჩვენეს და მაყურებელი ლამაზი გარღვევებით ასიანოვნეს. ანგარიშის გახსნა მასპინძლებს შეეძლოთ, როდესაც მეტოქის ჩათვლის მოედნის სიახლოვეს ხაზი გაჭრეს, მაგრამ მიყოლამ დააგვიანა.
მერე ფიჯიმ შეუტია, “გლოსტერი” შერკინებაში დაჯარიმდა და ჯონათან რალულუმ დარტყმა უშეცდომოდ შეასრულა. ამას გაშლილი თამაში მოყვა. ეს უკვე ფიჯის სტილი იყო, რომელსაც განთქმული მოშვიდკაცეები ყავს და რამდენჯერმე ძალიან ლამაზი კომბინაცია გაითამაშა და მალე ლელოთიც იხეირა - ტუაპატი ტალემაიტოგამ ჩათვლის მოედნამდე 20 მეტრი ირბინა. 22-ე წუთზე რალულუმ ჯარიმიდან მეორედაც იხეირა და ანგარიში 11:0 გახდა. “გლოსტერმა” შეუტია, მაგრამ ფიჯის დაცვა დადგა, მერე ტალებულამ ხაზი გაჭრა და მატანავოუს ლელო გაატანინა, რომელსაც რალულუმ გარდასახვა მიაყოლა - 18:0.
ამაზე “გლოსტერმა” ფლანგზე ძალისმიერი შეტევით უპასუხა, მეტ კოქსმა რაქიდან ბურთი აიტაცა და ახლო მანძილიდან საპასუხო ლელო გაიტანა, რასაც რობსონის ზუსტი გარდასახვა მოყვა, ხოლო შესვენების წინ, მანვე ჯარიმით ჩამორჩენა 8 ქულამდე დაიყვანა. მეორე ტაიმის დასაწყისში რალულმ ფლანგზე ფეხით ჩაკიდა ბურთი, ყველას ვოტუმ დაასწრო და ფიჯელთა მესამე ლელოთი უპირატესობა გაზარდა. “გლოსტერმა” ძალები მოიკრიბა, ფიჯი საკუთარ 22-ში გამოკეტა და ჯარიმების ნაცვლად შერკინებები ირჩია, სადაც უდიდეს უპირატესობას ფლობდა. რამდენჯერმე დაჯარიმების შემდეგ, მასპინძლებმა საჯარიმო ლელო მიითვალეს და გარდასახვა გამოიყენეს, ხოლო ფიჯის მაკუტუ გაუსინბინეს.
მატჩის განახლებისთანავე “გლოსტერი” დაჯარიმდა და რალულუს დარტყმა ისევ ზუსტი იყო. ამასობაში დასკვნითი მეოთხედი დაიწყო და ინგლისელთა შერკინების უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. შედეგად, ახლა ნაგუსა დაისაჯა სინბინით, ხოლო მისი გუნდი საჯარიმო ლელოთი (მეორედ) და სხვაობა ორ ქულამდე დავიდა - 24:26 და თამაშის დასრულებამდე 16 წუთი რჩებოდა. ამას მასპინძელთა მხრიდან უდისციპლინო საქციელი მოყვა და რალულუმ ჯარიმა გამოიყენა, მაგრამ ინგლისელებს ძალისმიერ თამაშში უდიდესი უპირატესობა რომ ჰქონდათ, ჯარიმიდან ბურთი აუტში გაიტანეს, 5-მეტრა დერეფნიდან შეუტიეს და 70-ე წუთზე ლელო გაიტანეს, ხოლო ზუსტი გარდასახვით 31:29 დაწინაურდნენ. ფიჯიმ გაიბრძოლა და რალულუმ საკუთარი ნახევრიდან სცადა ჯარიმის გატანა, მაგრამ მიზანმაც უმტყუნა და არც დარტყმის ძალა აღმოჩნდა საკმარისი, ბოლოს “გლოსტერი” 5-მეტრა შერკინებაშიც დადგა და დრამატულ მატჩში გამარჯვებით გაიხარა.
საქართველოში გამომგზავრებამდე, ფიჯელები ირლანდიაში გადაინაცვლებენ და ამ ქვეყნის “ა” ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ, “ბორჯღალოსნების” წინაშე კი, “მიხეილ მესხზე” 24 ნოემბერს წარსდგებიან.
 

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.10188