არგენტინელი „იაგუარებისთვის“ სუპერ რაგბის პირველი მატჩი წარმატებული გამოდგა. ისინი სამხრეთ აფრიკაში „ჩიტასს“ ეწვივნენ და მინიმალური სხვაობით - 34:33 გაიმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ არგენტინელებმა 21- ქულიანი(!) ჩამორჩენა აღმოფხვრეს.
საწყისი 25 წუთის შემდეგ, მასპინძლები უკვე 24:3 იგებდნენ. ამავდროულად, არგენტინულ გუნდში ერთდროულად ორი მორაგბე (ლანდახო, სანჩესი) გაასინბინეს. თითქოს გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი იყო, მაგრამ 29-ე წუთიდან „იაგუარებმა“ ზედიზედ 3 ლელო დადეს, სამივე გარდასახვით და ანგარიში გათანაბრდა (44 წთ.).
შეხვედრის 64-ე წუთზე საკვანძო მომენტი იყო, არგენტინელებმა ულამაზესი ლელო დადეს - მატიას ორლანდომ თითქმის ნახევარი მოედანი გაირბინა და ბურთი ლანდახოს გადააწოდა, რომელმაც მატჩში მეორე ლელო მიითვალა, გარდასახვის შემდეგ „იაგუარებმა“ შეხვედრაში პირველად წინ გასვლა მოახერხეს. ბოლოსკენ გუნდებმა 3-3 ქულა გაცვალეს, თუმცა ანგარიშის სხვაობაში აღარაფერი შეცვლილა და არგენტინულმა გუნდმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - 34:33.
ჩიტასი - იაგუარები 33:34
ჩიტასი - ლელო: ვენტერი, საჯარიმო ლელო, ვან იარსველდი, სმოლსმიტი; გარდასახვა: ზელინგა (2); ჯარიმა: ზელინგა(2), მარაისი
იაგუარები - ლელო: ლანდახო (2), კრევი, ბაეზი; გარდასახვა: სანჩესი (4); ჯარიმა: სანჩესი; არეკნი: სანჩესი
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია