საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს შაბათს “მიხეილ მესხზე” უმნიშვნელოვანესი შეხვედრა რომ ელის, არაერთგზის ითქვა. ეს იქნება ორი ღირსეული მეტოქის შერკინება, სადაც “ბორჯღალოსნებს” ექვსი წლის წინ ოსაკაში განცდილი მარცხისთვის რევანში ექნებათ ასაღები (ასევე, ახალგაზრდული ნაკრების ორჯერ დამარცხებისთვის) და მსოფლიოს რეიტინგში ერთი კვირის წინ დაკარგული ადგილი დასაბრუნებელი.
გარდა ამისა, საქართველოს ნაკრები მომავალ მატჩებს ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემითაც ხვდება. “ბორჯღალოსნებმა”, რომლებიც საქართველოში განსაკუთრებით ძლიერად თამაშობენ და ამით გულშემატკივრისადმი განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ, საკუთარ მოედანზე ბოლო თამაში 2006 წლის 4 ივნისს, “ბარბაროსებთან” წააგეს. ამავე წლის 28 ოქტომბრიდან, მათ საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელი სერია დაიწყეს და 21 თამაშია შინ ბეჭდაუდებელნი არიან. დღეისათვის ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრები მე-4 ადგილზეა, მაგრამ თუ იაპონიასა და ფიჯისთან არ დავმარცხდით, მაშინ საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე იქნება და მის წინ მხოლოდ ახალი ზელანდია დარჩება.
ზელანდიელებს ყველაზე ხანგრძლივი შინ დაუმარცხებელი სერია 2003 წლის ივნისიდან 2008 წლის ივლისამდე ჰქონდა - 30 მატჩი. მეორე სერიაც “ოლ ბლექსის” ანგარიშზეა, ის სათავეს 2009 წლის სექტემბრიდან იღებს და ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ რადგან წლის ბოლომდე ზელანდიელებს შინ თამაში არ უწევს, საქართველოს მასთან გათანაბრება შეუძლია. ამ ეტაპზე შინ წაუგებელი მატჩების სერიით საქართველოს ინგლისის ნაკრებიც უსწრებს (22 მატჩი), მაგრამ ეს სერია 1999 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2003 წლის სექტემბერში დასრულდა.
საქართველოს ნაკრებს შინ წაუგებელი მატჩების გარდა, დაწინაურება საკუთარ მოედანზე მოგებების სერიითაც შეუძლია. გემახსოვრებათ, 2009 წლის თებერვალში, თბილისში პორტუგალია ბოლო წუთამდე გვიგებდა, მერე ქართველებმა ლელო გაიტანეს, მერაბ კვირიკაშვილმა რთული გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ის თამაში ფრედ 20:20 დასრულდა. აქედან მოყოლებული “ბორჯღალოსნებს” შინ ზედიზედ 13 მოგებული მატჩი დაუგროვდათ და იაპონიისა და ფიჯის ძლევით მათი რაოდენობა 15-მდე გაირზდება. 13-13 მოგება აქვთ, მაგრამ სერია უკვე შეწყვიტეს უელსმა, ავსტრალიამ, შოტლანდიამ და სამხრეთ აფრიკამ და გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მე-6 ადგილზე აინაცვლებს. საუკეთესო მაჩვენებელი აქაც ზელანდიას აქვს, რომელსაც შინ 30 მატჩიანი სერია აქვს. მეორე ადგილიც მას ეკუთვნის (23 მატჩი), რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მესამეზე 22 მოგებული შეხვედრით ინგლისია, ხოლო მეოთხე-მეხუთე ადგილს კვლავ “ოლ ბლექსი” იკავებს, შესაბამისად 16 და 15 მოგებით.
საქართველოსა და იაპონიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა მხოლოდ ერთ მატჩს ითვლის. 2004 წელს რაგბის საერთაშორისო საბჭომ მაშინდელი გათვლით მესამე დონის ნაკრებებისთვის საკონტინენტთაშორისო თასის გათამაშება დააწესა და საქართველო ურუგვაის და ჩილეს ეწვია. მომავალ წელს ეს გუნდები თბილისში ვალის დასაბრუნებლად უნდა გვწვეოდნენ, ჩილემ ვალი გაისტუმრა, ურუგვაიმ კი, სიტყვა გატეხა და არ ჩამოვიდა. სანაცვლოდ, 2006 წელს IღB-მ იაპონური ტურნე შემოგვთავაზა და საქართველოც ძლიერ შესუსტებული შემადგენლობით კუნძულს ეწვია. პირველ მატჩში “ბორჯღალოსანთა” მეტოქე იაპონიის “ა” ნაკრები იყო და ტაიმი 17:0 მოგების შემდეგ, ნამგზავრები ბიჭები მეორე ნახევარში ვეღარ დადგნენ - 17:18. მეორე მატჩი უკვე ეროვნული ნაკრებების დონეზე ჩატარდა და იაპონიამ პირწმინდად გვაჯობა - 32:7. მაშინ შემადგენლობის მხრივ საქართველოს ნაკრებს ისეთი პრობლემები ჰქონდა, რომ ტრავმირებული მოთამაშის ნაცვლად შეცვლაზე “ბორჯღალოსანთა” მენეჯერ ვასილ აბაშიძეს მოუწია შესვლა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და გაიზარდა როგორც საქართველოსი, ასევე, იაპონიის ნაკრები. იაპონელებმა რაგბში დიდი ფული ჩადეს და მსოფლიოში სიძლიერით მეხუთე-მეექვსე დონის ჩემპიონატი აქვთ. მარტო ის რად ღირს, რომ ახლახან იაპონურ კლუბს ახალი ზელანდიის უკანახაზელმა სონი-ბილი უილიამსმა მიაშურა. იქაურ კლუბებში მრავლად თამაშობენ წყნარი ოკეანის ქვეყნების წარმომადგენლები (ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამოა, ფიჯი, ტონგა) და მათი ნაწილი ამ ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ნაკრების მაისურითაც იმოსება. გუნდი ჩაერთო წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში სამოასთან, ფიჯისთან და ტონგასთან და 2011 წელს თასიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2006-2009 წლებში ამ ტურნირში ზემოთნახსენები ოთხეულის გარდა ზელანდიელი “მაორები” ზელანდიის ახალგაზრდული ნაკრები და ავსტრალიის “ა” ნაკრებიც თამაშობდა.
ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ იაპონიასთან ტესტ-მატჩებს წამყვანი სარაგბო ქვეყნების გუნდებიც არ თაკილობდნენ. 1987 წლიდან მოყოლებული, რაც მსოფლიო თასის გათამაშება დაარსდა იაპონელებმა შვიდივე მათგანში მიიღეს მონაწილეობა და მართალია გამარჯვება მხოლოდ ერთ თამაშში მოიპოვეს და ორჯერ კანადას ფრედ ეთამაშნენ (2007 და 2011 წლებში), მაგრამ უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. ეს ახალგაზრდული ნაკრებების თამაშზეც აისახა და 2011 წლის მსოფლიო თასის “ალაფაზე” აზიელებმა თბილისში საქართველოს ნაკრები 29:14 დაამარცხეს, ხოლო წელს აშშ-ში 36:29 სძლიეს. იმ ძველი (ეროვნულის) და ამ ორი ახალი (ახალგაზრდულების) მარცხის გამო, ქართველებს იაპონელებთან რევანში სწყურიათ და იმედია, ეს რევანში 17 ნოემბერს შედგება.
ევროპულ ტურნეზე იაპონელებმა ერთი თამაში უკვე გამართეს, ბუქარესტში რუმინეთთან უდიდეს სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, სათამაშო დროის უმეტესმა დრომ რუმინელთა ნახევარზე ჩაიარა და სტუმრებმა 34:23 იმარჯვეს. იაპონელებს მხოლოდ შერკინებაში უჭირდათ, თორემ გაშლილ თამაშში ბურთი კიდიდან კიდემდე ხელდახელ უშეცდომოდ, სწრაფ ტემპში თამაშდებოდა და რუმინელთა დაცვის ხაზში ნაპრალები ჩნდებოდა. იაპონია კარგად აყენებდა მოლს და თითქმის გაუვალი იყო გაშლილი თამაშისას დაცვაში. ყოველთვის აღწევდა მიზანს მათი ფეხით შესრულებული ტაქტუიკური დარტყმებიც.
იაპონიამ რუმინეთს რომ მოუგო, რეიტინგში 0,96 სარეიტინგო ქულა მიიღო, ჯამში 68,89 გაუხდა და საქართველოს ნაკრები უკან ჩამოიტოვა. იაპონია ახლა მე-15 საფეხურზეა, ხოლო საქართველო 67,95 ქულით მეთექვსმეტეა. თუ შაბათს “ბორჯღალოსნებმა” გაიმარჯვეს, მაშინ ისინი მე-15 ადგილს დაიბრუნებენ. 15-ქულამდე სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში, ქართველებს რეიტინგში დაახლოებით 0,8 ქულა შეემატებათ და იაპონიასაც ამდენივე დააკლდება. 15 ქულაზე მეტი ანგარიშით მოგება 1,191 სარეიტინგო ქულის ტოლფასი იქნება. იმედია, ასე არ მოხდება და ფრე და მარცხი ქულათა დაკარგვას გამოიწვევს - ფრეზე 0,21 ქულა დაგვაკლდება, მცირე სხვაობით მარცხზე 1,21, ხოლო 15 ქულაზე მეტი სხვაობით წაგება 1,81 ქულის ტოლფასი იქნება.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა უკვე გამოაქვეყნა იმ 23 მოთამაშის გვარი, რომლებიც იაპონელთა წინააღმდეგ ითამაშებენ. სასტარტო შემადგენლობაში მყოფი 15-ივე მორაგბეს, სხვადასხვა მატჩში ქულა აქვს გაკეთებული და ერთადერთი ვისაც ნაკრების მაისურით ლელო ჯერ არ გაუტანია ირაკლი ყიასაშვილია - მან ქულები გარდასახვებით და ჯარიმებით მოაგროვა. სასტარტო შემადგენლობაში არიან ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მექულე მერაბ კვირიკაშვილი და საუკეთესო მელელოვე ირაკლი მაჩხანელი.
აღსანიშნავია, რომ იაპონელთა წინააღმდეგ 9-იდან 15-მდე ის მორაგბეები იწყებენ თამაშს, რომლებმაც რუსეთთან 46:0 მოგებული შეხვედრა დაიწყეს და იმედია, შედეგიც ახლაც არანაკლები იქნება. გუნდს ტრავმების გამო აკლია ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჩხაიძე და დიმიტრი ბასილაია. სამაგიეროდ, სასტარტო შემადგენლობაში ქართველთა ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალა მამუკა გორგოძე. სასტარტო 15-ეულში მხოლოდ სამი ისეთი მორაგბეა, რომლებიც ქართულ კლუბებში გამოდიან, სათადარიგოთა შორის კიდევ სამია ასეთი. სათადარიგო მორაგბეებიდან ქულა მხოლოდ გიორგი ბეგაძეს და გიორგი თხილაიშვილს არ აუღიათ.
იაპონელებთან მატჩი საიუბილეი, 50-ე იქნება მეორეხაზელ ლევან დათუნაშვილისთვის, ხოლო გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე კეპების რიცხვს 83-მდე გაზრდის და 37-ედ უკაპიტნებს “ბორჯღალოსნებს”. იაპონიის ნაკრებს ცნობილი ავსტრალიელი სპეციალისტი ედი ჯონსი ავარჯიშებს, რომელიც 2001-2005 წლებში ავსტრალიის ნაკრებს წვრთნიდა. სამაგიეროდ, მილტონ ჰეიგს და საქართველოს ნაკრებს ლეგენდარული მორაგბე ტანა უმაგა ეხმარება, რომელიც თავის დროზე ახალი ზელანდიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელი იყო და ახლა თავის გამოცდილებას ქართველ უკანახაზელებს უზიარებს.
ევროპული ტურნეს ბოლოს, იაპონია 21 ნოემბერს ბასკეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო საქართველოს მეტოქე 24 ნოემბერს ფიჯი იქნება.
17 ნოემბერი. შაბათი. ტესტ-მატჩი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15:00
საქართველო - იაპონია
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 9 კეპი, 29 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, 57, 110), 13. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი, 54, 65), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპური”, ინგლისი, 6, 15), 11. ალექსანდრე თოდუა (“ალბი”, საფრანგეთი, 34, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟიუნიენი”, საფრანგეთი, 62, 341), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 82, 35); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 39, 15), 2. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 7, 5), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 34, 35), 4. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 26, 30), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 49, 15), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 26, 5), 7. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 14, 5), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 44, 105).
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 34, 20), 17. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 6, 5), 18. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 23, 5), 19. ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი, 15, 10), 20. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი, 6, 0), 21. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 3, 0), 22. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 14, 5), 23. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 63, 75).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ტანა უმაგა
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ექიმები: ერიკ დალოსი, ბესო აბრამიშვილი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ტონი ბურჟერი
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია