საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქე იაპონიამ დღეს, დილით "მიხეილ მესხზე" კაპიტნის ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც გუნდის ავსტრალიელი მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი და კაპიტანი ტოშაკი სიროსე ჟურნალისტებს გაესაუბრნენ.
ედი ჯონსი (იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “საქართველოს ნაკრების თამაში მსოფლიო თასზე მაქვს ნანახი. ასევე ხშირად ვუყურებ Top 14-ის თამაშებს და წარმოდგენა მაქვს თქვენი გუნდის მოთამაშეების შესახებ. ვიცი, რომ შერკინების მოთამაშეთა უმრავლესობა Top 14-ში თამაშობს, ხოლო უკანახაზელები საფრანგეთის “ფედერალ დივიზიონში” ირჯებიან. საქართველოს ნაკრებს ძლიერი შერკინება ჰყავს, რომელიც ძლიერია სტატიკაში და კარგად შეუძლიათ ბურთის წამოღება. გყავთ კარგი დამრტყმელი 10 ნომერი მერაბ კვირიკაშვილი.
ხვალ საუკეთესო 80 წუთს ვითამაშებთ, ძალიან კარგად ვართ მომზადებული, შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკური მომზადების მხრივ მაქსიმუმს მივაღწიეთ, 2015 წლის მსოფლიო თასისთვის გუნდი კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება. იაპონიის ნაკრები ყოველდღიურად ვითარდება და ეს პროგრესი 2015 წლის მსოფლიო თასამდე გაგრძელდება, სადაც ჩვენ 12 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა გვაქვს დაგეგმილი. მსოფლიო თასამდე კიდევ 30 ტესტი გვაქვს სათამაშო აქედან გამომდინარე ეს თამაშიც ჩვენთვის ძალიან მნივნელოვანია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი იქნება ყოველი მომდევნო თამაში და ვეცდებით ყველა მათგანში გამარჯვებას მივაღწიოთ. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები რუმინეთისაზე ძლიერია, მას უფრო ძლიერი ათლეტური მორაგბეები ჰყავს, რომლებსაც კარგად შეუძლიათ ბურთის ატანა, ამან, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგვიქმნას, მაგრამ ჩვენც გვაქვს გარკვეული კოზირები და ვეცდებით საქართველოს ნაკრების დაცვაში სუსტი წერტილები გამოვიყენოთ. ახლა არ დავაკონკრეტებ, თუ რომელ სუსტ წერტილებზე ვსაუბრობ. ვიცნობ საქართველოს ნაკრების მწვრთნელებს მილტონ ჰეიგს და ტანა უმაგას. ორივე მათგანს უყვარს, როცა გუნდს გაშლილ რაგბს ათამაშებს და ვფიქრობ, ამ მწვრთნელების ხელში საქართველოს ნაკრები განსხვავებული სტილით ითამაშებს. საქართველოს ნაკრების გამორჩეული მორაგბეა მამუკა გორგოძე, რომელიც ძალიან ძლიერია და სახიფათო, ასევე გამოვარჩევ თქვენ უკანახაზელ ირაკლი მაჩხანელს, რომელიც ყოველთვის ამწვავებს შეტევებს. ჩემთვის სასიამოვნოა საქართველოში ყოფნა, ქვეყანაში, რომელიც შეყვარებულია რაგბზე და რომლის ცხოვრებაშიც დიდი ადგილი უკავია ამ სპორტის სახეობას.”
ტოშაკი სიროსე (იაპონიის ნაკრების კაპიტანი): “ჩემთვის საინტერესოა იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელიც ევროპის ექვსი ერის შემდეგ ყველაზე ძლიერი ნაკრებია. ევროპაში წამოსვლის მიზანი ის იყო, რომ ძლიერი შერკინების მქონე გუნდების წინააღმდეგ გვეთამაშა. ჩვენ შერკინებაში შედარებით ცუდად ვდგავართ და გვსურს აქედანვე დავხვეწოთ ეს კომპონენტი. ვეცდებით უკანა ხაზის ხარჯზე ავაჩქაროთ თამაში და გამოვძებნოთ სუსტი წერტილები საქართველოს ნაკრების დაცვაში. რუმინეთთან მატჩის შემდეგ დავხვეწეთ კომუნიკაცია და ავამაღლეთ ტექნიკური მომზადება. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოსთან ეს ჩემი რიგითი თამაში იქნება, უფრო მეტის თქმა შემეძლება ტესტების დასრულების შემდეგ და იმედია, ვიტყვი, რომ საქართველოსთან საუკეთესო თამაში ვაჩვენე. ჩემთვის აუცილებელია ყველა თამაშში მაქსიმუმი გავიღო და ასე იქნება ახლაც.
საქართველოს დასათვალიერებლად ბერი დრო არ გვქონდა, ერთადერთი რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია ისაა, რომ აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. ყველგან გვესალმებიან და ხანდახან სასაცილო სიტუაციაშიც ვხვდებით. მაგალითად, ბენზინგასამართ სადგურზე სულ რომ არ ველოდი ისე, უცნობი ადამიანი მომესალმა.”
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია