ამბები

18:48 | 16.11.2012 | ნანახია 10080 - ჯერ

“იაპონიას ისე გადავყლაპავთ, ყელზე არ დაგვადგება”

“ბოლო დროს სულ იაპონელების მონდომებაზე და ორგანიზებულობაზე მესმის საუბარი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენც არანაკლები მონდომებულები და ორგანიზებულები ვართ. გავიგე, გახარებიათ, როდესაც ჩვენი შემადგენლობა გაუგიათ. ამდენი ხანია მათ ამბებს ვღეჭავთ და ხვალ ისე გადავყლაპავთ, ყელზეც არ დაგვადგება” - თქვა პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “კლერმონის” პირველხაზელმა, 2010 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენმა დავით ზირაქაშვილმა.
ეს იყო ზირაქაშვილის პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა დავუპირისპიროთ ორგანიზებულ, მონდომებულ და ტექნიკურ იაპონიას ხვალინდელ მატჩში, მერე კი, მან საკუთარ მოედანზე 21-მატჩიან წაუგებელ სერიაზე და გულშემატკივრების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
“არც ისე დიდი ხანია, რაც შინ წაუგებელ გუნდად ვიქეცით. კარგად მახსოვს დრო, როდესაც რუმინეთიც და სხვა გუნდები აქაც გვიგებდნენ. ბოლო პერიოდს ქართული რაგბის წინსვლას დავარქმევდი და ვისურვებდი, რომ ეს წინსვლა კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყოს. გულშემატკივრის თანადგომას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი გამარჯვებით ამაყები არიან ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, ქართველები და როდესაც მათ თანადგომას ვგრძნობთ, ჩვენც მათ გასახარად გამარჯვებისთვის მეტი მონდომებით ვიბრძვით”.
“მიხეილ მესხზე” გამართული “ბორჯღალოსანთა” დასკვნითი ვარჯიში, მაქსიმალურად იყო მიახლოებული ორმხრივ თამაშს, რის შემდეგაც პრესკონფერენციაზე ზირაქაშვილის გარდა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე გამოცხადდნენ.
მილტონ ჰეიგი: “ვფიქრობ, მომავალი თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, თუმცა, მე, როგორც მწვრთნელი, ბოლომდე კმაყოფილი არასდროს არ ვარ. არ მსურს ვისაუბრო ჩვენ სისუსტეებზე და არც ის მაინტერესებს, რას ფიქრობენ იაპონელები. ყველაფერი ჩვენს ხელთაა და მთავარია, ჩვენი სიძლიერე გამოვიყენოთ. კარგად უნდა ვითამაშოთ უბურთოდ დაცვაში და შევუტიოთ როცა ბურთი გვექნება. შედეგი მხოლოდ ჩვენ თამაშზე, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კარგად შევასრულებთ დასახულ ამოცანებს და არა იაპონელებზე.
შევისწავლეთ მეტოქის თამაში და ვიცით, რას უნდა ველოდოთ მისგან. იაპონელები სწრაფად შლიან ბურთს, კარგი შერკინების მესამეხაზელები ჰყავს, რომლებიც 9-ს სივრცეს უთავისუფლებენ. ედი ჯონსმა ამ გუნდს თავისი ხელი დაატყო. ის ცდილობს ხაზი რაც შეიძლება მაღლა ასწიოს და დიდხანს აკონტროლოს ბურთი, ფაზები ერთმანეთს მიაბას, მაგრამ ჩვენ საკუთარი გეგმა გვაქვს და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ”.
ირაკლი აბუსერიძე: “რთული თამაში გველის. იაპონია სწრაფ, დინამიკურ რაგბს თამაშობს, სამაგიეროდ, ჩვენ უფრო ძლიერი მორკინალები გვყავს და ვეცდებით მათ მიერ მოპოვებული უპირატესობა უკანახაზელებმა გამოვიყენოთ. ლეგენდარული ტანა უმაგას მეთვალყურებით მომზადება უდიდესი სიამოვნებაა და მოხარული ვარ, ის ჩვენთან ერთად რომაა. რადგან დრო ძალიან ცოტაა, ის უმეტესად ხარვეზების დახვეწაზე გვამუშავებს და ახლი კომბინაციების დასამუშავებლად ვერ ვიცლით, იმედია, მომავალში ამის დროც გვექნება”.

17 ნოემბერი. შაბათი. ტესტ-მატჩი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15:00
საქართველო - იაპონია
საქართველო: 1
5. ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 9 კეპი, 29 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, 57, 110), 13. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი, 54, 65), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპური”, ინგლისი, 6, 15), 11. ალექსანდრე თოდუა (“ალბი”, საფრანგეთი, 34, 5), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟიუნიენი”, საფრანგეთი, 62, 341), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, 82, 35); 1. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 39, 15), 2. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 7, 5), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 34, 35), 4. გიორგი ნემსაძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 26, 30), 5. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 49, 15), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 26, 5), 7. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 14, 5), 8. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 44, 105).
სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 34, 20), 17. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 6, 5), 18. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 23, 5), 19. ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი, 15, 10), 20. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი, 6, 0), 21. გიორგი თხილაიშვილი (“არმია”, თბილისი, 3, 0), 22. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 14, 5), 23. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 63, 75).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ტანა უმაგა
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ექიმები: ერიკ დალოსი, ბესო აბრამიშვილი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ტონი ბურჟერი
 

იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. ტოშიაკი ჰიროსე, 13. ტომოჰირო სენბა, 12. ჰარუმიჩი ტატეკავა, 11. ჰიროტოკი ონოზავა, 10. კოსეი ონო, 9. ფუმიაკი ტანაკა; 1. იუსუკე ნაგაე, 2. შოტა ჰორიე, 3. კენსუკე ჰატაკეიამა, 4. ჰიტოში ონო, 5. ლუქ ტომპსონი, 6. ჰენდრიკ ტუი, 7. მაიკლ ლიჩი, 8. ტაკაში კიკუტანი.
სათადარიგოები: 16. ჰარუკი ოტა, 17. ტაკუმა ასაჰარა, 18. ჰიროში იამაშიტა, 19. მაიკლ ბროდჰერსტი, 20. რიუ-კოლინიასი ჰოლანი, 21. აცუში ჰივასი, 22. იუ ტამურა, 23. გო არუგა.
მწვრთნელი: ედი ჯონსი
რეფერი: გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: რადუ პეტრესკუ, ვლად იორდანესკუ (ორივე რუმინეთი)
კომისარი: მეტ ბეილისი (აშშ)

ზურა ქსოვრელი
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.133168