ამბები

12:45 | 17.11.2012 | ნანახია 2021 - ჯერ

სამოამ უელსი შეარცხვინა

სამოას მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ გუნდების ბობოლებად და დანარჩენებად დაყოფის სისტემა უკვე მოძველებულია. ცოტა ხნის წინათ ავსტრალიის ნაკრების წამქცევი სამოელები, ამჯერად, ექვსი ერის გამარჯვებულ უელსს კარდიფში ეწვივნენ და მასპინძლები სრულიად დამსახურებულად - 26:19 დაამარცხეს.
ეს იყო სამოას ნაკრების რიგით მე-4 გამარჯვება (პირველი 1999 წლის შემდეგ) უელსთან, ხოლო უელსისთვის, ზედიზედ მე-5 მარცხი.
უელსელებმა ივნისში ავსტრალიასთან ზედიზედ 3 თამაში წააგეს, ერთი კვირის წინათ, არგენტინასთან გამართული მატჩი 12:26 დათმეს, ახლა კი, კუნძულელებისგან სულაც შოკისმომგვრელი სირცხვილი იგემეს.
ერთი კვირის შემდეგ “დრაკონები” მსოფლიოს ჩემპიონ ახალ ზელანდიას მასპინძლობენ, 1 დეკემბერს ავსტრალიას დაუხვდებიან და თუ ასე თამაში გააგრძელეს, ძნელად სავარაუდოა, გამარჯვების თუნდაც მცირედი შანსი ჰქონდეთ.
თამაში ისეთი დაუნდობელი გამოდგა, რომ ბოჭვების შედეგად, ტრავმები ორივე გუნდის მორაგბეებმა მრავლად მიიღეს და მათ ვადაზე ადრე მოუწიათ მოედნის დატოვება, მაგრამ უფრო მეტად მასპინძლები დაზარალდნენ, რომელთაც ორი მოთამაშე ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გამოაკლდათ.
სამოას უფრო დიდი სხვაობითაც შეეძლო გამარჯვება, მაგრამ თუ პირველ ტაიმში ტუსი პისიმ რთული პოზიციებიდან ჯარიმები გააფუჭა, მატჩის მიწურულს ფეხის ტრავმამ არ მისცა იმის შესაძლებლობა, რომ კარგი პოზიციებიდან გუნდისთვის ქულები მოენაგრა, თუმცა, ამჯერად, მისი შეცდომები დაუსჯელი დარჩა და უელსმა ამ შანსებით ვერ ისარგებლა.
მატჩის დებიუტშივე მასპინძლებმა ცენტრალური ხაზის სიახლოვეს დაკარგეს ბურთი, ის სამოელთა მძლავრმა 8 ნომერმა ტაიასინა ტუიფულამ აიტაცა, წინ გაიჭრა და ხაზი ისე გაკვეთა 22-მდე ვერავინ შეაჩერა, მერე ბურთი მარჯვნივ სწრაფად ჩათამაშდა, სადაც სტუმრებს დიდი მეტობა ჰქონდათ და ფაატოინა აუტაგავაიამ ლელო უპრობლემოდ გაიტანა, ხოლო ტუსი პისიმ გარდასახვა გამოიყენა.
ეს სიგნალი უნდა გამხდარიყო უელსელებისთვის - მათ წინაშე სერიოზული მეტოქე იდგა და წინ დიდი მატჩი ელოდათ, მაგრამ ბოლომდე მობილიზება ვერ მოახერხეს და პირველ ტაიმში მოპოვებული მცირედი უპირატესობა თვალსა და ხელს შუა გაეპარათ.
მართალია, “დრაკონები” სათამაშო უპირატესობას არ ფლობდნენ, მაგრამ ლი ჰალფპენიმ ორი ჯარიმით 29-ე წუთამდე ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 33-ე წუთზე, ეშლი ბეკმა ტუსი პისის საჩუქარი შეირგო, საკუთარ 22-ში მისი დაუფიქრებელი გადაცემა ჩაჭრა და ლელომდე 70 მეტრი ირბინა. ჰალფპენიმ გარდასახვა გამოიყენა და ანგარიში 13:7 გახადა. პისიმ, რომელსაც მანამდე 2 დარტყმა გაუცუდდა, მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ჯარიმა გაიტანა და შესვენებაზე გუნდები სამქულიანი სხვაობით გავიდნენ.
მე-2 ტაიმი ხუთიოდე წუთის დაწყებული იყო, როდესაც უელსელებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს, ფოტუალიმ ზედ პირით ხაზთან ჯორჯე პისის კარგი გადაცემა გაუკეთა, მან მოკლე მანძილზე ბოჭვა ისე აიცილა, რომ არც გვერდითი ხაზი გადაკვეთა და ფეხზეც დარჩა, მერე საოცარი მოძრაობით ჰაერში აიწია და ბურთი ჩათვლის მოედანში ყირამალათი დაამიწა, ოღონდ ეს არ იყო შელამაზებისთვის გაკეთებული ყირამალა - ეს იყო ის ილეთი, რომლის გარეშე ამ შემთხვევაში ლელო უბრალოდ არ გავიდოდა. ვიდეოგამეორებამ აჩვენა, რომ პისის ბოლო ნაბიჯი გვერდით ხაზს არ შეეხო, იქამდე მილიმეტრები დარჩა და რომ ჰაერიდან თავით დაშვებისასაც ჯერ ბურთი დაამიწა და მერე შეეხო ალამს. ტუსი პისის გარდასახვა არაზუსტი იყო, მაგრამ სამოა ისევ დაწინაურდა.
გარდასახვის გამოუყენებლობა, შეიძლებოდა, სტუმრებს ძვირი დაჯდომოდათ, რადგან ისინი მატჩის განახლებისთანავე დაჯარიმდნენ და ჰალფპენიმ მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნა, მაგრამ ის დღე მაინც სამოასი იყო. პისის 56-ე წუთზე გატანილ ჯარიმას ჰალფპენიმ 61-ეზე უპასუხა და უელსი ბოლოჯერ დააწინაურა - 19:18. პისიმ სტუმრებს, ორქულიანი უპირატესობა, 65-ე წუთზე გატანილი ჯარიმით დაუბრუნა, მერე მასპინძელთა იშვიათი იერიში უჯარიმოდ მოიგერია და მეტოქის ნახევარზე გადავიდა. აქ, პისის კიდევ ერთი გასატანი ჯარიმა გაუფუჭდა, მაგრამ 77-ე წუთზე მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ფეხით, უელსელთა საჯარიმოში შეცურებულ ბურთს ჰალფპენიმ ხელი ვერ წაატანა, სამაგიეროდ, სანამ ის კიდით ხაზს გადაცდებოდა ლეოტა დაეწია და ნახტომში დაამიწა - 26:19. პისის გარდასახვით შეეძლო ყველაფრისთვის წერტილი დაესვა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.
უელსს მატჩის გადასარჩენად ლელო-გარდასახვა სჭირდებოდა, მაგრამ უნიათო შეტევა უშედეგოდ დასრულდა და სამოამ ისტორიული გამარჯვებით გაიხარა.
24 ნოემბერს სამოა საფრანგეთს ეწვევა და ახლა მათთან ეცდება წარმატებული სერიის გაგრძელებას.
 


ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.158874