ქართველი მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის მიერ მოპოვებული 22 ქულა (5 ჯარიმა, ლელო და რეალიზაცია) არასაკმარისი აღმოჩნდა რეიტინგში უფრო მაღლა მდგომი იაპონიის დასამარცხებლად.
პირველი ტაიმის ოთხქულიანი სხვაობით (9:13) წაგების შემდეგ, მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს “მეკოს” მიერ ზუსტად შესრულებული 2 ჯარიმის შედეგად, მალევე დაწინაურდნენ – 15:13.
52-ე წუთზე კი, კვირიკაშვილმა სულაც ლელოს დადება მოახერხა. მან შეტევის მარჯვენა ფლანგზე სტუმართა დაბნეულობით ისარგებლა და სწრაფად მიიყვანა საქმე ბოლომდე, შემდეგ კი, საკმაოდ უხერხული პოზიციიდან რეალიზაციაც ზუსტად შეასრულა – 22:13.
თითქოსდა, მასპინძლებს თამაში უკვე შემოტრიალებული ჰქონდათ, მაგრამ პრაქტიკულად იგივე განმეორდა, რაც პირველ ტაიმში მოხდა – იაპონელებმა დინჯად, მეთოდურად, ჯერ ანგარიში შეამცირეს, მერე გაათანაბრეს და ბოლო წუთებზე, არეკნით, საკონტროლო გასროლაც შეასრულეს. საპასუხო შეტევის დრო ფიზიკურად აღარც იყო – 22:25.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია