ამბები

19:59 | 17.11.2012 | ნანახია 5488 - ჯერ

ჰეიგი: “დისციპლინამ გვიღალატა”; ჯონსი: “გაგვიმართლა”

საქართველოსა და იაპონიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩი, რომელიც ბოლო წამზე გატანილი არეკნის წყალობით, იაპონელთა გამარჯვებით - 25:22 დასრულდა, მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე შეაფასეს. პირველი “ბორჯღალოსანთა” დამრიგებელი, მილტონ ჰეიგი და გუნდის კაპიტანი, ირაკლი აბუსერიძე გამოცხადდნენ. ზელანდიელმა ქართველთა დაცვაში კარგი თამაში აღნიშნა და მარცხი უდისციპლინობას და არაორგანიზებულობას დააბრალა.
მილტონ ჰეიგი: “სამწუხაროა, საკუთარ მოედანზე წაუგებელი მატჩების სერია რომ შევწყვიტეთ. უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, დაცვაში ჩვენი გარჯით კმაყოფილი ვარ და ეპიზოდებში შეტევებშიც კარგად ვირჯებოდით, მაგრამ თამაშის ორგანიზაციასა და დისციპლინაში მოვიკოჭლებდით. სტატიკიდან ბურთის გამოტანისას, ჩვენი თამაშის ორგანიზაცია არ იყო ისეთი, როგორიც გვსურდა, დისციპლინის ნაკლებობა კი, კოლელიშვილის სინბინსა და ძალიან ბევრ ჯარიმაში აისახა.
ჩვენი მიზანი იყო, ძალისმიერად გვეთამაშა და ამით უპირატესობა მოგვეპოვებინა, მაგრამ დავაშავეთ ის, რომ ზომაზე მეტად ვითამაშეთ ძალისმიერად და იქ მოპოვებული უპირატესობა თამაშის ხაზში გადატანაში არ გამოვიყენეთ.
ვფიქრობ, წაგება არც არასწორი გადაწყვეტილებების მიღების ბრალია და არც შესრულების ნაკლებობის. ბიჭებმა მაქსიმალურად მოინდომეს და 75 წუთი კარგად ითამაშეს, მაგრამ 5 წუთი ჩააგდეს და ამის გამო დავმარცხდით.
მატჩის ბოლოს, უკეთესი იქნებოდა, არეკნი ჩვენ დაგვერტყა და ამით გვეცადა მიზნის მიღწევა, მაგრამ რადგან მეტოქის ჩათვლის მოედანთან ვიყავით, ბიჭებმა ლელოს გატანა სცადეს და მერე სიტუაცია შეიცვალა, რის შემდეგაც არეკნი აქეთ მივიღეთ. ასეთი რამ ხშირად ხდება თანაბარი ძალის გუნდების თამაშისას.
ჩვენ გვსურდა, გუნდს ისე ეთამაშა, როგორც საწყისი 20 წუთი ჩაატარა, მაგრამ მერე დისციპლინამ დაგვაღალატა, კოლელიშვილი გააყვითლეს და პრობლემებიც აქედან დაიწყო.
შეცვლებით კმაყოფილი ვარ, ყველამ შეასრულა საკუთარი დავალება და წაგებას მათ ვერ დავაბრალებ.
ერთ კვირაში, ფიჯისთან რთული თამაში გველის. ფხიზელი თვალით უნდა შევხედოთ იმ შეცდომებს, რომლებიც ამ მატჩში დავუშვით, გამოვასწოროთ ისინი და წლის ბოლო, თანაც საშინაო მატჩში, გავამარჯვება მოვიპოვოთ. რადგან მომდევნო თამაშსაც შინ ვატარებთ, მეტი პასუხისმგებლობა მოგვეთხოვება”.
წაგების მთავარ მიზეზად უდისციპლინობას მიიჩნევს ნაკრებს კაპიტანი ირაკლი აბუსერიძეც: “რაც საწყის 20-25 წუთში ვაჩვენეთ, სწორედ იმ თამაშის ჩვენება იყო ჩვენი ამოცანა, მაგრამ მერე მოედანზე 14-ნი დავრჩით, ხშირად ვჯარიმდებოდით და ამიტომ წავაგეთ. არადა, წაგებას ნამდვილად არ ვიმსახურებდით, მაგრამ დისციპლინამ დაგვაღალატა. სამაგიეროდ, ამ თამაშით დიდი გამოცდილება მივიღეთ, გავიზარდეთ და ეს წინგადადგმული ნაბიჯი მომავალში აუცილებლად გამოგვადგება.
პირველი ტაიმის ბოლოს, მეტოქის 5-მეტრში, ჯარიმის ნაცვლად შერკინება ვირჩიეთ, ლელოზე ვითამაშეთ, მაგრამ ამან არ გაამართლა და ლელო აქეთ მივიღეთ.
ვულოცავ იაპონიის ნაკრებს გამარჯვებას, მაგრამ, ვფიქრობ, წაგება არ გვეკუთვნოდა. მომავალი თამაშისთვის უკეთ მოვემზადებით და ვეცდებით, ფიჯის ნაკრებთან გამარჯვებული დავრჩეთ”.

...ამის შემდეგ, საპრესკონფერენციო დარბაზში იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ედი ჯონსი და მათი კაპიტანი, ტოშიაკი ჰიროსე გამოცხადდნენ. ავსტრალიელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და გამარჯვება იღბალს მიაწერა.
ედი ჯონსი: “გაგვიმართლა, რომ გავიმარჯვეთ. ჩვენი გუნდისთვის არატიპიურია ბოლო წამზე გატანილი არეკნით თამაშის მოგება. კმაყოფილი ვარ, ჩემი გუნდით და მათი მონდომებით. სწორედ მათი მონდომების დამსახურებაა, რომ რამდენჯერმე ჩვენი წითელი ზონიდან ბურთის გამოტანა მოვახერხეთ და საქართველოსგან ლელო არ მივიღეთ.
უაღრესად ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და რთული იყო მათი იერიშების მოგერიება, მაგრამ ბიჭებმა ეს მოახერხეს. საქართველოს ნაკრები რუმინეთისაზე გაცილებით ძლიერია და თქვენ თუ გაშლილ თამაშს გააუმჯობესებთ, მაშინ ძალიან ძლიერი ნაკრები გეყოლებათ”.
ტოშიაკი ჰიროსე: “საწყის 20 წუთში ძალიან გაგვიჭირდა, მერე კი, დავლაგდით და ისეთი თამაში წარიმართა, როგორსაც ველოდით. ევროპულ ტურნეზე უკვე ზედიზედ 2 თამაში მოვიგეთ და ამით ბედნიერი ვარ. მიუხედავად ამისა, ჩვენ მუდამ გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ და მეტის სურვილი გვაქვს”.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.15838