ამბები

21:48 | 17.11.2012 | ნანახია 8134 - ჯერ

როცა მეტოქე შენზე ძლიერია...

არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრებს თავისზე ძლიერი მეტოქის წინააღმდეგობა მონდომების ხარჯზე გაუტეხავს და ტრიბუნაზე შეკრებილი ერთგული გულშემატკივარი გაუხარებია, მაგრამ ამ ნაცადმა ხერხმა, ამჯერად არ გაამართლა და გამარჯვებული იაპონიის ნაკრები დარჩა.
შესაძლოა ვიდაოთ, ძლიერია, თუ არა იაპონიის ნაკრები საქართველოსაზე, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ძლიერია და ეს, ამ მატჩშიც დადასტურდა. “ბორჯღალოსნები” მეტოქეს შერკინებით კი სჯობდნენ, მაგრამ ეს აზიელებმაც კარგად იცოდნენ და ამ უპირატესობის გამოყენების შანსი არ მოგვცეს. ვერ გამოვიყენეთ ძალისმიერი თამაშის კიდევ ერთი კოზირი, მოლი და როცა ამ ხერხით არაფერი გამოგვივიდა, საპასუხოდ ისეთი კონტრშეტევა მივიღეთ, რომელიც თამაშის წაგებად დაგვიჯდა და ეს ყველაფერი, უნდა დავაბრალოთ სწორედაც რომ იაპონელთა უფრო მაღალ სათამაშო კლასს და გამოცდილებას.
ცალკეულად თუ ავიღებთ, ქართველ მორაგბეებს, საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონში მაღალი დონის თამაშები არ აკლიათ, მაგრამ არიან ჩვენს გუნდში ისეთი მოთამაშეებიც, რომელთაც მსგავსი გამოცდილება არ აქვთ და ამასთან, არ გვაქვს გუნდური გამოცდილება ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშისა, რაც შეთამაშების კუთხით და უკვე ერთიანად გუნდის ზრდისთვის, ჰაერივით აუცილებელია. ეს ყველაფერი აქვს იაპონიას. იაპონიის ჩემპიონატში იმხელა თანახაა ჩადებული, რომ იქ ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების მორაგბეები მიდიან სათამაშოდ, ეს გუნდი გამუდმებით თამაშობს ოკეანეთის ნაკრებებთან (სამოა, ფიჯი, ტონგა), რომელთაგან ერთ-ერთმა, ახლახანს უელსი კარდიფში შეარცხვინა (სამოამ), ასევე, ზელანდიელ “მაორებთან” და ავსტრალიის “ა” ნაკრებთან და არც სხვა მაღალი დონის ტესტ-მატჩების ნაკლებობას უჩივის. ჩვენ კი, ამის ნაწილს ახლაღა ვიწყებთ...
დიახ, თუ რამდენიმე წლის წინ მონდომების ხარჯზე დავამარცხეთ არგენტინის “ა” ნაკრები, მერე კანადისა და აშშ-ს ნაკრებები, ახლა იაპონიამაც მაგრად მოინდომა და მათი მონდომება ვეღარ გავტეხეთ. თითქოს, ჩვენს ბიჭებს ცუდად არ უთამაშიათ, მაგრამ იყო შეცდომები, რომლებიც არა უმაღლესი დონის, არამედ უბრალოდ კარგმა გუნდმა არ გვაპატია და დაგვსაჯა. დაგვსაჯა იმით, რომ სახლში დაუმარცხებელი მატჩების სერია 21-ზე შეგვაწყვეტინა, თორემ, სწორედ ესეთი თამაშებია ის გაკვეთილები, რომლითაც საქართველოს ნაკრები უნდა გაიზარდოს და მომავალში დიდი მიზნები დაისახოს.
ზემოთ კანადა და აშშ ვახსენეთ, რომელთაც თბილისში კი ვძლიეთ, მაგრამ თუნდაც ამ გუნდებმა დაგვანახეს, რომ განსაკუთრებით ხელდახელ ბურთაობაში, მათი დარი ჯერაც არა ვართ და მხოლოდ ძალისმიერი თამაშის იმედად, “ვერ გავფრინდებით”. ამ მამაცხონებულმა IRB-მაც არ ისურვა კარის დროულად გახსნა და რუმინეთთან და რუსეთთან, თანაც დასუსტებულებთან ჭიდილმა, შედეგად ჩვენი პროგრესი შეაფერხა. შედეგად, ამ ქვაბში პორტუგალია და ესპანეთი წამოიზარდნენ და ეგებ IRB-ს ეგრეც უფრო აწყობდეს, რომ ნაღდი ევროპელები წამოჩიტონ და არა აღმოსავლელი ჩამორჩენილები, სადაც ბილეთის სანაცვლოდ 5 და გინდაც 10 ლარის გაღება, ჯერაც გადაუჭრელი პრობლემაა.
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ 5 და 10 ლარი დღესდღეობით დიდი ვერაფერი ფულია, საქართველოში არ გამოჩნდა 20 ათასი ისეთი ადამიანი, რომელიც მის სანაცვლოდ, საქართველოს ნაკრებს გვერდში სტადიონიდან დაუდგებოდა და ამის ფონზე, პრეტენზია იმისა, რომ ჩვენ უნდა შევუერთდეთ 6 ერს, უბრალოდ, უნამუსობაა. 6 ერში რუსეთის ნაკრებიც არაა და შესაბამისად, სტადიონიც არ გაივსება, თანაც, იმ 6 ერზე, ბილეთის ფასი უკვე 5 და 10 ლარი ვეღარ იქნება და ევროპისთვის საქართველოც უინტერესო ქვეყანაა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ჩვენთან რაგბი მარტო “რუსეთს რა...” ძახილის გამო უყვართ და ისიც იმიტომ, რომ დასასრული მუდამ ლოგიკურია და მეტი არაფერი.
მოკლედ, სავსე ტრიბუნის ნაცვლად, მესამედზე ოდნავ მეტად შევსებული სტადიონი მივიღეთ და ეს, რბილად რომ ვთქვათ, კარგი არაა, რადგან IRB-ს დიდი თვალები აქვს და ყველაფერს ხედავს. ერთ კვირაში ფიჯისთან თამაში გველის, რომელიც ყველა მატჩის წინ საბრძოლო ცეკვა CIBI-ს, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, “ჰაკას” (“ჰაკა”-ს მხოლოდ “ოლ ბლექსი” ასრულებს, ფიჯელების ცეკვას CIBI ქვია) და იქნებ მის სანახავად მაინც მივიდეს მოედანზე მაყურებელი.
რაც შეეხება თამაშს, ერთი შეხედვით ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მაგრად მოვიკოჭლეთ დისციპლინაში, თამაშის ორგანიზაციაში და გამოჩნდა ჩვენი სისუსტეები, პლიუსები კი, სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ. ორივე ტაიმის დებიუტში 9-9 ქულით დავწინაურდით, მაგრამ ორივე შემთხვევაში გავანიავეთ უპირატესობა და ჯამში, დავმარცხდით. ეს, მეტოქის თავდადებასთან და ორგანიზებულობასთან ერთად, ალბათ, ფიზიკური კონდიციების ნაკლზეც მიუთითებს. იაპონიასთან მილტონ ჰეიგის ხელში საუკეთესო დაცვა ვითამაშეთ, რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ჯარიმებს, მაგრამ ჯარიმაც რაგბის ნაწილია და მისი საშუალებით, გუნდს 3 ქულის მიღების შანსი ეძლევა.
გამოჩნდა, რომ კვლავაც მაგრად გვიჭირს გარკვეულ პოზიციებზე, განსაკუთრებით 15 ნომერზე. ირაკლი ყიასაშვილს მარცხს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ რამდენიმე მომენტში მან ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელიც ძვირად დაგვიჯდა. პრობლემა იყო ზოგადად ფეხით თამაშიც, მერაბ კვირიკაშვილის მოედნიდან გასვლის შემდეგ, ლაშა ხმალაძემ ჯარიმიდან ბურთის აუტში გადატანა ვერ შეძლო, მაგრამ ეს ორივე მორაგბე, ქართულ კლუბში თამაშობს და ალბათ, ეს შეცდომებიც იმ საერთო გამოუცდელობის ბრალია, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ.
თამაშის დებიუტი და საწყისი 20 წუთი საუკეთესო იყო. აი, ამ პერიოდში, ჩვენმა დაცვამ მეტოქეს გასაქანი არ მისცა, ის მაქსიმალურად შეავიწროვა, უბურთოდ დატოვა და ეს ყველაფერი ქულებშიც აისახა. თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც ირაკლი აბუსერიძის პრესინგის ქვეშ მეტოქემ ბურთი დაკარგა, ის ვიტო კოლელიშვილმა აიტაცა და მცველებსაც კარგად დაუსხლტა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში დაიბნა, როგორც ჩანს, მოედნის აღქმა დაკარგა და მაშინ, როდესაც ლელოს თვითონაც მიწვდებოდა, პასი გადაწყვიტა, რომელიც უკვე წინ გამოუვიდა. სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქის დერეფანი მოიგო, მერე იაპონია დაჯარიმდა და მერაბ კვირიკაშვილმა, დაახლოებით 31 მეტრიდან ანგარიში გახსნა. იაპონელები ცოტათი დაიბნენ, მერე შერკინებიდან მამუკა გორგოძემ შეუტია, მეტოქე ისევ დაჯარიმდა და “მეკომ” კვლავ უშეცდომოდ დაკრა, ხოლო მე-12 წუთზე ირაკლი მაჩხანელი გაიჭრა მარცხენა ფლანგზე, მერე კვლვ ჯარიმა და კვირიკაშვილმა ტაბლოზე 9:0 აანთო.
საწყის წუთებში თამაში ისე მიდიოდა, იაპონია ჩვენს ნახევარზე გადმოსვლასაც ვერ ახერხებდა, მაგრამ როდესაც მათ ცენტრალურ ხაზთან ჯარიმის უფლება მიიღეს და ბურთი სწრაფად გაითამაშეს, 10 მეტრით დროულად არ დავიხიეთ და აიუმუ გორომარუმ სხვაობის შემცირება სცადა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. ამის შემდეგ იაპონიამ ბურთი მოიხელთა და აბურთავდა. მათი გაშლები მუდამ სახიფათო იყო, ხაზის გაჭრა ნებისმიერ მათ მორაგბეს შეეძლო და ეს რამდენჯერმე ჰუკერმაც მოახერხა, მაგრამ საქართველოს ნაკრები დაცვაში დადგა!
სიტუაცია 25-ე წუთიდან შეიცვალა, როდესაც გორომარუმ ჯარიმით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. ამას, კვლავ აზიელთა შეტევები მოჰყვა, ხშირად დაჯარიმებისთვის რეფერიმ ვიტო კოლელიშვილი გააყვითლა და გორომარუმ ახლოდან სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა. დასკვნით წუთებში, ინიციატივა მაინც საქართველოს ნაკრებისკენ დაბრუნდა. რადგან კოლელიშვილი სინბინში იყო, შერკინებაში დავით კაჭარავა ჩადგა და მეტოქეს “ბორჯღალოსანთა” მიძალების მოგერიება 5-მეტრში მოუხდა, მაგრამ იქით^ გასატანი ლელოს, ან ჯარიმის ნაცვლად, მოულოდნელად ბურთი დაიკარგა, იაპონიამ ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, ხელდახელ სწრაფად შეუტია, ხაზმა გადაწყობა ვერ მოახერხა და მარცხენა ალამთან ლელო გავიდა (ჰიროტოკი ონოზავა), ხოლო გორომარუმ გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 9:13.
მეორე ტაიმი ქართველმა მორაგბეებმა მძლავრად დაიწყეს, თამაში მეტოქის ნახევარზე გადაიტანეს, კაცნაკლული შერკინებით მეტოქეს დაჯარიმება აიძულეს და კვირიკაშვილმა გასატანი ჯარიმა გამოიყენა. 45-ე წუთზე საქართველოს ნაკრები დაახლოებით მოედნის ცენტრში, საკუთარ ნახევარზე დაჯარიმდა, იაპონელებმა სწრაფად მოინდომეს მისი გათამაშება, მერე გადაცემისას შეცდნენ, მერაბ შარიქაძემ ბურთს ფეხი წაკრა და მიჰყვა, 22-ში ფეხით იერიშის გაგრძელების ნაცვლად, მისი აღება გადაწყვიტა, წარმოქმნილი რაქიდან იერიში მარცხნივ გაიშალა, მაგრამ მამუკა გორგოძის გადაცემას დავით ხინჩაგიშვილი არ ელოდა და სალელოვე შანსიც განიავდა. 49-ე წუთზე სტუმრები ნატრიაშვილის წინააღმდეგ დაჯარიმდნენ, ასპროცენტიანმა კვირიკაშვილმა 40 მეტრიდანაც ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრებს ლიდერობა დაუბრუნა - 15:13.
51-ე წუთზე, საქართველოს ნაკრების კარგ იერიშს, უკვე ლელო მოჰყვა. ლევან დათუნაშვილმა ჩვენს 22-ში მოიხელთა ბურთი, ის ვერავინ წააქცია და ჯაჯგურით მოედნის ცენტრამდე ავიდა, მერე ბურთი მარჯვნივ ჩათამაშდა, გორგოძემ ორი მცველი მიიზიდა და თოდუას უპასა, სანდრომ იაპონელთა 22-მდე ირბინა და იქ შებოჭეს, აზიელები იერიშის გრძელ ფრთაზე გაგრძელებას ელოდნენ, მაგრამ კვირიკაშვილი მოკლეზე გაიპარა და საპასუხო ლელოც გაიტანა, გარდასახვით კი, საქართველოს ნაკრების 22-ივე ქულა თავად ჩაიწერა და “ბორჯღალოსნებს” 9-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა.
ამის შემდეგ, ბურთი კვლავ იაპონელთა მფლობელობაში გადავიდა და ისინიც ჩვეულად აბურთავდნენ. მათი რამდენიმე სალელოვე შეტევა დიდი ძალისხმევით და ორჯერ ჯარიმის ხარჯზე შეჩერდა, შედეგად, სხვაობა 3 ქულამდე დავიდა და საფინალო სასტვენამდეც 18 წუთი რჩებოდა. ამას მოჰყვა ჯერ ხმალაძის შეცდომა, რომელმაც ბურთი აუტში ვერ გაიტანა, მერე ყიასაშვილისა, რომლის 22-იდან ფეხით მოგერიებულიც მეტოქეს მოხვდა. საბედნიეროდ, ბურთს კვლავ ყიასაშვილი დაეუფლა და ლელოს გადავრჩით, მაგრამ ის ჩახურვისთვის დაჯარიმდა და გორომარუმ წონასწორობა აღადგინა - 22:22.
დასკვნით წუთებში საქართველოს ნაკრებმა სწორედ მონდომების ხარჯზე შეუტია და ჩათვლის მოედნიდან 20 მეტრში მოლის აგორება სცადა, მაგრამ იაპონიაც მაგრად დადგა. მიუხედავად ამისა, ბურთი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრამდე მაინც მივიდა, მაგრამ მოულოდნელად, ის რაქიდან გამოვარდა და ახლა, უკვე იაპონიამ წამოიწყო ხელით კონტრშეტევა. ასე თამაშით მათ ჩვენს 22-ში ჩამოაღწიეს, იაპონიამ ჯარიმის უპირატესობა მიიღო და ყველა გაჩერდა, გარდა კოსეი ონოსა, რომელმაც ყოველი შემთხვევისთვის არეკნი დაკრა და მისი ძელებსშუა გაძრვენით, საფინალო სასტვენთან ერთად, საკუთარი გუნდის გამარჯვებაც დააფიქსირა. ისე, პოზიცია გასატანი იყო და ალბათ, ჯარიმაც გავიდოდა...

17 ნოემბერი. შაბათი. ტესტ-მატჩი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 10000 მაყურებელი
საქართველო - იაპონია 22:25 (9:13)

საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე (23. თედო ზიბზიბაძე 65), 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი (22. ლაშა ხმალაძე 62), 9. ირაკლი აბუსერიძე (20. გიორგი ბეგაძე 62); 1. დავით ხინჩაგიშვილი (17. მიხეილ ნარიაშვილი 56), 2. შალვა მამუკაშვილი (16. ირაკლი ნატრიაშვილი 47), 3. დავით ზირაქაშვილი (18. დავით ქუბრიაშვილი 51), 4. გიორგი ნემსაძე (19. ვახტანგ მაისურაძე 56), 5. ლევან დათუნაშვილი (21. გიორგი თხილაიშვილი 62), 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
1 ლელო: კვირიკაშვილი
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი
5 ჯარიმა: კვირიკაშვილი
1 სინბინი: კოლელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ტანა უმაგა
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
ექიმები: ერიკ დალოსი, ბესო აბრამიშვილი
ფიზმომზადების მწვრთნელი: ტონი ბურჟერი
იაპონია: 15. აიუმუ გორომარუ, 14. ტოშიაკი ჰიროსე, 13. ტომოჰირო სენბა, 12. ჰარუმიჩი ტატეკავა, 11. ჰიროტოკი ონოზავა, 10. კოსეი ონო, 9. ფუმიაკი ტანაკა; 1. იუსუკე ნაგაე, 2. შოტა ჰორიე, 3. კენსუკე ჰატაკეიამა, 4. ჰიტოში ონო, 5. ლუქ ტომპსონი, 6. ჰენდრიკ ტუი, 7. მაიკლ ლიჩი, 8. ტაკაში კიკუტანი.
სათადარიგოები: 16. ჰარუკი ოტა, 17. ტაკუმა ასაჰარა, 18. ჰიროში იამაშიტა, 19. მაიკლ ბროდჰერსტი, 20. რიუ-კოლინიასი ჰოლანი, 21. აცუში ჰივასი, 22. იუ ტამურა, 23. გო არუგა.
მწვრთნელი: ედი ჯონსი
რეფერი: გლენ ჯექსონი (ახალი ზელანდია)
ასისტენტები: რადუ პეტრესკუ, ვლად იორდაკესკუ (ორივე რუმინეთი)
კომისარი: მეტ ბეილისი (აშშ)

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.4061