ამბები

14:44 | 18.11.2012 | ნანახია 2409 - ჯერ

ფიჯი თბილისში შერცხვენილი მოდის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალმა მეტოქე ფიჯიმ, თბილისში ჩამოსვლამდე ევროპულ ტურნეზე თავისი მეორე შეხვედრა გამართა და ირლანდიის “ა” ნაკრებთან 0:53 შერცხვა. ევროპელებმა მეტოქეს 8 უპასუხო ლელო გაუტანეს და 17126 მაყურებელი გაახარეს.
ირლანდია “ა” ნაკრებით კი თამაშობდა, მაგრამ იქ ისეთი გუნდის მორაგბეები გამოდიან, როგორებიც ირლანდიური “მანსტერი” და “ლენსტერი”, ასევე, უელსის “ოლსტერია”. ამ უკანასკნელის წარმომადგენლების ანგარიშზე 33 ქულაა - კრეიგ გილროიმ სამი ლელო გაიტანა, ლუკ მარშალმა - ერთი, პედი ჯექსონმა კი, 5 გარდასახვა და ერთი ჯარიმა მიითვალა. შედეგად, ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დიდი თავსატეხი გაუჩნდა და დიდი ალბათობით, 24 ნოემბერს არგენტინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამ შემადგენლობიდან ბევრი მორაგბე ითამაშებს.
ფიჯელებისთვის ეს ზედიზედ მეხუთე მარცხია საერთაშორისო შეხვედრებში და იმედია, მეექვსე ერთი კვირის შემდეგ ექნებათ. პერიოდულად, ოკეანეთის წარმომადგენლები ბურთს აკონტროლებდნენ, მაგრამ შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ და დაცვაშიც ვერ ირჯებოდნენ სათანადოდ, ირლანდიელთა სწრაფი იერიშები კი, ხშირ შემთხვევაში ლელოთი გვირგვინდებოდა.
მასპინძლებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს (ფიჯი თამაშგარისთვის დაჯარიმდა), სამიოდე წუთში კი, ლუკ მარშალი სისწრაფეში გაიჭრა მარჯვენა ფლანგზე, ორი მზღვეველი ფიჯელი მიიზიდა და გილროიმ მარჯვება კუთხეში თავისი პირველი ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვაც მიაყოლა. ამას ფიჯელთა შეტევა მოყვა, რომლებმაც ბურთის ფლობაში უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ამით ვერ ისარგებლეს და მალე მეორე ლელოც გავიდა. იერიში კვლავ მარშალმა წამოიწყო, გილროიმ გააგრძელა, მერე ბურთი მარცხენა კიდემდე ჩათამაშდა, დარენ კევიმ ფერგუს მაკფადენს უპასა და მანაც, მცველების ზეწოლის მიუხედავად, ლელო გაიტანა, რაც ვიდეორეფერიმ დაადასტურა.
ერთ წუთში გილროიმ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი საუკეთესო თვისებები, თავისუფალი ბურთი აიტაცა, ორი მზღვეველი ჩამოიცილა და შეტევა კრონინმა დააგვირგვინა. 30-ე წუთზე ლელო უკვე კევიმ გაიტანა და ტაიმი 29:0 დასრულდა. ანგარიში მატჩის განახლებისთანავე შეიცვალა. ახლა ირლანდიელთა რვა ნომერმა ჯეიმ ჰისლიპმა მიიზიდა ორი მცველი და ცალი ხელით ლელოსკენ მაკფადენი დაგეზა, რომელმაც ასევე ორი ფიჯელი ჩამოიშორა და დუბლი შეასრულა.
ამის შემდეგ თამაში ოდნავ გათანაბრდა და რეფერის სამჯერ მოუხდა ყვითელი ბარათის ამოღება. მან 46-ე წუთზე ფიჯელი ტიმოკი მატანავუ გაასინბინა, მაგრამ მასპინძლებმა მეტობით ვერ ისარგებლეს, 63-ე წუთზე ყვითელი ბარათი ირლანდიელმა მიიღო, ხოლო სამიოდე წუთში მის გზას ტელეიმატოგა ტუაპატი გაუდგა და დასკვნით 12 წუთში კიდევ სამი ლელო გავიდა. გილროიმ დუბლი 67-ე წუთზე შეასრულა და ლელო მარცხენა კუთხეში გაიტანა, 72-ეზე ის უკვე თავის 22-ში დაუსხლტა ორ მცველს და ლელომდე 80 მეტრი ირბინა, ბოლოს კი, ჰენდერსონის კარგი თამაშის შემდეგ, თავისი წილი ლელო ლუკ მარშალმაც მიითვალა - 53:0.

ირლანდია XV - ფიჯი 53:0 (29:0)
ფიჯი:
15. მატუისელა ტალებულა, 14. სიმელი კონიფერედი, 13. ვერენიკი გოვენა, 12. ჯოშ მატავესი, 11. უატისონი ვოტუ, 10. ჯონეტანი რალულუ, 9. ნიკოლა მატავალუ; 1. ჯერი იანუიანუტავა, 2. ვილიამ ვეიკოსო, 3. დეაკონ მანუ, 4. ლეონე ნაკარავა, 5. აპი ნაიკატინი, 6. ილიესა რატუვა, 7. მალაკაი რავულო, 8. ნემანი ნაგუსა.
სათადარიგოები: 16. ტუაპატი ტალემაიტოგა, 17. მანასა საულო, 18. სეტეფანო სომოკა, 19. აპისალომე რატუნიუარავა, 20. ჯოვილი დომოლაულაი, 21. კელემადი ბოლა, 22. საულა რადიდი, 23. ტიმოკი მატანავუ.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.337495