ამბები

17:34 | 18.11.2012 | ნანახია 2365 - ჯერ

ევროპა კვლავ საფრანგეთმა ასახელა

ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სარაგბო ნაკრებები სამხრეთელებთან ერთი კვირის წინანდელზე მეტად შერცხვნენ. თუ მაშინ მეორე ეშელონის წარმომადგენლები ტონგა და ფიჯი შესაბამისად, იტალიამ და ინგლისმა დაამარცხეს, ამჯერად სამოას უელსმა ვერ აჯობა (19:26) და ამ თამაშის მსვლელობაზე გუშინ მოგახსენეთ. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, ევროპელი ბობოლებიდან სამხრეთული გუნდი მხოლოდ საფრანგეთმა წააქცია.
10 ნოემბერს ფრანგებმა ავსტრალია 33:6 დაამარცხეს და ახლა დამაჯერებელი გამარჯვება არგენტინასთან მოიპოვეს - 39:22, რომელმაც მანამდე უელსს კარდიფში 26:12 აჯობა. იმის ფონზე, რომ ინგლისი, უელსი, შოტლანდია და იტალია დამარცხდნენ, ირლანდიამ კი, არაეროვნული გუნდით ითამაშა ფიჯის წინააღმდეგ, ლილში მასპინძლებმა დაამტკიცეს, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდებს შორის მსოფლიოს საერთაშორისო საბჭოს რეიტინგში დამსახურებულად ლიდერობენ.
არადა, სწრაფი, ორმხრივი შეტევებით მიმდინარე მატჩის საწყისი 15 წუთის შემდეგ, არგენტინელები 13:3 ლიდერობდნენ, თუმცა, მერე ორი წუთის ინტერვალით ვენსან კლერკმა ორი ლელო გაიტანა და მასპინძლებს ლიდერობა დაუბრუნა, ხოლო ტაიმის ბოლოს თავი იანიკ ნიანგმა გამოიჩინა და ტაიმი მასპინძლებმა 24:13 მოიგეს. მეორე ტაიმი უფრო მძიმე გამოდგა და ფრანგების გამარჯვება ფრედერიკ მიშალაკის ფეხით კარგმა დარტყმებმა განაპირობა.
თამაში მაღალ ტემპში დაიწყო, ფრანგებმა “პუმები” თამაშგარეში გამოიჭირეს და მიშალაკმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. ამაზე არგენტინელებმა კარგი იერიშით უპასუხეს, ორჯერ შეცვალეს შეტევის ფლანგი და საბოლოოდ ბარსელო ბოსხმა ლელო ძელებსშუა გაიტანა. ნიკოლას სანჩესმა ზუსტ გარდასახვას კიდევ ორი ჯარიმა მიაყოლა და სტუმრები 13:3 დააწინაურა. ისინი კარგად ჭრიდნენ ხაზს და სახიფათოდ გამოიყურებოდნენ, თუმცა, ფრანგებმა დიდი აფეთქებით უპასუხეს. ლუი პიკამოლის და პასკალ პეპეს გარჯის შემდეგ, ლელოსკენ მაქსიმ მაშენო გაიჭრა, რომელიც ჩათვლის ხაზთან შეაჩერეს, მაგრამ კლერკი კარგად გაერკვა სიტუაციაში და რაქიდან ატაცებული ბურთი ჩათვლის მოედანზე გადადო.
მალევე კლერკმა მეტოქის შეცდომით ისარგებლა და ჩათვლის მოედნამდე ირბინა, მიშალაკმა ორივე რეალიზაცია გამოიყენა და ანგარიში 17:13 გახდა. ამას 33-ე წუთზე ნიანგმა ბრწყინვალე სოლო-გარღვევა დაურთო, ორ მცველს გაექცა და მიშალაკის მორიგი გარდასახვით ტაიმი 24:13 დასრულდა. მეორე ტაიმმა ძალისმიერ ბრძოლაში ჩაიარა და ქულები სანჩესმა და მიშალაკმა აგროვეს. არგენტინელის ჯარიმას ფრანგმა 47-ე წუთზე არეკნით უპასუხა, მერე მათ ორ-ორი ჯარიმა გაცვალეს, ბოლოს კი, დაღლილ სტუმრებს მიშალაკმა კიდევ ორი უპასუხო ჯარიმა გაუტანა და მასპინძლებს 39:22 მოაგებინა.
ერთ კვირაში არგენტინელებს ირლანდიელებთან მოუწევთ გამოცდის ჩაბარება, ხოლო ფრანგები იმ სამოას დაუხვდებიან, რომელმაც უელსი კარდიფში შეარცხვინა.
სამაგიეროდ, ფრანგებთან ერთი კვირის წინ დამარცხებული ავსტრალია ინგლისთან გამოკეთდა და ბერიკ ბარნსის გარჯის წყალობით (15 ქულა) 20:14 დაამარცხა. სავსე ტრიბუნების წინაშე, მასპინძლები ტობი ფლადის ჯარიმით კი დაწინაურდნენ, მაგრამ ბურთის ფლობაში და ტერიტორიის კონტროლში, ავსტრალიელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ, პერიოდულად მათი შერკინებაც მძლავრობდა და მარცხენა ფლანგზე მაიკლ ჰუპერის გარღვევის შემდეგ ბარნსმა არეკნით წონასწორობა აღადგინა.
სტუმრები თამაშს კარგად შლიდნენ, მაგრამ შორი დისტანციიდან ჯარიმა ისევ თავად გაუშვეს. ამას “ვოლაბები” მიძალება მოყვა და საქმეში ვიდეო-რეფერის ჩართვა გახდა საჭირო, რომელმაც ეპიზოდი სხვადასხვა კუთხით განიხილა და ლელო ვერ დააფიქსირა. 30-ე წუთზე ბარნსმა წონასწორობა უკვე ჯარიმით აღადგინა, მაგრამ სამიოდე წუთში ფლადმა კვლავ მასპინძლები დააწინაურა. თამაშის განახლებისთანავე დანიელ კეირმა დაკიდებული ბურთი ვერ დაიჭირა, ამით ფიპსმა ისარგებმა, ინგლისელთა ხაზში გაჩენილ ხვრელში გაძვრა და ნიკ კამინსს ლელო გაატანინა.
და მაინც, ტაიმის ბოლო ინგლისელებისა იყო, რომლებმაც სტუმრები საკუთარ ჩათვლის მოედანს მიაჯაჭვეს, მერე ბურთი გაშალეს და მანუ ტუილაგიმ ლელოთი პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 14:11. მეორე ტაიმის საწყის 12 წუთში ბარნსმა ჯარიმით ჯერ წონასწორობა აღადგიბა, მერე კიდევ ორი ზუსტი დარტყმა შეასრულა და ანგარიში 20:14 გახადა ავსტრალიელთა სასარგებლოდ. ინგლისელები რამდენჯერმე იყვნენ ახლოს ლელოს გატანასთან და ერთხელ ამ მიზნით ჯარიმის კარშა დარტყმაზეც თქვეს უარი, მაგრამ მიზანს ვერ უწიეს და 6 ქულის სხვაობით დამარცხდნენ, რითაც ტურნეს შემდეგ რეიტინგში საუკეთესო ოთხეულში მათი მოხვედრა პრაქტიკულად გადაუჭრელ ამოცანად იქცა.
ავსტრალია ევროპულ ტურნეს იტალიასთან გააგრძელებს, რის შემდეგაც უელსი და “ბრიტანელ ლონებთან” სერია ელის, ხოლო ინგლისი სამხრეთ აფრიკას უმასპინძლებს.
ახალ ზელანდიასთან 22:51 დამარცხებული შოტლანდია, ამჯერად ირლანდიის 16:12 მძლეველ სამხრეთ აფრიკას დაუხვდა და მიუხედავად გაბედული თამაშისა, არაეფექტური ქმედებების გამო 10:21 დამარცხდა. აფრიკელებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და პირველ ტაიმში კრეიგ ლეიდლოუსგან მიღებულ ჯარიმას, პეტ ლამბიეს სამი ზუსტი დარტყმით და ადრიაბ შტრაუსის ლელოთი უპასუხეს. შტრაუსმა მეორე ლელო მეორე ნახევრის დასაწყისში გაიტანა და ლამბიემ გარდასახვით უპირატესობა 18 ქულამდე გაზარდა - 21:3. აი, აქ გამოჩნდა სქოთების მამაცობა და დასკვნითმა ნახევარმა საათმა მათი უპირატესობით ჩაიარა. 50-ე წუთზე მასპინძლებმა ლელო-გარდასახვით სხვაობა შეამცირეს და მეტოქე თავის ნახევარს მიაჯაჭვეს, მაგრამ არაეფუქტურად უტევდნენ და ქულა ვეღარ აიღეს, სამხრეთ აფრიკამ კი, წნეხს გაუძლო და მიუხედავად იმისა, რომ თავად ვეღარ შეუტია, შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩა.
იტალიის ნაკრებმა ახალ ზელანდიას პრობლემები მხოლოდ პირველ ტაიმში შეუქმნა, მერე კი, მასპინძელთა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონ და რეიტინგ-ლიდერთან გატყდა. კიარან რიდის ლელოს, აარონ კრუდენის გარდასახვას და ორ ჯარიმას, იტალიელებმა ალბერტო სგარბის ლელოთი და ლუჩიანო ორკუერას გარდასახვით უპასუხეს. სტუმრებმა მასპინძელთა პატივისცემა კიდევ ერთხელ მეორე ტაიმის დასაწყისში დაადასტურეს, როდესაც კრუდენმა ჯარიმა კვლავ დაარტყა, მერე კი, “ოლ ბლექსმა” ჩვეულ სტილში გაილაღა და მაა ნონუმ, კორი ჯეინმა და ჯულიან სავეამ ორჯერ, ერთმანეთზე უკეთესი ლელოები გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი ლელო დასკვნით 12 წუთში გავიდა და მატჩი 42:10 დასრულდა.
მომავალ შაბათს ახალი ზელანდია უელსს ესტუმრება, ხოლო იტალია ავსტრალიას დაუხვდება. გასულ შაბათს კი, კიდევ რამდენიმე ტესტ-მატჩი გაიმართა. უელსში აშშ-ის ნაკრები ტონგას დაუპისრისპირდა და 13:22 დამარცხდა, არადა, ტაიმი ჩრდილოამერიკელებმა 10:5 მოიგეს და მერე 13:5 დაწინაურდნენ, მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში გატყდნენ. ერთა თასზე საქართველოს მეტოქე რუსეთი, იმავე უელსში კანადამ 35:3 გაანადგურა. “დათვების” სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელი ძმები ვალერი და გრიგოლ ცნობილაძე. სამაგიეროდ, ჩილეში 28:22 იმარჯვა პორტუგალიის ნაკრებმა, ხოლო ესპანეთმა ნამიბიას ერთი ქულის სხვაობით, 38:37 აჯობა.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.255314