საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მომავალი მეტოქე ფიჯი, დღეს გამთენიისას თბილისში ჩამოვიდა.
ევროპულ ტურნეზე ფიჯელებმა უკვე ჩაატარეს ორი თამაში. ინგლისთან საწყის 20 წუთში მოპოვებული დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, ქულის აღება ვერ მოახერხეს, მერე ბრიტანელები ამოქმედდნენ და 54:12 იმარჯვეს. ფიჯელებმა ორი ლელო გაიტანეს და ერთი გარდასახვა გამოიყენეს, მაგრამ საერთო სურათი ვერ შეცვალეს. ოკეანელები ორი დღის წინ ირლანდიის “ა” ნაკრებს დაუპირისპირდნენ და იქ უკვე პირწმინდად, 0:53 დამარცხდნენ.
ფიჯელთა დელეგაცია 35-კაციანია. მათი მენეჯერის, რიკო უვას თქმით, ისინი ძლიერ მეტოქესთან სათამაშოდ ჩამოვიდნენ და მიუხედავად ორი მარცხისა, დანავსული სერიის შეწყვეტას საქართველოში ეცდებიან.
“ბედნიერები ვართ, რომ საქართველოში ვიმყოფებით. აქ კარგ, ძლიერ მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ ჩამოვედით. იმედია, თამაშის დღეს კარგი ამინდი იქნება და მაყურებელიც ისიამოვნებს”, - თქვა უვამ.
ფიჯელებს აეროპორტში საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენლები დახვდნენ და ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ნონო ანდღულაძემ მოწინააღმდეგეც შეაფასა: “ფიჯის ნაკრები ცნობილია თამაშის უნიკალური სტილით, ისინი უპირატესობას სანახაობრივ რაგბს ანიჭებენ და არიან 7-კაცა რაგბში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები. კარგი სანახაობრივი თამაში იქნება და ჩვენი გუნდი მაქსიმუმს გააკეთებს გამარჯვების მოსაპოვებლად. პირველი წაგების შემდეგ, ქართველი მორაგბეები ყველაფერს გააკეთებენ, რათა მაყურებელი გამარჯვებით გაახარონ”.
საქართველოსა და ფიჯის ნაკრების მატჩი 24 ნოემბერს 15 საათზე “მიხეილ მესხზე” დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 და 10 ლარი იქნება. შეგახსენებთ, გასულ შაბათს საქართველოს ნაკრები “იაპონიასთან” ბოლო წამზე გაშვებული არეკნით 22:25 დამარცხდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია