ამბები

15:27 | 19.11.2012 | ნანახია 1189 - ჯერ

Pro D2 სვლას განაგრძობს

მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში სანაკრებო ტესტ-მატჩები მიმდინარეობს, საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტური დივიზიონი Pro D2  თავისი გზით განაგრძობს სვლას. გასულ უქმეებზე XI ტურის თამაშები გაიმართა და მასში იმ ქართველმა ლეგიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც ეროვნულ გუნდში არ არიან გამოძახებულნი.
Top 14-იდან გასული სეზონის შედეგების მიხედვით დაქვეითებულმა “ბრივმა” “კოლომიეს” უმასპინძლა, მეტოქეს სამი უპასუხო ლელო გაუტანა, 33:12 დაამარცხა და აქტივს 5 ქულა შემატა. ახლა მას ჯამში 34 ქულა გაუხდა და მეშვიდედან ერთბაშად მეორე ადგილზე ისკუპა. დავით ხინჩაგიშვილი და ირაკლი ნატრიაშვილი ამ დროს თბილისში იაპობიის ნაკრების წინააღმდეგობის დაძლევას ცდილობდნენ, ხოლო გიდერძი შველიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 56 წუთი ითამაშა. შეგახსენებთ, Pro D2 -ის გამარჯვებული Top 14-ის საგზურს პირდაპირ იღებს, ხოლო მეორე საშვისთვის მეორე-მეხუთეადგილოსნები პლეი ოფში იბრძვიან.
ამ ეტაპზე ცხრილის სათავეში 44 ქულით “უაიონაა”, რომელიც ერთ-ერთ კონკურენტს, გურამ კავთიძის “ლიონს” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 33:31 დაამარცხა. არადა, მასპინძლები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ანგარიში სტუმრებმა ლელოთი გახსნეს და გარდასახვაც გამოიყენეს. მასპინძლებმა ლელოთი მე-18 წუთზე უპასუხეს, მაგრამ 30-ე წუთამდე ორი ჯარიმა გაუშვეს. სამაგიეროდ, შესვენებამდე მათ 5 წუთის ინტერვალში სამი ჯარიმა გაიტანეს და შესვენებაზე ერთქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 14:13.
მეორე ტაიმის დასაწყისში “ლიონმა” ჯერ ჯარიმით, მერე კი ლელო-გარდასახვით, უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა, მაგრამ 53-ე წუთზე ლელო-გარდასახვა თავადაც გაუშვა. 63-ე წუთზე მასპინძლებმა 11-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნეს, მაგრამ ჯერ ორი ჯარიმა მიიღეს, ხოლო 78-ე წუთზე ლელო გაუშვეს, გარდასახვაც ზუსტი იყო და საბოლოო შედეგიც დაფიქსირდა - 31:33. კავთიძე მოედანზე ბოლოსღა, 79-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ ჩარხის უკან შემოტრიალება ვეღარ მოახერხა. “ლიონი” ქულას დასჯერდა და ჯამური 32 ქულით მე-6 ადგილზეა.
ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და პოზიციები გაიმყარა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა”, რომელმაც “ოშს” სტუმრად კაცნაკლულმა 17:16 აჯობა და 33 ქულით მე-5 ადგილზე რჩება. ნემსაძე ეროვნული გუნდის მაისურით თამაშობდა, ჩხაიძე ტრავმირებულია, მირცხულავა განაცხადში არ იყო, ხოლო დადუნაშვილი შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა. რეფერიმ 34-ე წუთზე ორივე გუნდის თითო მორაგბე წითელი ბარათით გააძევა. ამ დროს ანგარიში 13:3 იყო და ტაიმიც ასე მორჩა. მეორე ნახევრის დასაწყისში სტუმრებმა ლელო გაიტანეს, გარდასახვა - ვერა, მაგრამ ერთ წუთში ჯარიმა გაიტანეს და ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ 51-ე წუთზე კიდევ ერთმა მორაგბემ მიიღო წითელი ბარათი და კაცნაკლულნი დარჩნენ. ამას ისიც დაერთო, რომ “ოშმა” 64-ე წუთზე არეკნი გაიტანა, მაგრამ კაცნაკლული “ტარბი” არ დანებდა და 70-ეზე ჯარიმით სხვაობა შეამცირა, ხოლო 76-ეზე გამარჯვება მოიპოვა.
ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი”, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელის (დათუნაშვილი) გარეშე “პოსთან” სტუმრად 11:22 დამარცხდა. ასეიშვილი და ნაცარაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ - პირველი 53-ე, ხოლო მეორე 75-ე წუთზე შეცვალეს. “პომ” თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ტაიმი 12:3 მოიგო, მერე 22:6 იგებდა და “ორიაკმა” არაფრისმომტანი ლელო ბოლოსღა გაიტანა. მას 29 ქულა დარჩა და მე-7 ადგილზეა.
ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი” მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა “ნარბონთან” სტუმრად 15:18 წაგებულ შეხვედრაში. მაისურაძე და თოდუა ნაკრებში არიან, ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ კობერიძე იყო და პირველიდან 43-ე წუთამდე ითამაშა. 25-ე წუთისთვის სტუმრები 10:6 იგებდნენ, მაგრამ ტაიმი 10:12 დათმეს, მერე მეტოქეს 8 ქულით ჩამორჩნენ და 77-ე წუთზე გატანილი ლელოთი მხოლოდ ჩამორჩენა შეამცირეს. “ალბი” 27 ქულით მე-9 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
ბექა შეყლაშვილის გარეშე დაუხვდა “ბეზიე” “კარკასონს” და ისიც მხოლოდ ქულას დასჯერდა - 10:14. “ბეზიეს” 15 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა. 19:28 დამარცხდა “ექს-ან-პროვანსთან” ტარიელ რატიანიძის “დაქსი” და პრემიალური ქულაც ვერ აიღო. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65 წუთი ითამაშა, ხოლო მისი გუნდი 16 ქულით მე-13 ადგილზეა. დამარცხდა დავით აშვეთიასა და შალვა სუთიაშვილის “მასიც”, რომელიც ერთ-ერთ ლიდერ “ლა როშელს” მასპინძლობდა და მხოლოდ პრემიალური ქულა ჩაიწერა. სუთიაშვილი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, ხოლო აშვეთიამ პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა. “მასი” 52-ე წუთისთვის 15:13 იგებდა, მაგრამ მერე ორი ჯარიმა გაუშვა და 15:19 დამარცხდა. მას 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.
Pro D2 -ის მომდევნო ტურის მატჩები 24-25 ნოემბერს გაიმართება.
 

 

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085398