საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიასთან ბოლო წამზე გაშვებული არეკნის გამო განცდილი მარცხის შედეგად 1,2 სარეიტინგო ქულა დაკარგა და მე-16 ადგილი აშშ-ს დაუთმო. მართალია, ტონგასთან ჯახში აშშ-იც დამარცხდა (13:22), მაგრამ მათი დანაკლისი იმდენად მწირი იყო, რომ “ბორჯღალოსანთა” მოსატოვებლად მაინც საკმარისი აღმოჩნდა. მცირე მატებამ წინსვლა ვერ მოუტანა ტონგასაც.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო თასის კენჭისყრამდე სულ ორი კვირა რჩება და ამ კუთხით დეკემბრის დასაწყისისთვის დაფიქსირებულ რეიტინგს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ 12 გუნდისთვის, რომლებმაც 2011 წლის მსოფლიო თასის შედეგების მიხედვით ინგლისის საგზური უკვე გაინაღდეს.
ამ კუთხით ძალზედ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სამოას ნაკრების მიერ კარდიფში უელსის 26:19 დამარცხება. ექვსი ერის მოქმედმა გამარჯვებულმა ამ მარცხით 1,65 ქულა დაკარგა და ერთბაშად ორი საფეხურით დაქვეითდა. მას გადაასწრო არგენტინამ, რომლის დანაკლისმაც საფრანგეთთან 22:39 მარცხის მიუხედავად მხოლოდ 0,41 ქულა დაკარგა. უელსს გადაასწრო ირლანდიამაც, რომელსაც გასულ კვირას ეროვნულ დონეზე არ უთამაშია, ხოლო0 სამოამ შოტლანდია მოიტოვა და მე-9 ადგილამდე აღზევდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ის ახლა უელსს მხოლოდ 0,16 ქულით ჩამორჩება და 5 დეკემბრისთვის შესაძლოა ისე მოხდეს, რომ სამოა საუკეთესო რვა გუნდში შევიდეს და შესაბამისად, განთესილთა მეორე კალათაში მოხვდეს.
მოწინავე ხუთეულში არაფერი შეცვლილა. ზელანდიამ იტალია 42:10 კი გაანადგურა, მაგრამ ამით რეიტინგს ვერაფერი შესძინა და არც იტალიას დაუკარგავს რამე. სამხრეთ აფრიკამ შოტლანდიის 21:10 დამარცხებით 0,55 ქულა მიიღო და კვლავაც მეორე ადგილზე რჩება, ხოლო შოტლანდიამ ერთი ადგილით უკან დაიწია და ეს უფრო სამოემლთა წარმატებამ განაპირობა, ვიდრე მათმა მარცხმა. ავსტრალიამ თვიქნემზე ინგლისის 20:14 დამარცხებით 1,12 ქულა მიიღო და მესამე ადგილზე გამაგრდა, ხოლო საფრანგეთს მცირედმა ნამატმა (0,41) მეოთხე ადგილი შეანარჩუნება და ის ისევ რეიტინგ ლიდერია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდებს შორის. ინგლისმა სარეიტინგო ქულები კი დაკარგა, მაგრამ მისი მე-5 პოზიცია ჯერჯერობით ხელშეუხებელია.
ამრიგად, ხვალ რომ მსოფლიო თასის კენჭისყრა იყოს, პირველ კალათაში ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია და საფრანგეთი მოხვდებოდნენ, ანუ, ისინი ერთმანეთს მინიმუმ მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდებოდნენ. მეორე კალათაში ინგლისი, არგენტინა, ირლანდია და უელსი განთავსდებოდნენ, ხოლო მესამეში სამოა, შოტლანდია, იტალია და ტონგა.
გასულ შაბათს ჩილე 28:22 დაამარცხა და სამი საფეხურით დაწინაურდა პორტუგალიის ნაკრები, რომელმაც ამ ორ კვირაში უკვე 6 საფეხურით წინ წაიწია და ახლა 21-ე ადგილზეა. ნამიბიას ძლევით 1,46 ქულა მიიღი ესპანეთმა, რომელიც მე-19 ადგილზე რჩება, მაგრამ რუმინეთს უკვე სულ ცოტათი ჩამორჩება.
მიმდინარე კვირის ბოლოს ტესტ-მატჩები კვლავაც მრავლადაა დანიშნული და შესაბამისად, რეიტინგშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება. საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს ფიჯის მასპინძლობს და ამ თამაშის მოგებით დაკარგული პოზიციის დაბრუნება შეეძლება.
რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 19 ნოემბრისთვის
1 (1). ახალი ზელანდია 92,91
2 (2). სამხრეთ აფრიკა 86,05
3 (3). ავსტრალია 85,94
4 (4). საფრანგეთი 84,99
5 (5). ინგლისი 81,96
6 (7). არგენტინა 79,89
7 (8). ირლანდია 79,04
8 (6). უელსი 78,95
9 (10). სამოა 78,79
10 (9). შოტლანდია 77,42
11 (11). იტალია 76,61
12 (12). ტონგა 74,51
13 (13). კანადა 71,41
14 (14). ფიჯი 70,60
15 (15). იაპონია 70,09
16 (17). აშშ 66,86
17 (16). საქართველო 66,75
18 (18). რუმინეთი 63,58
19 (19). ესპანეთი 63,09
20 (20). რუსეთი 61,49
21 (24). პორტუგალია 59,63
22 (22). ურუგვაი 59,37
23 (23). ბელგია 59,17
24 (21). ნამიბია 58,45
25 (25). ჩილე 57,02
26 (26). პოლონეთი 56,91
27 (27). კორეა 56,72
28 (28). ჰონკონგი 55,49
29 (30). გერმანია 54,52
30 (29). ზიმბაბვე 54,03
31 (31). უკრაინა 53,80
32 (32). მაროკო 52,35
33 (33). ბრაზილია 52,18
34 ...
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია