სანაკრები ტესტ-მატჩების პარალელურად, საფრანგეთის რანგით მესამე, ნახევრადპროფესიული “ფედერალ 1” თავის გზით განაგრძობს სვლას. გუნდებმა რეგულარული პირველობის თითქმის ნახევარი, რვა ტური მოილიეს (სულ 18 ტურია) და უკვე გამოიკვეთა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც გაზაფხულზე პლეი ოფში გააგრძელებენ Pro D2-ის საგზურისთვის ბრძოლას. სამწუხაროდ, ქართველ ლეგიონერთა გუნდები ჯერჯერობით დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნიან.
I ჯგუფში ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონი” უშუალო კონკურენტ “ლილს” ეწვია და 21:43 დამარცხდა, თანაც, მეტოქე პრემიალური ქულაც გაატანა. სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ მელიქიძე იყო, რომელიც სინბინით 48-ე წუთზე დაისაჯა და ათწუთიანი სასჯელის გასვლის შემდეგ, მოედანზე აღარ დაბრუნებულა, ხოლო კოპალიანს არ უთამაშია. მიუხედავად მარცხისა, “მაკონი” 23 ქულით მესამე ადგილს და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
დამარცხდა, მაგრამ 21 ქულით მე-4 ადგილი შეინარჩუნა ზერო პეტრიაშვილის “ვიენმა”, რომელიც ჯგუფის ლიდერ “ბრესანს” სტუმრობდა. პირველ ტაიმში სრუმრებმა სამი ჯარიმა გაიტანეს და ექვსი გაუშვეს. პეტრიაშვილი თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთო და ამ დროს მისი გუნდი 12:25 აგებდა, საბოლოოდ კი, 15:35 დამარცხდა. რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძოს “მონლიუსონმა” გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონს” უმასპინძლა და სეზონის მეორე გამარჯვება მოიპოვა - 24:16. გიგაური საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, ყუფარაძე თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო ჯაშიტაშვილმა მოედანზე საწყისი 40 წუთი გაატარა. “მონლიუსონი” 11 ქულით კვლავაც ბოლოსწინა მე-9 ადგილზე რჩება, ხოლო “შალონი” 16 ქულით მე-6 საფეხურამდე დაქვეითდა.
გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენმა” “ბობინს” 22:16 სძლია, მაგრამ წინ ვერც მან წაიწია. ქართველთა გუნდი 15 ქულით მე-8 ადგილზეა, განვლილ მატჩში კი, ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ზედიზედ მერვე თამაში დათმო და კინკილა ქულით კვლავაც ბოლო ადგილზეა გიორგი სულუაშვილის “სტრასბური”, რომელსაც “დიჟონმა” 40:16 აჯობა. ქართველი პირველხაზელი თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო.
II ჯგუფში ქართველი ლეგიონერების ოთხი გუნდიდან მხოლოდ ერთმა იმარჯვა და ისიც ქართულ დერბიში. თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნა” ირაკლი ნინიძის “რომანს” დაუხვდა და მას მინიმალური სხვაობით, 12:11 აჯობა. მასპინძელთა შემადგენლობაში შუამარბად შეუცვლელად ითამაშა ურჯუკაშვილმა, გელანტია განაცხადში იყო, ხოლო ნინიძე სტუმართა რიგებში 54-ე წუთზე გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გუნდები ქულები მხოლოდ 49-ე წუთამდე აგროვეს და ბოლო ნახევარი საათი უშედეგოდ გაისარჯნენ. “ობნა” 17 ქულით მე-5 ადგილამდე აღზევდა, ხოლო “რომანს” 16 ქულა აქვს და ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.
დავით კაჭარავას “როდეზი”, ქართველი ლეგიონერის გარეშე 26:30 დამარცხდა “ვალანსთან” 16 ქულით მე-8 ადგილზეა. სტუმრად “ბლანიაკთან” 3:35 შერცხვა გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი”, რომელიც 14 ქულით ბოლო ადგილზეა. ქართველ ლეგიონერს განვლილ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
III ჯგუფში ქართველ ლეგიონერთა გუნდებს შედარებით კარგად მისდით საქმე. ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერი”, რომელმაც “ვანს” 38:18 მოუგო და პრემიალური ქულაც აიღო, 33 ქულით მეორე ადგილზეა და თუ სასწაული არ მოხდა, პლეი ოფშიც ითამაშებს. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. 25 ქულით მესამე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის “პერიგო”, რომლის გუნდმაც “სენ-ჟან-დე-ლიუზს” სტუმრად 22:21 მოუგო. ქართველი ლეგიონერი ნაკრებშია გამოძახებული.
ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის “მარმანდი” სტუმრად 6:37 დამარცხდა ჯგუფის ლიდერ “ტიროსთან” და 11 ქულით მე-8 ადგილზეა. “სენ-ჟან-დანჟელთან” 15:21 დამარცხდა და 9 ქულით მე-9 ადგილზეა გაჩეჩილაძის “აჟეტმო”. სამწუხაროდ, ამ თამაშების სტატისტიკური მონაცემები ჯერ კლუბების საიტებზეც არ განთავსებულა ვერ გეტყვით ჩვენებურებმა რამდენი წუთი ითამაშეს.
IV ჯგუფში ქართველთა დერბი გაიმართა და ის მერაბ კვირიკაშვილის გარეშე დარჩენილი “სენ-ჟუნიანის” მარცხით დასრულდა. ამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი მჭედლიშვილი, რომელმაც 36-ე წუთზე უბურთო მოწინააღმდეგის შუბური ბოჭვისათვის რეფერისგან პირდაპირ წითელი ბარათი დაიმსახურა. ამ გუნდს ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერმა” აჯობა - 21:3. ოირვე ქართველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მაისურაძემ 50, ხოლო მალაღურაძემ 72 წუთი ითამაშა.
პირველ ტაიმში სტუმართა ერთ ჯარიმას მალაღურაძემ ორით უპასუხა - 6:3. 46-ე წუთზე მან მესამე ჯარიმაც გაიტანა, მე-60 წუთზე ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში “ბანიერმა” დერეფბის შემდეგ მოლი დააყენა, მერე მას ერთი მორაგბე მოწყდა და ლელო გავიდა, მალაღურაძის გარდასახვა არაზუსტი იყო, 72-ე წუთზე კი, 5-მეტრა დერეფნიდან ბურთი ხაზზე გავიდა, მალაღურაძემ შეუტია, ორი მცველი მიიზიდა და ლელო ძელებსშუა თანაგუნდელს გაატანინა, გარდასახვით კი, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
“ბანიერისთვის” ეს ზედიზედ მეორე მოგება იყო და ის 15 ქულით მე-7 ადგილამდე დაწინაურდა, ხოლო “სენ-ჟუნიანს” 10 ქულა დარჩა და ბოლო საფეხურზეა. “ფედერალ 1”-ის მომდევნი ტური 25 ნოემბერს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია